ივლისის წიწილები

AutoSharing Option
როგორ ფიქრობთ, რატომ ითვლიან წიწილებს მაინცდამაინც შემოდგომით? იმიტომ, რომ ქათამი უმეტესად ზამთრის გასვლის შემდეგ კრუხდება, გაზაფხულის პატარა წიწილებმა შემოდგომამდე თუ გაძლეს, მათ ვეღარც ქორი მოერევა და ვეღარც კატა შეაშინებს...
ახალშეკრებილ საქართველოს ნაკრებს ივლისში ჯერ უნგრეთმა გაჰკრა კბილი, შემდეგ - სლოვაკეთმა. თბილისის ტურნირისთვის გუნდი ცოტა გაიზარდა და მას ვერც რუმინეთი მოერია, ვერც ბელარუსი და ვერც უკრაინა. რადგან ოფიციალურ მატჩებამდე ნაკრები აღარ თამაშობს, ივლისის წიწილების დათვლაც შეიძლება. შევეხებით როგორც საკალათბურთო, ისე მოედნისმიღმა საკითხებს, ჩვენს მსჯელობას კი კალათბურთელთა საერთო მონაგარით "შევალამაზებთ".

ჯერ ჩამოვთვალოთ უარყოფითი

მოვლენები (მუქი შრიფტით შემოგთავაზებთ), შემდეგ მათ ახსნას შევეცადოთ.

***

ორჯერ წავაგეთ უნგრეთთან, ერთხელ სლოვაკეთთან...

უნგრეთის ნაკრებს ქართველებთან დაპირისპირებამდე 3 საკონტროლო შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული. ჩვენი გუნდი კი მანამდე ფიზიკურად ემზადებოდა და ბურთთან გაშინაურებული ჯერ არ იყო. წაგების მთავარი მიზეზი ეს უნდა ყოფილიყო.
სლოვაკეთთან კი მწვრთნელებმა 14 კალათბურთელი ათამაშეს. ლიდერები დაასვენეს და წინასწარვე ცხადი იყო, რომ დადებითი შედეგის მიღწევა გაძნელდებოდა.

თბილისის ტურნირის სამივე მატჩში ქართველებმა საწყის 30 წუთში მიღწეული უპირატესობა ბოლო რაუნდში გაანიავეს...

...არადა, გასული სეზონის, ოფიციალურ მატჩებში მსგავსი ჩავარდნები არ დაფიქსირებულა. მოდუნების მიზეზი შეიძლება კონცენტრაციის ნაკლებობა ყოფილიყო (რაც საკონტროლო შეხვედრებში უცხო არ არის), შეიძლება – ფიზმომზადებისა: ბრალი ყოფილიყო როცა გუნდის თავკაცი საწვრთნელ პროცესს იწყებს, წინასწარ გათვლილი აქვს, რამდენ დღეში უნდა მიაღწიოს გუნდმა ოპტიმალურ ფორმამას. იგორ კოკოშკოვმა ნაკრების კალათბურთელები ივლისის დასაწყისში გვარიანად დატვირთა, რისი შედეგიც აგვისტოს დასაწყისში უნდა "მოიმკოს". აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ კალათბურთელებს 23-25 ივლისს ენერგია ბოლო წუთებამდე არ ჰყოფნიდათ. იმედი დავიტოვოთ, რომ ჩემი მოსაზრება რეალობასთან ახლოსაა და 2 აგვისტოს გუნდი ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება.

რადგან ფარქვეშ ვერაფერს გახდნენ, ბელარუსმა და რუმინეთმა აქცენტი პერიმეტრიდან ტყორცნებზე გადაიტანეს, მეორე ტაიმში იგივე გაიმეორა უკრაინამ. შესაბამისად, გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრების დაცვის უკანა ხაზში ყველაფერი წესრიგში არ არის.
ნაკრების მეორე მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სიტყვა "შედუღება" გამოიყენა: ვლადიმერ ბოისა დაცვაში ყველაფერს ადუღებდაო...

ვოვა უკანა და წინა ხაზებს ერთმანეთთან აკავშირებდა, აზღვევდა როგორც ცენტრებს, ასევე პერიმეტრის მოთამაშეებს. ამიტომ გასაკვირი არ იყო, რომ შეტევისთვის ნაკლებად იცლიდა. მუხლის ტრავმის გამო ბოისა წლეულს ნაკრებს ვერ დაეხმარება. ამიტომ დაცვაში იმაზე მეტი პრობლემაა, ვიდრე გასულ სეზონში იყო... თუმცა არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ 2009 წლის შემდეგ გუნდში გამოჩნდნენ მანუჩარ მარკოიშვილი (დაცვაში მოთამაშე ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელი) და თორნიკე შენგელია, რომელიც მხარ-ბეჭით, კუნთებით თუ აზროვნებით ვოვა ბოისას არ ჩამოუვარდება. ახლა მთავარია, მათ სხვა კალათბურთელებთან ერთად დაცვაში მწყობრი თამაში გამოუვიდეთ... თუ ეს მოახერხეს, გუნდს არც ბოისას არყოფნა დაეტყობა და არც ტაირონ ელისის.

