კოკოშკოვის სია: 18

AutoSharing Option
სპორტის სამინისტროს დარბაზში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც ჩამოგვითვალეს იგორ კოკოშკოვის მიერ საქართველოს ნაკრებში გამოძახებულ 18 კალათბურთელის გვარი. ეს შემადგენლობა ავსტრიის ქალაქ შტაინბურნში 24 ივლისს შეიკრიბება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგება.

- ევრობასკეტისთვის შემადგენლობა შეიკვეცება, მაგრამ ჯერ უცნობია 14 კალათბურთელი დარჩება თუ 12, - გვითხრა საქართველოს ნაკრების მენეჯერმა მერაბ რატიშვილმა, - საქმე ისაა, რომ ფიბა-ევროპას ჯერ არ გაურკვევია, ევრობასკეტზე გუნდებს 12 კაცის წაყვანის უფლება ექნებათ, თუ - 14-ის. გაზაფხულზე ფიბა-ევროპის დადგენილებით ეს რიცხვი 14 უნდა ყოფილიყო... ამჟამად მიმდინარე ქალთა ევრობასკეტზეც გუნდებმა 14-14
კალათბურთელი იახლეს, მაგრამ ჩემპიონატის დაწყების წინა დღეს ფიბამ ამოქექა დოკუმენტი, რომლის თანახმად გუნდებს ამა თუ იმ შეჯიბრებაზე 12-ზე მეტი სპორტსმენის წაყვანის უფლება არ აქვთ.

ამიტომ, ვიდრე ამ საკითხს ფიბასა და ფიბა-ევროპის იურიდიული კომიტეტები ერთმანეთში გაარკვევდნენ, ქალთა ევრობასკეტზე 12-12 კალათბურთელია. იმედია, 31 აგვისტომდე ეს საკითხი გაირკვევა და ლიტვაში 14 მოთამაშის წაყვანის უფლება გვექნება.

ნაკრების შემადგენლობასა და შერჩევის პრინციპებს უახლოეს მომავალში კიდევ დავუბრუნდებით, აქ კი ნატურალიზებული კალათბურთელის საკითხზე შევჩერდებით. ფედერაციის პრეზიდენტმა, ბესიკ ლიპარტელიანმა განაცხადა:

- რადგან ტორინ გრინს თითი ჰქონდა მოტეხილი, ჯერ ზუსტად არ ვიცით, როგორ წარიმართება მისი რეაბილიტაციის პროცესი. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ნაკრებისთვის სხვა ამერიკელი მოგვეძებნა, რათა მწვრთნელს საშუალება მისცემოდა ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, როგორიც ევრობასკეტია გრინსა და ახალ ამერიკელს შორის საუკეთესო აერჩია. ვაწარმოებდით მოლაპარაკებას ისრაელის "მაქაბის" უკანახაზელ ჯერემი პარგოსთან, მაგრამ ბოლო მომენტში მისგან უარი მივიღეთ. საბოლოოდ შევუთანხმდით მარკეზ ჰეინესს, რომელიც გუნდისთვის მეტად სასარგებლო მოთამაშე უნდა იყოს.

პრესკონფერენციას ესწრებოდა სპორტის მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური, რომელმაც აღნიშნა, რომ ლიტვაში საქართველო მხოლოდ საკალათბურთო კუთხით არ იქნება წარმოდგენილი:

- კლაიპედაში ქართულ კულტურასაც წარმოვაჩენთ. იქ იქნებიან ეროვნული ბალეტი "სუხიშვილები" და მომღერალთა ანსამბლი "რუსთავი", რაც ლიტვაში ჩასული ჩვენი თანამემამულეებისთვისაც საინტერესო იქნება და უცხოელებისთვისაც.

მინისტრის მოადგილეს წარმატების შემთხვევაში საქართველოს ნაკრების პრემიების შესახებაც ჰკითხეს. პასუხი მეტად შთამბეჭდავი იყო - ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, პრემიალურმა თანხამ ექვსნიშნა რიცხვს გადააჭარბოსო.

საქართველოს ნაკრები
მოთამაშე ამპლუა დაბ. თარ. სიმ. გუნდი
გიორგი ცინცაძე უკანახაზელი 07.02.1986 192 როკი, ესტონეთი*
ტორინ გრინი უკანახაზელი 28.11.1985 183 გრან კანარია, ესპანეთი
ლაშა გამყრელიძე უკანახაზელი 04.02.986 183 გისენი, გერმანია
კოტე ტუღუში უკანახაზელი 03.06.1984 190 არმია
ლაშა ფარღალავა უკანახაზელი 07.02.1987 192 სოხუმი
მარკიზ ჰეინესი უკანახაზელი 19.12.1986 190 გრან კანარია, ესპანეთი
ანატოლი ბოისა უკანახაზელი 09.09.1983 192 არმია
მანუჩარ მარკოიშვილი უკანახაზელი 17.11.1986 196 კანტუ, იტალია
ლევან ფაცაცია ფორვარდი 24.09.1988 198 სოხუმი
ვიქტორ სანიკიძე ფორვარდი 01.04.1986 203 ვირტუსი, იტალია
თორნიკე შენგელია ფორვარდი 05.10.1991 207 პეპინსტერი, ბელგია
მიხეილ ბერიშვილი ფორვარდი 12.04.1987 203 სოხუმი
ვლადიმერ ბოისა ფორვარდი 04.07.1981 209 ოლიმპია, სლოვენია
ნიკა ცქიტიშვილი ფორვარდი 14.04.1983 212 ლაგუნ არო, ესპანეთი
ნიკა მეტრეველი ფორვარდი 14.01.1991 211 რიმინი იტალია
ზაზა ფაჩულია ცენტრი 10.02.1984 210 ატლანტა, აშშ
გიორგი შერმადინი ცენტრი 02.04.1989 216 ოლიმპია, სლოვენია
გიორგი შარაბიძე ცენტრი 27.04.1990 210 არმია
* - მითითებულია გუნდი, რომელშიც კალათბურთელი გასულ სეზონში თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული