ვის წაიყვანს იგორ კოკოშკოვი?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებმა, რუსეთმა და უკრაინამ გაფართოებული შემადგენლობები უკვე დაასახელეს... ლოგიკურად, ნებისმიერ ქართველ გულშემატკივარსაც და ჟურნალისტსაც გაუჩნდა სურვილი, რაც შეიძლება მალე შეიტყოს საქართველოს ნაკრებში გამოძახებულთა ვინაობა. მთავრი მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი კი არ ჩქარობს. როგორც გავიგეთ, ნაკრების შემადგენლობის გამოქვეყნებამდე კიდევ მოგვიწევს ცოტა მოცდა - 18-კაციან სიას გულშემატკივარი 27-28 ივნისს გაეცნობა.

როგორც ხედავთ, უკვე გადაწყვეტილია, რომ საწყის ეტაპზე ეროვნულში 18 კალათბურთელი ივარჯიშებს. შესაძლოა, კანდიდატთა რიცხვი ოცსაც ასცილებოდა, იგორ კოკოშკოვს შეკრება თბილისში რომ გაემართა. იგი 18 კალათბურთელს ავსტრიაში იახლებს. იქ მოამზადებს
და ევრობასკეტისთვის საუკეთესო თოთხმეტეულს შეარჩევს. მოგეხსენებათ, წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის წინ ფიბა-ევროპამ ნაკრებებს ლიტვაში 14 კალათბურთელის წაყვანის უფლება მისცა. მწვრთნელი კი ყოველი მატჩის წინ განაცხადში 12 მოთამაშეს შეიყვანს.


***
სად რამდენი სპორტსმენი წავა, ეგ გავარკვიეთ, ახლა საინტერესოა, პასუხი კითხვაზე - ვინ? ვინ მოხვდება ევრობასკეტზე ქართველთა 14-კაციან განაცხადში. ეს აგვისტოში გაირკვევა, თუმცა თოთხმეტს ვინ ჩივის, როცა არც წინასწარი შემადგენლობა ვიცით. როგორც გითხარით, მწვრთნელი ჯერაც ფიქრობს, ვინ შეიყვნოს გაფართოებულ სიაში და საბოლოო პასუხს ივნისის ბოლოს მოგვცემს. მანამდე მკითხველი ინფორმაციულ სიმწირეში რომ არ ვამყოფოთ, ჩამოგითვლით იმ კალათბურთელების ვინაობას, რომელთა 18-კაციან სიაში მოხვედრა გადაწყვეტილია.

მაისშივე ითქვა - საქართველოს ნაკრების შეკრებაზე სხვა კანდიდატებთან ერთად ის კალათბურთელები ივარჯიშებენ, რომლებიც 2010 წელს შესარჩევ ტურნირში მონაწილეობდნენო. ასეთი თორმეტია: გიორგი ცინცაძე, ლაშა გამყრელიძე, ტორინ გრინი, კოტე ტუღუში, ანატოლი ბოისა, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია, ნიკა ცქიტიშვილი, ნიკა მეტრეველი, გიორგი შერმადინი, ზაზა ფაჩულია.

ამ შემადგენლობას დაემატება ვლადიმერ ბოისა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში 1998 წლიდან თამაშობს, გასულ წელს მუხლის ოპერაცია გადაიტანა და ჩვენს გუნდს ვერ დაეხმარა.

ცნობილია ისიც, რომ შეკრებაზე უკვე დაუძახეს ლევან ფაცაციას, მიხეილ ბერიშვილსა და გიორგი შარაბიძეს. შეგროვდა 16 კალათბურთელი. კიდევ ვინ მოხვდება ნაკრებში ჯერ არ ვიცით, თუმცა კანდიდატები შეიძლება როგორც საქართველოს ჩემპიონატში ვეძებოთ, ასევე ახალგაზრდულ ნაკრებში და ესპანეთის პირველობაზე...


***
20-წლმდელთა ნაკრებს ეროვნულის მეორე მწვრთნელი დავით უსტიაშვილი ხელმძღვანელობს. მას ახალგაზრდები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე (ბოსნიაში) 13 ივლისს მიჰყავს, მატჩები 14-ში დაიწყება. შეჯიბრების დასრულების შემდეგ მწვრთნელიცა და 20-წლამდელთა ნაკრების გამორჩეული კალათბურთელებიც ეროვნულს 25 ივლისს შეუერთდებიან. თორნიკე შენგელია იგორ კოკოშკოვის სიაში რომ არის, უკვე მოგახსენეთ. კიდევ ვინ გადავა ახალგაზრდულიდან ეროვნულში, 20-წლამდელების ოფიციალურ მატჩებზე იქნება დამოკიდებული. შეიძლება ეს მერაბ ბოქოლიშვილი იყოს, რომელმაც გასული სეზონი იტალიურ "აველინოში" გაატარა...

ამ ქვეთავშივე უნდა შევეხოთ ტაირონ ელისის საკითხს, რომელიც საქართველოს ნაკრებში 2006-დან 2009-მდე თამაშობდა. თუმცა, შარშან ზაფხულს ოჯახური გარემობების გამო ჩვენს ნაკრებს ვერ დაეხმარა. ამიტომ მის ნაცვლად ნაკრებში ტორინ გრინი მიიწვიეს. არ არის გამორიცხული, იგორ კოკოშკოვმა გრინის პარალელურად ტაირონ ელისსაც უხმოს და 14-კაციან საევრობასკეტო სიაში შეიყვანოს. რადგან კონკრეტული მატჩის წინ 12-კაციან განაცხადში ნებისმიერი გუნდის მწვრთნელს მხოლოდ ერთი ნატურალიზებულის შეყვანის უფლება აქვს, იგორ კოკოშკოვი თავისი შეხედულებისამებრ იმოქმედებს - ან გრინს ათამაშებს, ან ელისს. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია. დაუბრუნდება თუ არა ნაკრებს ელისი, 27-28 ივნისს გავიგებთ.


***
ახლა ორიოდე სიტყვას ზემოთნახსენებ 13 კალათბურთელს შევაწევთ.

გიორგი ცინცაძე ("ტარტუ როკი")
"ბუმ" (ცინცაძის მეტსახელი) ესტონეთის ჩემპიონატი მეორე ადგილზე დასრულა, მოიგო ბალტიის ლიგის თასი, თუმცა, როგორც თვითონ გვითხრა, 2010-11 წლების სეზონში მთავარი მედლები არ იყო:

- 2010 წლის გაზაფხულზე პოლონურ "სოპოტში" თამაშისას კოჭის ტრავმა მივიღე, რომელიც ბოლომდე არ მქონდა მოშუშებული 2010 წელს ნაკრებთან ერთად შესარჩევი ტურნირი რომ ვითამაშე. ტრავმა ხელს მიშლიდა. ამიტომ, შესარჩევი ტურნირის შემდეგ იმ გუნდში გადავედი, სადაც კარგად მიცნობენ, გამოჯანმრთელებაშიც ხელს შემიწყობდნენ და სათამაშო დროც საკმარისად მექნებოდა. ასეთი "ტარტუ როკი" იყო.

ცინცაძე საქართველოს ნაკრების შეკრებას სათანადო კონდიციებში ხვდება.

ლაშა გამყრელიძე ("გისენი")
ვერ ვიტყვით, რომ ლაშას წარმატებული სეზონი ჰქონდა. მან გერმანიის ბუნდესლიგა "გისენთან" ერთად კარგად დაიწყო, სასტარტო გამთამაშებლადაც იქცა, მაგრამ წაგებას წაგება მოჰყვა, შეიცვალა მწვრთნელიც და გამყრელიძესაც არ ჰქონია საკმარისი სათამაშო დრო. იყო მატჩები, მწვრთნელს განაცხადში არ შეჰყავდა.

ამის მიუხედავად, ლაშას სანაკრებოდ მოსამზადებლად საკმარისი დრო აქვს. იგი გუნდს კარგადაა მორგებული და ნაკლებად სავარაუდოა წარუმატებელმა სეზონმა სანაკრებო გამოსვლაზე გავლენა მოახდინოს.

ტორინ გრინი ("გრან კანარია")
გრინი ესპანეთის საშუალო გუნდის "გრან კანარიას" სასტარტო გამთამაშებელი იყო. რიგ მატჩებში შორიდან ჩაგდებული სამქულიანებით (მაგალითად "რეალთან") იგი კანარელთა გმირი გახდა.

მაისის დასაწყისში ტორინმა ფეხის ფალანგა დაიზიანა. თავიდან მოტეხილობა ეგონათ, თუმცა ძვალი გაბზარული აღმოჩნდა და დღას გრინი უკვე ვარჯიშობს.

კოტე ტუღუში ("არმია")
კოტეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეზონი ჰქონდა - რა ტურნირზეც ითამაშა, ყველაფერი მოიგო: საქართველოს თასი, სუპერთასი, ჩემპიონობა. მეტსაც გეტყვით - ჩვენი გაზეთის გამოკითხვის შედეგად ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

იგი გამთამაშებლადაც ირჯებოდა და მსროლელადაც. არადა, წინა წლებში "ენერჯიში" ძირითადად მსროლელის ფუნქციებს ასრულებდა.

ანატოლი ბოისა ("არმია")
ბოისაც ტუღუშის მსგავსად "არმიაში" "ენერჯიდან" მოხვდა. მას მწვრთნელი ლევან მოსეშვილი ბოლომდე ენდობოდა და ბოისაც დამაჯერებელი თამაშით მწვრთნელს იმედებს უმართლებდა.

2007 წელს ანატოლი ბოისამ ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ კარგად ითამაშა. მას მერე მეტი გამოცდილება მიიღო და ეროვნულ გუნდს წლეულს უფრო მეტად უნდა გამოადგეს.

მანუჩარ მარკოიშვილი ("კანტუ")
ნაკრების ყველა წევრმა სეზონი დაასრულა. მანუჩარი იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში "მონტეპასკის" ეთამაშება. მანუს კლასზე ეს ფაქტიც ნათლად მეტყველებს. ნაკრებში მანუს ღირებულებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ვიქტორ სანიკიძე ("ვირტუსი")
13 მარტს ვიქტორმა იტალიის ვარსკვლავთა მატჩი ითამაშა... ესეც მრავლისმეტყველი მოვლენაა, თუმცა ერთს დავამატებთ: გასულ სეზონში მარკოიშვილის მსგავსად გარკვეული დრო ტრავმების გამო სანიკიძესაც გაუცდა. თუ მანუს არყოფნაში "კანტუ" გუნდური თამაშით შედეგს მაინც აღწევდა, ვიქტორის ტრავმა "ვირტუსის" შედეგებზე პირდაპირპროპორციულად ისახებოდა.

თორნიკე შენგელია ("პეპინსტერი")
თორნიკე 19 წლის ახალგაზრდაა. მან პროფესიულ დონეზე სეზონი სრულად წლეულს ჩაატარა - ბელგიის "პეპინსტერში" ითამაშა. საკმარისი გამოცდილებაც მიიღო და არაერთი ეფექტური მატჩი ჩაატარა.

შენგელიამ და მისმა აგენტმა 2011 წლის NBA-ს დრაფტზე შეიტანეს განაცხადი.

ნიკა ცქიტიშვილი ("ლაგუნ არო")
სკიტამ სეზონი ბასკურ "ლაგუნ აროში" კარგად დაიწყო. არაერთი ეფექტური მატჩი ჩაატარა, მაგრამ შუა სეზონში, როგორც იტყვიან მწვრთნლმა თვალში ამოიღო და ნიკაც იძულებული გახდა "ლაგუნ არო" მარტში ნაადრევად დაეტოვებინა.

ისევე როგორც ნაკრების წევრთა უმტესობას, სკიტასაც ახალი გუნდის ძიება უწევს.

ნიკა მეტრეველი ("რიმინი")
ნიკა ცქიტიშვილის მსგავსად მწვრთნელის ნდობა იტალიის მეორე ლიგაში მოასპარეზე ნიკა მეტრეველსაც აკლდა. არადა, სეზონის დასაწყისში ველოდით, რომ მეტრეველი საკუთარ თამაშს სწორედ "რიმინიში" იპოვნიდა. მას ომახიანი სიტყვის სათქმელად შესაფერისი კლუბის მოძიება გაისისთვის მოუწევს.

ვლადიმერ ბოისა ("ოლიმპია")
ბოისამ 2010 წლის ივნისში ნაოპერაციები მუხლი იანვარში მოირჩინა და სლოვენიის "ოლიმპიაში" ფორმის აღდგენა სცადა. ვოვამ სეზონის ბოლომდე კონდიციები აღიდგინა კიდეც, მაგრამ მწვრთნელი მხოლოდ 10-15 წუთს ათამაშებდა. ბოისა მეტს იმსახურებდა.

...საქართველოს ნაკრებში მას ყოველთვის მეტი დატვირთვა ჰქონდა.

გიორგი შერმადინი ("ოლიმპია")
სეზონის დასაწყისსა და ბოლოში არც გიორგი შერმადინი უნდა ყოფილიყო ბოძებული სათამაშო დროით კმაყოფილი, თუმცა როცა "ოლიმპიას" ფარქვეშეთის გამაგრება დასჭირდა, ევროლიგაზე მწვრთნელი 20-24 წუთს ათამაშებდა და "ბარსელონასთან" მატჩებმაც დაგვანახა, რომ საქართველოს ნაკრებში ზაზა ფაჩულიას ღისეული შემცვლელი ჰყავს.

ზაზა ფაჩულია ("ატლანტა")
როგორც ყოველთვის, ფაჩულიამ რეგულარულ ეტაპზე უკეთ პლეი ოფები ჩაატარა. ამის მიზეზი ისაა, რომ პლეი ოფებში დაძაბულობა მატულობს და მწვრთნელიც მეტად აფასებს მებრძოლი ხასიათის კალათბურთელებს. ფაჩულია შავ სამუშაოსაც კარგად ასრულებდა, საჭიროების შემთხვევაში სროლის სიზუსტითაც გამოირჩეოდა და როცა მისკენ ორლანდიელი ჯეისონ რიჩარდსონი გაენთო, არც აცია, არც აცხელა - თავი ჩაარტყა.

"ატლანტაში" დისკვალიფიცირებული ფაჩულია შეცვალეს. საქართველოს ნაკრებში კი ბოლო წლებში მეტად თავშეკავებით თამაშობს, რადგან იცის, რომ გუნდს ძალიან სჭირდება.

ნაკრების დანარჩენ 5 კანდიდატზე მას შემდეგ უფრო ვრცლად ვილაპარაკებთ, რაც შემადგენლობა ოფიციალურად გამოცხადდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბუბა კვიმსაძე უნდა წაიყვანოს მაგარი იგროკია
sabukela
13:59 20-06-2011
0

სიახლეები პოპულარული