ტუღუშს დაეხმარებიან: კვიმსაძე მოედანზე, კაზანჯიანი სათადარიგოთა სკამიდან

AutoSharing Option
ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ "არმიაში" მწვრთნელად გია კაზანჯიანი იმუშავებს.

იგი მთავარი მწვრთნელის, კოტე ტუღუშის ასისტენტის ფუნქციას შეასრულებს. გია კაზანჯიანი წლების განმავლობაში საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების თავკაცია და კადეტებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის წლეულსაც ამზადებს. ასევე საყურადღებოა, რომ გია კაზანჯიანი ზედიზედ ორ სეზონში სომხურ ქალთა გუნდ "ჰატისს" წვრთნიდა და ევროთასზე ათამაშა.
2009-10 წლების სეზონში იგი "აკადემიას" სუპერლიგაში შეუძღვა, ხოლო მომდევნო წელს, მე-20 ჩემპიონატში, "აგრარულის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა - მიხეილ კობეშავიძე შეცვალა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ "არმიაში" კარიერას
გააგრძელებს "ქუთაისის" უკანახაზელი ბუბა კვიმსაძე. სხვათა შორის, გასულ სეზონში სამმაგი დუბლი მხოლოდ ბუბამ და არმიელთა კაპიტანმა კოტე ტუღუშმა შეასრულეს. კვიმსაძე ქუთათურთა ლიდერი იყო და გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში მესამე ადგილი რომ დაიკავა მისი დიდი წვლილიცაა.

გასულ სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში კვიმსაძე საშუალოდ 33.8 წუთში 15.8 ქულას, 5.4 მოხსნას, 5.6 პასსა და 1.8 ჩაჭრას აგროვებდა.

ქუთაისამდე ბუბა "სოხუმსა" და "ავიამშენში" გამოდიოდა, სუპერლიგაში კი დებიუტი ბათუმის "ბასკოში" ნუგზარ კანდელაკის ხელმძღვანელობით ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული