ექსკლუზივი იგორ კოკოშკოვთან - რა პლუსი გვაქვს რუსეთ-სლოვენიასთან?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს ამერიკელი დებიუტანტი ეყოლება - მარკიზ ჰეინსი. შეკრებაზე ასევე გამოცხადდება ტორინ გრინი. მათგან რომელი დაიცავს ეროვნული გუნდის ღირსებას ევროპის ჩემპიონატზე?

რა შეიძლება ითქვას ჩვენს საევრობასკეტო მეტოქეებზე, ბელგიაზე, რუსეთზე, სლოვენიაზე, უკრაინასა და ბულგარეთზე? მთავარი კითხვა კი ასე ჟღერს - რას უნდა ველოდეთ ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტი საქართველოსგან?

ამ კითხვებზე პასუხი, შესაძლოა, გულშემატკივარსაც აქვს, ჟურნალისტებსაც, მაგრამ ყველაზე კომპეტენტური მაინც მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვია, რომელიც ქართულ კრებულს 2008 წლიდან ავარჯიშებს და კონტრაქტი ევრობასკეტის დასრულებასთან ერთად ეწურება.

ჰოდა, მოვუსმინოთ ბატონ იგორს, რომელსაც გუშინ, 4
ივლისს საღამოს ამერიკაში დავუკავშირდით.

- მნიშვნელოვანი სიახლე ამერიკელი მარკიზ ჰეინსის გაქართველებაა...
- იგი პირველად ორი წლის წინათ ვნახე და მას მერე ვაკვირდები. მაშინ ჰეინსი ჩვენთან, "ფინიქსში" ვარჯიშობდა, დიდი შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. გასული სეზონის წინ ევროპაში გადავიდა და ფრანგულ "შალონში" პირველივე წელი მაღალ დონეზე ჩაატარა. ლოგიკური იყო ჰეინსით ევროპის წამყვანი კლუბების დაინტერესებაც.

- მის მონაცემებზე რას იტყვით?
- პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, მარკიზი დადებითი პიროვნებაა, შრომა არ ეზარება და რაც მთავარია - შეუძლია როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური თამაში. საქართველოს ნაკრებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჰეინსი ახალგაზრდა, 25 წლისაა და თუ გუნდს კარგად მოერგო არაერთ სეზონს ითამაშებს ნაკრებში. მარკიზი ფიზიკურად ძალიან ძლიერია და დიდი პერსპექტივაც აქვს. მჯერა, რომ იგი ევროპაში დროებითაა, გამოცდილებას მიიღებს, ამერიკაში დაბრუნდება და NBA-ში ითამაშებს. სხვათა შორის, ჰეინსი აშშ-ს კემპებში წლეულსაც აპირებდა მონაწილეობას, მაგრამ ლოკაუტის გამო, როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ არ ვიცი.

- ასევე საინტერესოა ტორინ გრინის ჯანმრთელობის მდგომარეობა...
- ტორინმა დღესაც დამირეკა. იგი აუცილებლად გამოცხადდება შეკრებაზე და ნაკრებთან ერთად მოემზადება. გრინი ძლიერი უკანახაზელია, რაც საქართველოს ნაკრებში თამაშითაც დაამტკიცა და საკლუბო კარიერითაც. თუმცა სამწუხაროდ, გასული სეზონის ბოლოს მძიმე ტრავმა მიიღო - ფეხის თითი დაიზიანა. როგორც თავად ამბობს, რეაბილიტაციის პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს, ვარჯიშსაც შეუდგა.

- ნაკრებს ევრობასკეტზე გრინი დაეხმარება თუ ჰეინსი, ალბათ, ბოლო მომენტში გადაწყვეტთ.
- ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ახლა მთავარია, ორივე კალათბურთელს ხელი შევუწყოთ, რათა ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხი ავარიდოთ. ჰეინსს ნაკრებში აკლიმატიზაცია აქვს გასავლელი, ახალი თანაგუნდელები უნდა გაიცნოს და გუნდის ნაწილად იგრძნოს თავი. გრინმა კი ტრავმის მერე ჯერ რეაბილიტაცია უნდა გაიაროს, შემდეგ ნაკრებთან ერთად ფორმაში შევიდეს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით დღეს მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია: რომელი ამერიკელიც უკეთეს კონდიციებში იქნება, ევროპის ჩემპიონატზეც ის ითამაშებს.

- მოსამზადებელ გეგმაზეც გკითხავთ, რომლის მიხედვით აგვისტოში 12 საკონტროლო მატჩი გელით.
- საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან მეოთხე წელია ვთანამშრომლობ და ერთობლივად აქამდეც კარგად ვადგენდით მოსამზადებელ გეგმას. წლევანდელი წინასაევროპო პროგრამაც ნაყოფიერად მუშაობის საშუალებას მოგვცემს. გვაქვს დრო ფიზიკური კონდიციების ასამაღლებლად. ხოლო 12 ამხანაგური მატჩი ჩვენი შრომის შედეგის დანახვაში დაგვეხმარება - გამოჩნდება დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომლებსაც 31 აგვისტომდე უნდა მივხედოთ.

- რისი იმედი უნდა გვქონდეს ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებისგან?
- ალბათ, დამეთანხმებით, რომ გუნდი ყოველწლიურად პროგრესს განიცდის, თამაშსაც აუმჯობესებს, რისი დასტურიც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა. პირველ რიგში ნაკრებისგან ახალ სიმაღლეზე ასვლას ველი, პროგრესი წლეულსაც უნდა გაგრძელდეს. ისევე როგორც წინა წლებში, ამჯერადაც ბევრს ვიშრომებთ და იმედია, დაგვიფასდება.

წინასწარ ვიტყვი - ევროპის ჩემპიონები ვერ გავხდებით, მაგრამ ეს მიზნად არავის დაუსახავს, ჩვენი მთავარი ამოცანა ევრობასკეტისთვის სათანადო კონდიციებში შესვლაა, რათა საქართველოს ნაკრებმა ევროპას თავისი შესაძლებლობები სრულად უჩვენოს. ვარჯიშის პარალელურად, ამისთვის აუცილებელია ფსიქოლოგიაზე მუშაობაც, რაც ნაკლები იქნება ზეწოლა კალათბურთელებზე, მით უკეთესად ითამაშებენ ისინი.

- საინტერესოა თქვენი მოსაზრება ნაკრების მეტოქეებზე.
- ჩვენი ჯგუფის წარმომადგენლებიდან მხოლოდ საქართველოს ნაკრებია ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გამოცდილების მიღება იქნება. არიან შედარებით გამოცდილი ნაკრებებიც და ისეთებიც ყოველ ევრობასკეტზე რომ თამაშობენ. ბელგია და ბულგარეთი 2010 წელს შესარჩევ ეტაპზეც ჩვენს ჯგუფში იყვნენ და კარგად ვიცნობთ. ისინი ევროპის ჩემპიონატისთვის კიდევ უკეთესად მოემზადებიან, სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრები შარშანდელთან შედარებით ერთი-ორად გაუმჯობესებული უნდა იყოს.

- სლოვენიის ნაკრებში ითამაშებს "ფინიქსში" თქვენი ყოფილი შეგირდი გორან დრაგიჩი...
- გორანი მაღალი დონის კალათბურთელია. მის გარდა სლოვენიელებს კიდევ არაერთი NBA-ს და ევროლიგის მოთამაშე ჰყავთ, მაგრამ მეტოქის სიძლიერეზე ყურადღების გამახვილებას სჯობს საკუთარ თამაშზე მოვახდინოთ ფოკუსირება, რადგან ამა თუ იმ შეხვედრის შედეგი პირველ რიგში ჩვენზეა დამოკიდებული. ასევე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს რუსეთს. მათ შიდა ჩემპიონატში დიდი ფული იხარჯება და მაღალი დონის პირველობაც აქვთ. ასეა თუ ისე, რუსეთთან და სლოვენიასთან უპირატესობა მაინც გვაქვს: მათ საქართველოს ნაკრებთან უნდა მოიგონ, ჩვენ უნდა ვითამაშოთ.

- უკრაინას ამერიკელი მწვრთნელი უხელმძღვანელებს (მაიკ ფრატელო)...
- უკრაინას შარშან ამხანაგურად ვეთამაშეთ, თუმცა წლეულს სახეცვლილი გუნდი ეყოლება. მეტოქეებზე სრული წარმოდგენა მას შემდეგ შემექმნება, რაც საკონტროლო მატჩებში ჩაებმებიან.

- წარმატების იმედით დაგემშვიდობებით.
- მეც წარმატებას ვუსურვებ ქართველ ხალხსა და ნაკრებს. ვფიქრობ, გულშემატკივარმა კარგად იცის, რომ უმაღლეს დონეზე გვიწევს ასპარეზობა, სადაც მოსალოდნელია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგი. თუმცა, მთავარი ისაა, რომ საქართველოს ნაკრები მშენებარე გუნდია, დიდ ყურადღებას ვუთმობთ ახალგაზრდობას, რათა მომავალში უფრო უკეთესად ვითამაშოთ და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა არა ლოკალურ წარმატებად, არამედ კანონზომიერებად ვაქციოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული