ლაშა გამყრელიძე: ლიტვაში მთავარი ფსიქოლოგია და ფიზიკა იქნება

AutoSharing Option
ივნისში საქართველოს ნაკრების რამდენიმე კანდიდატს შეგახვედრეთ. დღეს ეროვნული გუნდის მორიგ კალათბურთელს წარმოგიდგენთ, თუმცა ლაშა გამყრელიძეს ჩვენი წარდგენა ნაკლებად სჭირდება, რადგან მას საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი 2005 წლიდან იცნობს.

იგი 1986 წელს დაბადებულთა იმ თაობის წარმომადგენელია, 2004 წელს ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე რომ ითამაშა, ხოლო 2006 წელს ახალგაზრდებს შორის B დივიზიონი რომ მოიგო. 2003-04 წლების სეზონში ლაშას "დინამოში" სრული ნდობა გამოუცხადა დრაჟენ ბრაიკოვიჩმა, რომელიც პარალელურად ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელიც იყო. თუმცაღა ხორვატმა სპეციალისტმა ეროვნულ გუნდში მხოლოდ 2004 წელს იმუშავა და მომდევნო წელს გამყრელიძე
ნაკრებში პირველად კანადელმა სპეციალისტმა გორდონ ჰერბერტმა მიიწვია.

ვერ ვიტყვით, რომ სანაკრებო დებიუტი წარმატებული იყო, რადგან ლაშას რთულ პერიოდში მოუწია ეროვნულში კარიერის დაწყება - ჩვენი გუნდი ახალი შეკრებილი იყო, ფინეთისა და მაკედონიის წინააღმდეგ უწევდა ბრძოლა. მაგალითად, ფინეთში, გადამწყვეტ მატჩში მასპინძლებმა გუნდის ლიდერები რომ გადაკეტეს, გამყრელიძეს უწევდა სამქულიანების სროლა, თუმცა არაზუსტად...

მას მერე ლაშამ დაუღალავი ვარჯიშის წყალობით სათამაშო ხარისხი კიდევ უფრო გაიუმჯობესა და მართალია, ლიდერი არც დღესაა, მაგრამ იმავე სამქულიანი ტყორცნებით არაერთხელ დაგვამახსოვრა თავი. მაგალითად, იმავე ფინეთთან, 2007 წელს ბოლოსწინა წუთზე მნიშვნელოვანი შორეული სროლა გამოიყენა და ის მატჩი ერთი ქულის სხვაობით მოვიგეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს 2009 წელს ბელარუსთან სტუმრად ჩაგდებული მნიშვნელოვანი ტყორცნები, რამაც მეტოქე გუნდის მწვრთნელი ალექსანდრ პაპკოვი გააკვირვა: მეგონა საქართველოს ნაკრები კარგად მყავდა შესწავლილი, მაგრამ სათადარიგო უკანახაზელებმა გეგმები ამირიეს, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენს დამარცხებაშიო.

სადღეისოდ ლაშა გამყრელიძე სათადარიგო გამთამაშებელია, თუმცა 15-20 წუთი მუდმივად თამაშობს. ტემპის მომატება როცა სჭირდება, მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი პირველ რიგში N4-ზე ფიქრობს...

საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრებში მოთამაშე 55 კალათბურთელს შორის ლაშა მეექვსეა ჩატარებული მატჩების მიხედვით - 30.

***
აქამდე იგი კლუბებში რეგულარულად ასპაეზობდა და წამყვან როლსაც ასრულებდა, თუმცა გასულ სეზონში გამყრელიძეს საქმე ისე ვერ აეწყო, როგორც სურდა და სეზონის მეორე ნახევარში ბევრიც გაუცდა (ზოგი ტრავმის, ზოგი მწვრთნელის გადაწყვეტილების გამო). ლაშას სანაკრებო მზადებისას კიდევ უფრო მეტი მუშაობა მოუწევს, რათა წარუმატებელმა საკლუბო სეზონმა მის სანაკრებო გამოსვლაზე გავლენა არ მოახდინოს.

მწვრთნელის ფაქტორის გამო 183 სმ. სიმაღლის ქართველი გამთამაშებელი გერმანულ "გისენში" დაბრუნებას არ აპირებდა, მაგრამ მოხდა საინტერესო ამბავი...

- გუნდის მთავარი მწვრთნელი კიდევ ერთხელ შეიცვალა, - გვითხრა ლაშამ, - "გისენის" თავკაცის პოსტზე დაინიშნა ბიორნ ჰარმსენი, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. 2009 წელს "მიტელდოიჩერში" სწორედ მან მიმიწვია. ამ გუნდში კარგი სეზონი მქონდა.

- გამოდის, რომ "გისენში" დაბრუნება გამორიცხული არ არის?
- ვფიქრობ, აღარ დავბრუნდები. გუნდმა ლიგაში ადგილი ძლივს შეინარჩუნა და არა მგონია, გაისად დიდი მიზნები დაისახოს. ჩემი მენეჯერი ახალ კლუბზე მუშაობს, მინდა ისეთ გუნდში ვითამაშო, შედეგებით მაღალი მიზნები რომ ექნება, ან თუნდაც ევროჩელენჯზე იასპარეზებს.

- მენეჯერი გერმანულ ვარიანტზე მუშაობს?
- ამ ქვეყანაში დაბრუნება კარგი ვარიანტი იქნება, რადგან ჯერ ერთი, მაღალი დონის ჩემპიონატია - ევროლიგის და ევროთასის მონაწილე ძლიერი კოლექტივების წინააღმდეგ გვიწევს თამაში. და მეორეც: ევროპულ კალათბურთში არასახარბიელო ფინანსური ფონია, ავიღოთ თუნდაც ბერძნული კლუბები - ყველა კრიზისშია. გერმანიაში კი გუნდის დაშლისა და გაკოტრების შანსი ნულამდეა დაყვანილი, რადგან იქ ასეთ შემთხვევაში კლუბზე სახელმწიფო ზრუნავს.

- ევროჩელენჯზე მოთამაშე ქართული გუნდებიდან ხომ არ მიგიღია მოწვევა?
- არა. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არავის მოუმართავს.

- სანაკრებოდ უკვე ემზადები?
- თვენახევარია "დინამოს" ბაზაზე ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, რაშიც დავით თორთლაძე მეხმარება. პირვლი ივლისიდან კი თბილისში მყოფ ნაკრების სხვა წევრებთან ერთად მწვრთნელის, ავთო ბერიძის ხელმძღვანელობით ფიზმომზადებას გავივლი. ვფიქრობ, შეკრების დაწყების ოფიციალურ დღეს, 24 ივლისს ნორმალურ კონდიციებში შევხვდები.

- 12 საკონტროლო მატჩის ჩატარება მოგიწევთ...
- ვფიქრობ, მოსამზადებელი გეგმა კარგადაა გათვლილი და თუ ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ წარიმართა, ევროპის ჩემპიონატისთვის ფორმაშიც ვიქნებით და შეთამაშების პრობლემაც არ გვექნება.

- ნაკრების მეტოქე კალათბურთელებიდან ვინმეს ხომ არ იცნობ?
- ჩემს თანაგუნდელ კაშიროვს ჰქონდა რუსეთის ნაკრებში გამოძახების იმედი, მაგრამ, დევიდ ბელტმა სიაში არ შეიყვანა. არადა კაშიროვი ძლიერი მოთამაშეა, გუნდის ლიდერი იყო. წამყვან ევროპულ კლუბებში მოასპარეზე მეტოქეებზეც მაქვს წარმოდგენა. თვალს ვადევნებდი "კანტუში" მანუჩარ მარკოიშვილის ბელგიელი თანაგუნდელის, ჯონათან ტაბუს გამოსვლას. იგი ბევრს არ თამაშობდა, თუმცა გუნდის სქემებში კარგად იჯდა. კლუბი ერთია, მაგრამ შესაძლოა, ტაბუს, ან სხვა რომელიმე კალათბურთელს ნაკრებში მეტი დატვირთვა ჰქონდეს...

- ლიტვაში საქართველოს ნაკრების წარმატება რაზე იქნება დამოკიდებული?
- უამრავ ფაქტორზე, რომელთაგანაც ორს გამოვარჩევ - ფსიქოლოგიურსა და ფიზიკურ მომზადებას. ბელგიელებმა შარშან ორჯერ მოგვიგეს, მაგრამ ლიტვაში, შესაძლოა, ჩვენ ვაჯობოთ, მაგრამ მხოლოდ პირველი მატჩი ბევრს არაფერს წყვეტს, საჭიროა, ბოლო თამაშებსაც ენერგიულად და ფსიქოლოგიურად კრგად მომზადებულები შევხვდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული