დაიწყო თორმეტმა

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრები ოფიციალურად 24 ივლისს ავსტრიის ქალაქ შტაინბურნში შეიკრიბება. მანამდე ყველა წევრი ინდივიდუალურად ემზადება, ზოგი ამერიკაში, ზოგი ევროპაში... ეროვნულ გუნდში გამოძახებულთა დიდი ჯგუფი საქართველოშია და ოფიციალური შეკრებისთვის 1 ივლისიდან ერთად ემზადება.

ისინი ვაკეში მდებარე კალათბურთის აკადემიის დარბაზში ფიზმომზადების მწვრთნელ ავთო ბერიძის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ. საქართველოს ნაკრები ამით ლიტვაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირისთვის მზადებას შეუდგა.

ნაკრების წევრობის 18 კანდიდატიდან საწყის ვარჯიშებზე ბერიძის განკარგულებაში 12 კალათბურთელი გახლდათ - ლაშა გამყრელიძე, გიორგი ცინცაძე, კოტე ტუღუში, ანატოლი ბოისა, ლაშა ფარღალავა, ლევან ფაცაცია, მიხეილ ბერიშვილი,
ვიქტორ სანიკიძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ნიკა მეტრეველი, გიორგი შარაბიძე და გიორგი შერმადინი.

ზაზა ფაჩულია, ვლადიმერ ბოისა, მანუჩარ მარკოიშვილი, თორნიკე შენგელია, ტორინ გრინი, მარკიზ ჰეინსი და მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი ნაკრებს ავსტრიული შეკრების დროს შეუერთდებიან, რომელიც 24 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

გუშინ რამდენიმე კითხვით მივმართეთ ვიქტორ სანიკიძეს...

- მზადებას პირველიდან შევუდექით. სამი დღე ვვარჯიშობთ, ერთი დღე ვისვენებთ. ავთო ბერიძის ხელმძღვანელობით ვემზადებით და აქცენტი ფიზმომზადებაზე გვაქვს გადატანილი.

- დარბაზის გარეთაც ხომ არ დარბიხართ?
- არა. აკადემიის დარბაზში ვვარჯიშობთ, დღეში ერთხელ, უბურთოდ, თუმცა წვრთნის დასრულების შემდეგ, ვისაც სურს ბურთთან ინდივიდუალურად მუშაობს. ახალგაზრდული ნაკრები ჰოლანდიიდან რომ დაბრუნდება ამხანაგურადაც ვითამაშებთ. ვფიქრობ, 24 ივლისისთვის მეტ-ნაკლებად სასურველ კონდიციებში ვიქნებით.

- ბოლოს საკლუბო ამბავს გკითხავ. "ვირტუსი" ახალ კონტრაქტს გთავაზობდა...
- ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, "ვირტუსის" ხელმძღვანელებისგან ახალ ხელშეკრულებას ველი, თუმცა ჯერჯერობით ისევ უკლუბოდ ვარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული