გადავწყვიტეთ, ლიტვური ვოიაჟი ჩვენი მკითხველისთვისაც მოგვეწყო, გაგვეცნო როგორც ქალაქი კლაიპედა, ასევე მისი არენა და სასტუმრო, სადაც საქართველოს ნაკრები დაბინავდება. ამასთან, მკითხველს დააინტერესებს ქართველი გულშემატკივრებისთვის წინასწარ განსაზღვრული ადგილები ტრიბუნებზე.
კლაიპედა
საქართველოში ვიზიტისას ევროპის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა გვითხრეს - გაგიმართლათ, საქართველოს ნაკრებს კლაიპედაში რომ უწევს თამაშიო. მათ მიგვახვედრეს, რომ ჩვენს გულშემატკივრებსა და კალათბურთელებს ლამაზ ქალაქში მოუწევთ ცხოვრება
შესაბამისად მაღალ დონეზეა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროებიდან დაწყებული, სანახაობებით დამთავრებული. ქალაქში უამრავი მუზეუმი, პარკი და დასასვენებელი ადგილია. სასტუმროებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
- საქართველოს ნაკრები დაბინავდება სასტუმრო "ამბერტონში", რომელიც ლიტვაში ვიზიტისას მოვინახულეთ. წუნს ვერ შევიტანთ, უმაღლესი დონის სასტუმროა. ჩვენი ჯგუფის ყველა გუნდი "ამბერტონში" იცხოვრებს. რაც მთავარია - იგი საკალათბურთო დარბაზთან ახლოსაა, - გვითხრა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა.
არენა
კლაიპედა
სახელი: კლაიპედა არენა
ტევადობა: 5.486
მისამართი: დუბისოს ქუჩა 10
აშენდა: 2011 წელს
D ჯგუფი: საქართველო, რუსეთი, სლოვენია, ბულგარეთი, უკრაინა, ბელგია.
საინტერესოა, რომ ცნობილ კლაიპედელთა ჩამონათვალში მთავრი პოზიციები კალათბურთელებს უკავიათ. ამ ქალაქში დაიბადნენ ჟუკაუსკასი, მაციაუსკასი, შტრომბერგასი, კარნიშოვასი...
სხვათა შორის, ერთი სეზონი კლაიპედას არენაზე სერგო ათუაშვილმაც გაატრა. 2008 წელს მან "ნეპტუნასთან" ერთად ლიტვის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. მაშინ სერგოს გუნდი "ნეპტუნას არენაზე" თამაშობდა, საქართველოს ნაკრებს კი სხვა დარბაზში მოუწევს გამოსვლა, რომელიც სპეციალურად ევროპის ჩემპიონატისთვის აშენდა. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და ოფიციალურად ივლისში გაიხსნება.
გაზეთ "ნეპტუნას დიენოში" ცალკე სტატია მიეძღვნა დარბაზის მდგომარეობასა და მის მნახველებს: ქართულ დელეგაციასთან ერთად კლაიპედას სტუმრობდნენ რუსი, ბელგიელი, სლოვენიელი, უკრაინელი და ბულგარელი სტუმრები.
აი, რა უთხრა მერაბ რატიშვილმა ლიტველებს:
- კლაიპედას შესახებ ბევრი კარგი გამიგია. აქ პირველად ვარ. ქალაქიც მშვენიერია და არენაც. მოხარული ვარ რომ სწორედ კლაიპედაში გვიწევს თამაში. ლიტველებს სპორტული დარბაზების შენების დიდი გამოცდილება გაქვთ.
ქომაგობა
ლიტვური გაზეთების სათაურში არაერთხელ მოხვდა სიტყვა "საქართველო". ევრობასკეტი არ დაწყებულა და უკვე რეკორდებს შევეჭიდეთ: D ჯგუფის ყველა მატჩის ბილეთი გაყიდულია, რომელთა 40 პროცენტი ჩვენი თანამემამულეების ხელშია.
- ქართველების აქტიურობა ჩვენთვის სიურპრიზი იყო. თუმცა სიტუაციის გაანალიზებისას იოლი გასაგებია, ქართველთა დიდი ინტერესი - მათი ნაკრები ხომ ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. სხვათა შორის, ბილეთების შეძენის საკითხში ლატვიელებს სძინავთ. ალბათ აგვისტოში გამოიღვიძებენ, - აღნიშნა საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა დოვილე ლუკავიჩიუტემ.
მისმა კომიტეტმა წინასწარ განსაზღვრა ტრიბუნების სექტორები, სადაც ამა თუ იმ ნაკრების გულშემატკივრები განლაგდებიან. ქართველი ქომაგების ადგილსამყოფელს სიტყვაზე უკეთ ფოტო გადმოსცემს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"