საქართველოს ნაკრები: ესეც თვრამეტი

AutoSharing Option
სამშაბათს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა. დღეს ეროვნულში გამოძახებულებზე მოკლედ გესაუბრებით და გაგაცნობთ, როგორი სეზონი ჰქონდა თითოეულს.

გიორგი ცინცაძე ("ტარტუ როკი")
"ბუმ" (ცინცაძის მეტსახელი) ესტონეთის ჩემპიონატი მეორე ადგილზე დასრულა, მოიგო ბალტიის ლიგის თასი, თუმცა, როგორც თვითონ გვითხრა, 2010-11 წლების სეზონში მთავარი მედლები არ იყო:

- 2010 წლის გაზაფხულზე პოლონურ "სოპოტში" თამაშისას კოჭის ტრავმა მივიღე, რომელიც ბოლომდე არ მქონდა მოშუშებული 2010 წელს ნაკრებთან ერთად შესარჩევი ტურნირი რომ ვითამაშე. ტრავმა ხელს მიშლიდა. ამიტომ, შესარჩევი ტურნირის შემდეგ იმ გუნდში
გადავედი, სადაც კარგად მიცნობენ, გამოჯანმრთელებაშიც ხელს შემიწყობდნენ და სათამაშო დროც საკმარისად მექნებოდა. ასეთი "ტარტუ როკი" იყო.

ცინცაძე საქართველოს ნაკრების შეკრებას სათანადო კონდიციებში ხვდება.

ლაშა გამყრელიძე ("გისენი")
ვერ ვიტყვით, რომ ლაშას წარმატებული სეზონი ჰქონდა. მან გერმანიის ბუნდესლიგა "გისენთან" ერთად კარგად დაიწყო, სასტარტო გამთამაშებლადაც იქცა, მაგრამ წაგებას წაგება მოჰყვა, შეიცვალა მწვრთნელიც და გამყრელიძესაც არ ჰქონია საკმარისი სათამაშო დრო. იყო მატჩები, მწვრთნელს განაცხადში არ შეჰყავდა.

ამის მიუხედავად, ლაშას სანაკრებოდ მოსამზადებლად საკმარისი დრო აქვს. იგი გუნდს კარგადაა მორგებული და ნაკლებად სავარაუდოა წარუმატებელმა სეზონმა სანაკრებო გამოსვლაზე გავლენა მოახდინოს.

ტორინ გრინი ("გრან კანარია")
გრინი ესპანეთის საშუალო გუნდის "გრან კანარიას" სასტარტო გამთამაშებელი იყო. რიგ მატჩებში შორიდან ჩაგდებული სამქულიანებით (მაგალითად "რეალთან") იგი კანარელთა გმირი გახდა.

მაისის დასაწყისში ტორინმა ფეხის ფალანგა დაიზიანა. თავიდან მოტეხილობა ეგონათ, თუმცა ძვალი გაბზარული აღმოჩნდა და დღას გრინი უკვე ვარჯიშობს.

კოტე ტუღუში ("არმია")
კოტეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეზონი ჰქონდა - რა ტურნირზეც ითამაშა, ყველაფერი მოიგო: საქართველოს თასი, სუპერთასი, ჩემპიონობა. მეტსაც გეტყვით - ჩვენი გაზეთის გამოკითხვის შედეგად ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

იგი გამთამაშებლადაც ირჯებოდა და მსროლელადაც. არადა, წინა წლებში "ენერჯიში" ძირითადად მსროლელის ფუნქციებს ასრულებდა.

ანატოლი ბოისა ("არმია")
ბოისაც ტუღუშის მსგავსად "არმიაში" "ენერჯიდან" მოხვდა. მას მწვრთნელი ლევან მოსეშვილი ბოლომდე ენდობოდა და ბოისაც დამაჯერებელი თამაშით მწვრთნელს იმედებს უმართლებდა.

2007 წელს ანატოლი ბოისამ ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ კარგად ითამაშა. მას მერე მეტი გამოცდილება მიიღო და ეროვნულ გუნდს წლეულს უფრო მეტად უნდა გამოადგეს.

მანუჩარ მარკოიშვილი ("კანტუ")
მანუჩარმა სეზონი ნაკრების წევრთაგან ყველაზე გვიან დაასრულა იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში "მონტეპასკის" ეთამაშებოდა. მანუს კლასზე ეს ფაქტიც ნათლად მეტყველებს. ნაკრებში მანუს ღირებულებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ვიქტორ სანიკიძე ("ვირტუსი")
13 მარტს ვიქტორმა იტალიის ვარსკვლავთა მატჩი ითამაშა... ესეც მრავლისმეტყველი მოვლენაა, თუმცა ერთს დავამატებთ: გასულ სეზონში მარკოიშვილის მსგავსად გარკვეული დრო ტრავმების გამო სანიკიძესაც გაუცდა. თუ მანუს არყოფნაში "კანტუ" გუნდური თამაშით შედეგს მაინც აღწევდა, ვიქტორის ტრავმა "ვირტუსის" შედეგებზე პირდაპირპროპორციულად ისახებოდა.

თორნიკე შენგელია ("პეპინსტერი")
თორნიკე 19 წლის ახალგაზრდაა. მან პროფესიულ დონეზე სეზონი სრულად წლეულს ჩაატარა - ბელგიის "პეპინსტერში" ითამაშა. საკმარისი გამოცდილებაც მიიღო და არაერთი ეფექტური მატჩი ჩაატარა.

შენგელიამ და მისმა აგენტმა 2011 წლის NBA-ს დრაფტზე შეიტანეს განაცხადი.

ნიკა ცქიტიშვილი ("ლაგუნ არო")
სკიტამ სეზონი ბასკურ "ლაგუნ აროში" კარგად დაიწყო. არაერთი ეფექტური მატჩი ჩაატარა, მაგრამ შუა სეზონში, როგორც იტყვიან მწვრთნლმა თვალში ამოიღო და ნიკაც იძულებული გახდა "ლაგუნ არო" მარტში ნაადრევად დაეტოვებინა.

ისევე როგორც ნაკრების წევრთა უმტესობას, სკიტასაც ახალი გუნდის ძიება უწევს.

ნიკა მეტრეველი ("რიმინი")
ნიკა ცქიტიშვილის მსგავსად მწვრთნელის ნდობა იტალიის მეორე ლიგაში მოასპარეზე ნიკა მეტრეველსაც აკლდა. არადა, სეზონის დასაწყისში ველოდით, რომ მეტრეველი საკუთარ თამაშს სწორედ "რიმინიში" იპოვნიდა. მას ომახიანი სიტყვის სათქმელად შესაფერისი კლუბის მოძიება გაისისთვის მოუწევს.

ვლადიმერ ბოისა ("ოლიმპია")
ბოისამ 2010 წლის ივნისში ნაოპერაციები მუხლი იანვარში მოირჩინა და სლოვენიის "ოლიმპიაში" ფორმის აღდგენა სცადა. ვოვამ სეზონის ბოლომდე კონდიციები აღიდგინა კიდეც, მაგრამ მწვრთნელი მხოლოდ 10-15 წუთს ათამაშებდა. ბოისა მეტს იმსახურებდა.

...საქართველოს ნაკრებში მას ყოველთვის მეტი დატვირთვა ჰქონდა.

გიორგი შერმადინი ("ოლიმპია")
სეზონის დასაწყისსა და ბოლოში არც გიორგი შერმადინი უნდა ყოფილიყო ბოძებული სათამაშო დროით კმაყოფილი, თუმცა როცა "ოლიმპიას" ფარქვეშეთის გამაგრება დასჭირდა, ევროლიგაზე მწვრთნელი 20-24 წუთს ათამაშებდა და "ბარსელონასთან" მატჩებმაც დაგვანახა, რომ საქართველოს ნაკრებში ზაზა ფაჩულიას ღისეული შემცვლელი ჰყავს.

ზაზა ფაჩულია ("ატლანტა")
როგორც ყოველთვის, ფაჩულიამ NBA-ში რეგულარულ ეტაპზე უკეთ პლეი ოფები ჩაატარა. ამის მიზეზი ისაა, რომ პლეი ოფებში დაძაბულობა მატულობს და მწვრთნელიც მეტად აფასებს მებრძოლი ხასიათის კალათბურთელებს. ფაჩულია შავ სამუშაოსაც კარგად ასრულებდა, საჭიროების შემთხვევაში სროლის სიზუსტითაც გამოირჩეოდა და როცა მისკენ ორლანდიელი ჯეისონ რიჩარდსონი გაენთო, არც აცია, არც აცხელა - თავი ჩაარტყა.

"ატლანტაში" დისკვალიფიცირებული ფაჩულია შეცვალეს. საქართველოს ნაკრებში კი ბოლო წლებში მეტად თავშეკავებით თამაშობს, რადგან იცის, რომ გუნდს ძალიან სჭირდება.

მიხეილ ბერიშვილი (თსუ)
მიშა ბერიშვილი საქართველოს ნაკრებში 2008 წელს შეიყვანეს და სლოვაკეთში სამქულიანი ტყორცნით საფინალო ანგარიშიც დააფიქსირა (103:78), თუმცა მას მერე 12 კალათბურთელში ვეღარ მოხვდა.

გასული სეზონი მან "არმიაში" დაიწყო, თუმცა თამაში არ უწევდა და თსუ-ში გადავიდა. სტუდენტთა რიგებში წარმატებული გარჯით მიშამ "სოხუმის" მწვრთნელის ყურადღება მიიპყრო და ივნისში სოხუმელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლაშა ფარღალავა (სოხუმი)
ლაშა საქართველოში დიდი ხნის შესვენების შემდეგ დაბრუნდა. იგი ამერიკის კოლეჯების ლიგაში თამაშობდა და საკუთარი კონდიციებიც გაიუმჯობესა. მასზე "სოხუმისა" და ლატვიის ნაკრების მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა თქვა: "კარგი გაგებით, ფარღალავასნაირი ველური კალათბურთელი ნაკრებს ნამდვილად გამოადგებაო..."

ლევან ფაცაცია (სოხუმი)
ლევანი დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით ახალგაზრდულ ნაკრებშიც თამაშობდა. თუმცა ეროვნულ გუნდში პირველად წლეულს გამოიძახეს. ისიც კოლეჯების ლიგიდან დაბრუნდა საქართველოში და "სოხუმს" ნახევარფინალში გასვლაში დიდად დაეხმარა.

გიორგი შარაბიძე (არმია)
გიორგიმ ორი სეზონი "ვალენსიაში" გაატარა და დიდი გამოცდილებაც მიიღო. გასული სეზონის დასაწყისში იგი ბელგიურ "შარლერუაში" ვარჯიშობდა, თუმცა იანვარში "არმიას" დაემატა და თასის ფინალშიც დაგვანახა, რომ ქართულ კალათბურთს კიდევ ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა მეფარე ჰყავს. გიორგი განსაკუთრებით სწრაფი თამაშისას იყო ეფექტური, რაც მეფარისთვის დიდი პლუსია.

მარკიზ ჰეინესი (გრან კანარია)
იგი საქართველოს ნაკრების დებიუტანტია. მარკიზი წლიდან წლამდე უმატებს. 2010 წელს კოლეჯების ლიგიდან ფრანგულ "შალონში" გადავიდა, საიდანაც ახლახან ესპანურ "გრან კანარიაში" მოხვდა. მის კლასზე ისიც მიუთითებს, რომ კანარებზე გადასვლამდე მისი გადაბირების სურვილი მადრიდის "რეალმა" გამოხატა.

მარკიზზე უახლოეს დღეებში უფრო ვრცლად ვილაპარაკებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული