ვიქტორ სანიკიძე: საგრძნობი პროგრესი გვაქვს!

AutoSharing Option
ეროვნული გუნდის მწვრთნელად იგორ კოკოშკოვის დანიშვნის შემდეგ ტრადიციად დამკვიდრდა - ყოველი ოფიციალური მატჩის წინ ნაკრები ღია ვარჯიშს მართავს. გუნდის პირველი ოფიციალური შეხვედრა 2 აგვისტოსაა დაგეგმილი. მანამმდე, ორი დღით ადრე მწვრთნელმა მედიელები სპორტის სასახლეში დაგვიბარა და პოლონეთთან მატჩისწინა ამბებზე გვესაუბრა. იგორ კოკოშკოვის ინტერვიუს ამავე გვერდზე შემოგთავაზებთ, აქ კი ზოგად შთაბეჭდილებას გაგაცნობთ.

ღია ვარჯიში 18 საათზე დაიწყო და მასში ყველა კალათბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ჩვეულად ვარჯიშობდა გიორგი ცინცაძე, რომელსაც თბილისური ტურნირის პირველ დღეს ფეხი გადაუბრუნდა, ხოლო უკრაინასთან მატჩში სახეში ხელი მოხვდა და ექიმების
დახმარება დასჭირდა...

"თავს კარგად ვგრძნობ, კოჭი თითქმის აღარ მაწუხებს, უკრაინასთან მიღებული ტრავმაც უკვე წარსულს ჩაბარდა. პოლონეთთან მატჩისთვის მონდომებით ვემზადებით, მეტოქეს ისეთი შემადგენლობა არ ჰყავს, რომლის ძლევა არ შეიძლებოდეს. ამისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო", - აღნიშნა გიორგი ცინცაძემ.

იგორ კოკოშკოვმა დაგვამშვიდა - ყველა კალათბურთელი ჯანმრთელადაა და პოლონეთთან მატჩისთვის მზად არიანო.
ნაკრების ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ დასძინა, რომ გუნდი დღითიდღე უმატებს და აგვისტოს დასაწყისისთვის ნორმალურ ფორმაში იქნება:

"ცხადია, რომ ივლისის დასაწყისიდან დღემდე გუნდმა საგრძნობი პროგრესი განიცადა. გარდა იმისა, რომ ფორმაში შევდივართ, შეთამაშების მხრივაც კარგი შედეგები გვაქვს. ამ საქმეში თბილისის ტურნირიც ძალიან დაგვეხმარა. 2 აგვისტოს მაქსიმალურად მობილიზებულები ვხვდებით. პოლონეთთან მნიშვნელოვანი მატჩი გველის".
ამის შემდეგ იგორ კოკოშკოვს ველაპარაკეთ, ნახევარ საათში კი მედიელთათვის ვარჯიში დაიხურა და კალათბურთელები კომბინაციების დამუშავებას შეუდგნენ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული