კემპი ერთ ან ორკვირიანი გაგვიგია, მაგრამ სამთვიანი საზაფხულო ბანაკის შესახებ პირველად შევიტყვეთ. ალბათ, მკითხველსაც აინტერესებს სერბული კემპის არსი, მასში ქართველთა როლი და სამომავლო პერსპექტივა.
ამ საკითხებში ყველაზე უკეთ გიგა კვეტენაძე გაგვარკვევს, რომელსაც სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ველაპარაკეთ:
- კემპზე უამრავი ახალგაზრდა კალათბურთელია შეკრებილი, ზოგი სერბეთის უმაღლეს ლიგას წარმოადგენს, ზოგი ბულგარეთიდანაა, ბოსნიიდან, გერმანიიდან... საქართველოდან
კემპის დასრულების შემდეგ მოეწყობა ერთგვარი დრაფტი...
- საზაფხულო ბანაკი 10 აგვისტომდე გასტანს, შემდეგ მოეწყობა დრაფტი და მწვრთნელები გამორჩეულ კალათბურთელებს კლუბებში აიყვანენ. თუმცა, მანამდე დიდი დრო და ბევრი სამუშაოა, - განაგრძობს გიგა.
მას ვარჯიშების სპეციფიკაზეც ვკითხეთ.
- კვირაში ორჯერ სამჯერადი ვარჯიშები გვაქვს, სხვა დღეებში - ორჯერადი. მწვრთნელები სერიოზულად გვეკიდებიან. ფიზმომზადებაში ცალკე ვვარჯიშობთ - მწვრთნელს საფეხბურთო "ცრვენა ზვეზდას" სტადიონზე დავყავართ და იქ გვამზადებს.
როგორც ირკვევა, ბელგრადში ყველა კალათბურთელს ინდივიდუალურად წვრთნიან.
- ლევან სულაბერიძე ცენტრისთვის საჭირო ვარჯიშებს ასრულებს, დრიბლინგზეც მუშაობს. მე სამ პოზიციაზე მცდიან - მსუბუქ ფორვარდად, მსროლელად და გამთამაშებლად. ტყორცნის სიზუსტესაც დიდი ყურადღება ექცევა, - დასძენს კვეტენაძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"