ბოისას და ელისს ოფიციალურ მატჩებში ღირსეული შემცვლელები ეყოლებათ? - ეს კითხვა ბევრს აფიქრებს.

ზემოთ მოგახსენეთ, რომ ვოვას ადგილი 18 წლის თორნიკე შენგელიამ დაიკავა, რომლის იმედი მწვრთნელსაც აქვს და ჩვენც. იგი ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იგორ კოკოშკოვს შემთხვევით არ ჩაუწერია. მწვრთნელმა კარგად იცის, რომ თორნიკე "ვალენსიას" ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს, ხოლო 2009 წლის ზამთარში ესპანეთის ჩემპიონატზე 10-15 წუთი თამაშობდა. თორნიკემ მადრიდის "რეალთან" მატჩი სულაც სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ასე რომ, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, შენგელიას საკმარისი გამოცდილება აქვს. გასაკვირი ისაა, მას კოკოშკოვი 2009 წელს რატომ არ ათამაშებდა...

ტაირონ ელისის შემცვლელად ჩამოვიდა ტორინ გრინი, რომელიც ელისის პოზიციაზე, მეორე ნომრადაც თამაშობს. მაგრამ ტაირონის საქმეს უფრო მანუჩარ მარკოიშვილი აკეთებს - თითო მატჩში მინიმუმ 3 სამქულიანს აგდებს. გრინი შემადგენლობის ვარირებისთვის კარგი ვარიანტია - გამთამაშებლობაც შეუძლია, მსროლელობაც, ფარქვეშ თევზივით შესხლტომაც და უილიამსივით მოედნის ცენტრიდან ჩაგდებაც. ასე რომ, ბოისას და ელისს ღირსეული შემცვლელები გამოუჩნდნენ. ახლა მთავარია, მათ გუნდთან სათანადოდ შეთამაშება მოასწრონ.

გიორგი ცინცაძე 2008-09 წლებში B დივიზიონის საუკეთესო მეპასე გახდა, ხოლო ვიქტორ სანიკიძე საუკეთესო მომხსნელი... თბილისის ტურნირზე ისინი ერთგვარად ჩრდილში იყვნენ.

ვიქტორმა 3 მატჩში (77 წუთში) 17 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ცინცაძემ 3 შეხვედრაში (35 წუთში) 3 პასი და 11 ქულა მოინაგრა.
მათ დაბალ შედეგიანობას ერთი მიზეზი აქვს - ტრავმები. ბუს კოჭი აწუხებდა და მეორე ტაიმში მწვრთნელი ყოველთვის ასვენებდა.

ვიქტორმა კუნთის ტრავმა უნგრეთთან მატჩამდე მოიშუშა და მას მერე ფორმაში შესვლას ცდილობს.

ექიმების თქმით, ცინცაძის ტრავმა საგანგაშო არ არის. თუ ის და სანიკიძე 2 აგვისტოს საბრძოლო ფორმაში შეხვდნენ, დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, ერთი-ორად ეფექტურები იქნებიან...

არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ იგორ კოკოშკოვმა მათი თამაში მომავალ მეტოქეებს დაუმალა.

ზაზა ფაჩულიასაც მუხლის მცირე ტრავმა ჰქონდა, თუმცა ბოლო ორ მატჩში სრული დატვირთვით ითამაშა. მან თბილისის ტურნირზე 22-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, რაც დაბალი მაჩვენებელია...

როგორც ჩანს, ოპტიმალურ ფორმამდე ზაზასაც უკლია. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი სუსტ და ძლიერ მოწინააღმდეგეებთან სხვადასხვაგვარი განწყობით თამაშობს. პოლონეთის ნაკრების ცენტრ მარცინ გორტატთან სათამაშოდ ზაზა გაორმაგებული მობილიზებით და ენერგიით გავა. შესაბამისად, სროლის სიზუსტემაც უნდა მოიმატოს და მისმა სიხისტემაც - NBA-ს პლეი ოფში ფაჩულიას იდაყვით არაერთი კალათბურთელი დაშავდა (თუმცა განზრახ არავისთვის ჩაურტყამს). ზაზას ჯარიმებისაც არ უნდა შეეშინდეს, რადგან ზურგსუკან საიმედო ცენტრი ჰყავს - გიორგი შერმადინი.

- ნიკა ცქიტიშვილი 215 სმ სიმაღლისაა, მისი მხოლოდ სამქულიანების მტყორცნელად გამოყენება არ შეიძლება, - თქვა ტელეეთერში ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

ნიკა ფარქვეშ შარშანაც იშვიათად შედიოდა და თბილისურ ტურნირზეც (სულ 3 ორქულიანი ისროლა და 1 ჩააგდო). ვფიქრობთ, ნიკამაც მეტად უნდა იაქტიუროს და მწვრთნელებმაც დაავალონ - მას ხომ შესანიშნავად შეუძლია სისწრაფეზე კაცის მოტყუება, მითუმეტეს ფარქვეშ.

მოკლედ, ჩვენზე უკეთ ამ უარყოფით ნიუანსებს მწვრთნელები ხედავენ და იმედია, 2 აგვისტომდე გუნდი ნაკლოვანებათა უმეტესობას აღმოფხვრის. ბოლოს კი არასათამაშო დეტალებს შევეხებით...

***

ბილეთის ფასი 10-15 ლარი იქნება. ერთი შეხედვით, ეს ნამეტანი ძვირი არ არის. შეიძლება, ფასთან შედარებით სამჯერ მეტად ღირებული სანახაობა ვიხილოთ... თუმცა, როცა თვეში ოთხი მატჩი ტარდება, 60 ლარი უკვე ბევრია. როგორია, 200 ან 300-ლარიანი ხელფასიდან 40-60 ლარის ერთბაშად გამოკლება. თუმცა ამ საკითხზე მხოლოდ მსჯელობა შეიძლება - არაფერი შეიცვლება.

გუშინ ევროპის 2005 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩი ვნახე - სერბეთი-საფრანგეთი (სხვათა შორის, სერბთა სამწვრთნელო შტაბში იგორ კოკოშკოვიც იყო). წუთშესვენებებისას სერბული მუსიკა ჟღერდა და გამოდიოდნენ თეთრებში გამოწყობილი მოცეკვავეები. სწორედ მაშინ გამახსენდა, რომ თბილისურმა ტურნირმა მოცეკვავეების გარეშე ჩაიარა. არადა, "ვერნისაჟის" გოგონები საერთაშორისო საკალათბურთო სტანდარტებს ნამდვილად შეესაბამებიან. იმედი დავიტოვოთ, რომ აგვისტოში ნაკრების მაღალი დონის თამაშს შესაბამისი დონის მოცეკვავეები დაამშვენებენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მატჩების ორგანიზატორებთან რაიმე პრეტენზია გვაქვს, მათ სათანადოდ იზრუნეს თბილისური შეჯიბრების მაღალ დონეზე ჩასატარებლად.

ბელარუსთან მატჩისას ერთ ეპიზოდში გამეორების ხილვა აუცილებელი იყო. პრესლოჟაში კისერი წავიგრძელე და ტელეკომენტატორების წინ მდგარ ტელევიზორს მივაშტერდი, თუმცა გამეორება ვერ ვნახე. როგორც აღმოჩნდა, რეპორტაჟისას არაფერს იმეორებენ. არც ეს გვეკადრება ევროპის ჩემპიონატის საგზურის მაძიებლებს.

შეჯიბრების მსვლელობისას უკრაინელები ქართველ მსაჯზე გაბრაზდნენ, ხოლო რუმინელები - უკრაინელ არბიტრზე. შეიძლება, მსაჯები იმ ეპიზოდებში სწორადაც მოიქცნენ, მაგრამ, როცა შენს თამაშს მოწინააღმდეგის თანამემამულე არბიტრი სჯის, შინაგანად უთანასწორობის გრძნობა გიჩნდება. ვფიქრობ, მომავლისთვის კარგი იქნება, თუ საერთაშორისო ტურნირისთვის 2 მსაჯს უცხოეთიდან მოიწვევენ და თანამემამულეთა განსჯა არავის მოუწევს.

ბოლოს თბილისურ ტურნირზე საქართველოს ნაკრების კალათბურთელების ჯამურ სტატისტიკას შემოგთავაზებთ.

მოთამაშე თ წთ 2ქ 3ქ 1ქ მ პ ფ შ ჩ დ ქ ქ. საშ
ლაშა გამყრელიძე 3 45 1/1 0/2 3/10 4 2 1 4 6 0 5 1.7
ზაზა ფაჩულია 2 54 6/22 0/1 19/26 15 6 7 3 5 1 31 15.5
გიორგი ცინცაძე 3 35 3/6 1/5 2/2 1 3 6 6 3 0 11 3.7
გიორგი შერმადინი 3 57 9/16 0 7/10 18 0 7 2 1 2 25 8.3
კოტე ტუღუში 3 12 0 0/2 0 1 1 3 1 0 0 0 0
მანუჩარ მარკოიშვილი 3 79 8/13 9/19 6/6 8 7 4 6 5 0 49 16.3
ვიქტორ სანიკიძე 3 77 2/10 4/8 1/2 20 13 4 11 4 4 17 5.7
ქუინტონ ჰოსლი 3 37 2/7 0/3 0 5 1 2 4 3 1 4 1.3
ტორინ გრინი 3 78 3/7 5/14 9/15 10 10 5 9 4 0 29 9.7
ნიკა ცქიტიშვილი 3 58 1/3 6/17 7/8 11 2 0 2 0 0 27 9.0
თორნიკე შენგელია 3 59 10/14 1/4 4/6 15 2 3 2 5 1 27 9.0
ნიკა მეტრეველი 1 6 3/4 0 0 3 0 1 0 0 0 6 6.0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული