მარკიზ ჰეინესი: ძალას დაცვაშიც ვიყენებ და შეტევაშიც

AutoSharing Option
მარკიზ ჰეინესი
დაიბადა: 19 დეკემბერი, 1986
სიმაღლე: 190 სმ
წონა: 84 კგ
პოზიცია: გამთამაშებელი/მსროლელი
კლუბი: გრან კანარია (ესპანეთი)
კარიერა:
2005-2006 ბოსტონის კოლეჯი (NCAA) 32 თამაში: 2.5 ქულა, 1.0 პასი
2006-2007 ბოსტონის კოლეჯი (NCAA) 33 თამაში: 3.8 ქულა, 1,7 პასი
2008-2009 ტეხას არლინგტონი (NCAA, სასტარტო ხუთეული) 30 თამაში 16.5 ქულა, 5.1 მოხსნა, 3.4 პასი, 1.2 ჩაჭრა. ორქულიანების პროცენტულობა: 47.4 %, სამქულიანები: 34.6 %
2009-2010 ტეხას არლინგტონი (NCAA, სასტარტო ხუთეული) 30 თამაში 22.6 ქულა, 4.3 მოხსნა, 3.7 პასი, 1.5 ჩაჭრა. ორქულიანების პროცენტულობა: 48.3
%, სამქულიანები: 40.9 %
2010-2011 შალონი (საფრანგეთი) 33 თამაში: 14.3 ქულა, 2.2 მოხსნა, 3.9 პასი, 1.5 ჩაჭრა. ორქულიანების პროცენტულობა: 50.3 %, სამქულიანები: 38.3 %
მიღწევები:
სამხრეთ კონფერენციის (NCAA) მეორე სიმბოლური ხუთეული 2009
სამხრეთ კონფერენციის (NCAA) პირველი სიმბოლური ხუთეული 2010
სამხრეთ კონფერენციის (NCAA) საუკეთესო მოთამაშე 2010
საფრანგეთის ლიგის თასის ფინალისტი 2011

შემონდ უილიამსი, ტაირონ ელისი, მელვინ სენდერსი, ტორინ გრინი, ქუინტონ ჰოსლი - ეს იმ კალათბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც 2004 წლის შემდეგ ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის გააქართველეს. მათ გუშინ მარკიზ ჰეინესი დაემატა. მართალია მას ჯერ ოფიციალურად არ მიუღია საქართველოს მოქალაქის პასპორტი, მაგრამ ფაქტია, რომ ეროვნული გუნდის შეკრებაზე ტორინ გრინის გვერდით ივარჯიშებს და მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი შეკრების ბოლოს გადაწყვეტს, ევრობასკეტზე გრინი ითამაშებს, თუ ჰეინესი. თუმცა, არ არის გამორიცხული, ლიტვაში ორივე ნატურალიზებული წაიყვანოს და კონკრეტული მატჩის განაცხადში ის შეიყვანოს, ვინც დასჭირდება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მარკეს ჰეინესამდე ისრაელის "მაქაბის" ლიდერ ჯერემი პარგოს ელაპარაკებოდა, მაგრამ ბოლოს ამერიკელისგან უარი მიიღო. პარგო ევროპაში მოთამაშე ამერიკელთაგან ერთ-ერთი საუკეთესოა და საქართველოს ნაკრებში მისი ხილვა ნებისმიერ ჩვენგანს გაახარებდა, მაგრამ როგორც გვითხრეს, მან კონტრაქტი ისევ "მაქაბისთან" გააფორმა და საქართველოს პასპორტი აღარ დასჭირდა. თუ პარგოს ჩვენს ნაკრებში თამაში მხოლოდ ევროპული მოქალაქეობის მისაღებად უნდოდა, კარგია, პასპორტი რომ ვერ მიიღო.

საინტერესოა, რომ მარკეს ჰეინესსაც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის პასპორტი. ამას ესპანურ გამოცემა "ლა პროვინციაში" გამოქვეყნებული სტატიაც მოწმობს, რომლის სათაურია: "ჰეინესი ევრობასკეტის მონაწილე ქვეყნის პასპორტს ელის". საქმე ისაა, რომ საფრანგეთში გატარებული შედეგიანი სეზონის შემდეგ მისი გადაბირება "გრან კანარიამ" გადაწყვიტა, მაგრამ სიტუაციას ართულებდა ესპანეთის ჩემპიონატში არსებული ლიმიტი ამერიკელებზე.

ჰოდა, როცა გაირკვა, რომ მარკეზი საქართველოს ნაკრებში ითამაშებდა, კანარელებმაც ულაპარაკოდ აიყვანეს. იგი ესპანეთის ჩემპიონატში ევროპელის სტატუსით ითამაშებს.

ასე რომ, ჰეინესს გაქართველება კარიერული წინსვლისთვის სურდა. საინტერესოა, რა სარგებელს მოუტანს იგი ჩვენს ნაკრებს? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს ნაადრევია. გვაქვს არაერთი მაგალითი: ევროპის ტოპ-კლუბ "ბარსელონაში" მოთამაშე შემონდ უილიამსიც სასარგებლო იყო და რიგითი "კახასოლის" წარმომადგენელი ტაირონ ელისიც, თუმცა ვიდრე ტაირონი საქართველოს ნაკრებში პირველ თამაშს ჩაატარებდა, მაინც უილიამსს ვამჯობინებდით.

არც ჰეინესი ჯობია პარგოს, მაგრამ მარკესის პროგრესის (სტატისტიკას ყოველწლიურად აუმჯობესებს) შემყურეთ უკვე გვაქვს იმედი, რომ ნაკრებისთვის უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე ტორინ გრინი. მით უმეტეს, რომ ტორინმა გასულ სეზონში საქართველოს ნაკრების წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. გავიხსენოთ თუნდაც ბულგარეთში მოგებული შეხვედრა და უკრაინასთან ჩაგდებული გამარჯვების სამქულიანი.

ნაკრების მეორე მწვრთნელ დავით უსტიაშვილთან საუბრისას აღვნიშნე - მეგონა, გრინზე უკეთეს ამერიკელს ჩამოიყვანდნენ-მეთქი. მწვრთნელი არ დამეთანხმა:

- ვერ ვიტყვი, რომ ჰეინესი გრინზე ნაკლებია. მას აქვს თავისი პლუსები: თანაბრად კარგად შეუძლია როგორც მსროლელის, ასევე გამთამაშებლის პოზიციაზე თამაში. საქართველოს ნაკრების მწვრთნელს არჩევანის საშუალება ექნება - თუ დასჭირდება, ჰეინესს პირველ ნომრად ათამაშებს, თუ დასჭირდება - მეორე ნომრის პოზიციაზე.

კანარებზე ჩასულმა ჰეინესმა საკლუბო კარიერაზეც ილაპარაკა და საკუთარ პლუს-მინუსებზეც:

- მოხარული ვარ, "გრან კანარიას" დონის გუნდში თამაშის საშუალება რომ მომეცემა. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა და ვეცდები დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გავართვა. ჩემი სათამაშო სტილი მარტივია: შემიძლია გამთამაშებლობაცა და მსროლელობაც. ჩემთვის მნიშვნელოვანია რეალიზების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, ვიდრე ბევრი ტყორცნა. ასევე ვმუშაობ იმ კომპონენტების დახვეწაზე, რაც გუნდური თამაშისთვისაა საჭირო. მიყვარს საკუთარი ფიზიკური ძალის გამოყენება როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.

მარკეზის მთავარი ღირსება მისი შრომისმოყვარეობა ყოფილა, რაზეც ამერიკის კოლეჯების ლიგაში ასპარეზობისას მისი თანაგუნდელის მონათხრობი მიგვითითებს:

- ვარჯიშისგან თავისუფალ დღეს გუნდელები ხშირად ერთად ვიკრიბებოდით. თუ სხვები შინიდან მოდიოდნენ, მარკეზი სატრენაჟორო დარბაზიდან უნდა გამოგვეყვანა...

ჰეინესი ფრანგულ "შალონში" მერვე ნომრით თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში ამ ნომრის მაისური გიორგი ცინცაძეს ეკუთვნის, ამიტომ, შესაძლოა, ახალ ამერიკელს ძველი ნომრის დაბრუნება მოუწიოს - კოლეჯებში ზურგზე 0 ეწერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული