უკრაინული საკალათბურთო გამოცემების ერთ-ერთი მთავარი თემა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მაიკ ფრატელოს შესახებ გავრცელებული სიახლეა. ცნობილი მიმომხილველი ადრიან ვოინაროვსკი შიშობს, რომ უკრაინელებს ევრობასკეტზე ამერიკელი სპეციალისტი მაიკ ფრატელო აღარ გაწვრთნის. აი, რა წერია გაზეთ "ტერიკონის" ინტერნეტ-ვერსიაში:
"მაიკ ფრატელო ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია NBA-ს კლუბის, "მინესოტა ტიმბერვულვზის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მინეაპოლისელებმა ახალი სეზონის წინ უამრავი ნიჭიერი კალათბურთელი შეკრიბეს და სჭირდებათ მწვრთნელი, რომელიც მათ მაღალი მიზნების მიღწევაში დაეხმარება. საამისოდ კი კარგი კანდიდატურაა მაიკ ფრატელო, რომელსაც კარგა ხანია დიდ სცენაზე აღარ გამოუნათებია.
წავა თუ არა მაიკი
"მინესოტაში" ევრობასკეტამდე? - ამ კითხვის პასუხი ჯერ გაურკვეველია. როგორც ცნობილია, ფრატელო უკრაინის კალათბურთის ფედერაციას შეუთანხმდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მისი ქვეყნის ნაკრებს გაუძღვება, თუმცა მეორეს მხრივ, ფართო საზოგადოებამ არ იცის უკრაინის ნაკრებში მაიკ ფრატელოს საკონტრაქტო დეტალები. იქნებ არის პუნქტი, რომელიც ამერიკაში წასვლაში ხელს არ შეუშლის?!"
უკრაინელები კი შიშობენ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ "მინესოტას" ხელმძღვანელობამ ფრატელოს ნაკრებში მუშაობის შეწყვეტა მოსთხოვოს (ეს იმ შემთხვევაში, თუ არჩევანს ამ სპეციალისტზე შეაჩერებს), თან თუ საქმეში NBA-ს ლოკაუტი ჩაერთო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"