ფაჩულიამ შაბათს ღამით გვითხრა, რომ "ბეშიქთაშთან" შეთანხმება მიღწეულია და კონტრაქტს ხელმოწერაღა აკლია. ასევე თითქმის გადაწვეტილია დერონ უილიამსის საკითხიც...
თურქები მხოლოც კარგი უკანახაზელისა და ცენტრის დამატებით როდი იფარგლებიან - არც მეტი, არც ნაკლები კობი ბრაიანტის დამატებას აპირებენ. ამის შესახებ "ბეშიქთაშის" თავკაცმა ერგინ ატამანმა "ნიუ იორკ
- ლოკაუტისას ბრაიანტს უქმობა არ სურს. ამიტომ მზადაა, ჩვენთან ერთად მოლაპარაკებათა მაგიდას მიუჯდეს.
ფაჩულია, უილიამსი, ბრაიანტი... საოცარი ტრიო იქნება, თუმცა უფრო საოცარი იცით რა არის? - არსებობს ალბათობა, რომ მათ 6 დეკემბერს თბილისის სპორტის სასახლეში ითამაშონ. როგორ? ამ კითხვაზე პასუხს ზაზა ფაჩულიას ინტერვიუში წაიკითხავთ.
ბეშიქთაში
ლოკაუტის დასრულებამდე
ზაზას ატლანტაში დავუკავშირდით და დავუსვით კითხვა, რომელიც ბოლო დღეებში ყველაზე მეტჯერ აქვს მოსმენილი:
- რამდენად რეალურია "ბეშიქთაშში" გადასვლა?
- მას მერე, რაც NBA-ში ლოკაუტი გამოცხადდა, ცნობილ ანალიტიკოსთა მოსაზრებებს ხშირად ვეცნობი. ზოგი ამბობს, გაფიცვა ნახევარ წელიწადს გასტანს, ზოგი ლოკაუტის გაგრძელებას სეზონის ბოლომდე ვარაუდობს. ამ დასკვნებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ლოკაუტი მალე არ დასრულდება. ამიტომ კარიერის ევროპაში გაგრძელება გადავწყვიტე. ოღონდ დროებით. "ბეშიქთაშში" ლოკაუტის დასრულებამდე ვითამაშებ, შეიძლება ერთი კვირა, რამდენიმე თვე, ან მაქსიმუმ ერთი სეზონი.
- კონტრაქტზე ხელი ხომ არ მოგიწერია?
- ხელშეკრულება მზადაა, ყველაფერი შეთანხმებულია და მალე ავტოგრაფსაც დავსვამ.
- იყო ლაპარაკი, თითქოს, "ბეშიქთაში" ოთხწლიან ხელშეკრულებას გთავაზობდა და უარი უთხარი.
- ასეთი შემთხვევა მართლაც იყო, ოღონდ არა "ბეშიქთაშთან" მიმართებაში. როცა სხვა თურქულმა კლუბებმა (მათ შორის "ეფესმა") გაიგეს, ევროპაში თამაშით ვიყავი დაინტერესებული, ეგონათ, დიდი ხნით ვაპირებდი ძველ კონტინენტზე დარჩენას და რამდენიმეწლიანი კონტრაქტიც შემომთავაზეს, თუმცა უარი ვუთხარი. ალბათ, გასაგებია რატომაც: სადღეისოდ კალათბურთის სათამაშოდ ატლანტაზე უკეთესი ადგილი არ მეგულება. იქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ, გულშემატკივრებიც პატივს მცემენ და NBA-ს ლოკაუტის დასრულების შემდეგ "ჰოქსში" კვლავ სიამოვნებით ვითამაშებ. მით უმეტეს, რომ გუნდთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს.
- არის ალბათობა, "ბეშიქთაშთან" ერთად თბილისში "არმიის" წინააღმდეგ ითამაშო...
- "ბეშიქთაში" ევროთასის შესარჩევზე ბელგიის "მონსს" დაუპირისპირდება. "არმიასთან" ჯგუფში ამ წყვილში დამარცხებული მოხვდება. არც მე და არც დერონ უილიამსი წაგებას არ ვაპირებთ. ეს ჩემთვის ორმაგად არასასიამოვნო იქნება: ჯერ ერთი, ბელგიელებთან წაგება დაუშვებელია და მეორე - თბილისში ქართული გუნდის წინააღმდეგ თამაში.
სპორტის სასახლეში მიჩვეული ვარ საქართველოს სახელით სხვა ქვეყნის გუნდების წინააღმდეგ გამოსვლას და ვერ წარმომიდგენია ჩემი მეგობრების წინააღმდეგ როგორ უნდა გამოვიდე. თუმცა, პროფესიონალი ვარ და ყველას ესმის, რომ სპორტი ბიზნესია, სადაც მეგობრობა არ არსებობს. მეტოქე - სპორტულ ენაზე რომ ვთქვათ, მტერია. ძალას არ დავიშურებ, რომ "არმიასთან" შეხვედრის ალბათობა გამოვრიცხო.
NBA
ამერიკაში ყველაზე საინტერესო მოვლენა პლეი ოფია
გასულ სეზონში "ატლანტა ჰოქსის" მონაწილეობით არაერთი მატჩი ვნახე და NBA-ს დასრულების შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ზაზა ფაჩულიასთვის გასული სეზონი კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. კალათბურთელიც ასე ფიქრობს:
- საქართველოს ნაკრებში და "ატლანტაში" სხვადასხვა ფუნქციები მაქვს. ეროვნულ ნაკრებში ლიდერი ვარ, თავდასხმაშიცა და დაცვაშიც, ბურთს ვხსნი, ვუტევ... "ატლანტაში" შედარებით ნაკლები სათამაშო დრო მაქვს, რაც მეტი კონკურენციითაა გამოწვეული. ამერიკაში, პირველ რიგში, დაცვაში კარგად თამაში მევალება, მოხსნა, სამწამიანი ზონის გამაგრება, ჯონსონის, სმიტის და სხვა ლიდერების დახმარება... მიმაჩნია, რომ ასეთი წარმატებული სეზონი ჯერ არ მქონია. ეს ქულა-მოხსნების რაოდენობაში არ გამოიხატება, მთავარია გუნდს მოვუტანე სარგებელი.
ნებისმიერი კლუბი წარმატებული მაშინაა, როცა თითოეული თავის საქმეს აკეთებს. ხოლო თუ ყველა ლიდერობისკენ ისწრაფვის, აუცილებლად პრობლემები იქმნება. გავიხსენოთ თუნდაც ამერიკის ნაკრები, რომელიც ოლიმპიადასა თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე წარმატებას ვერ აღწევდა. იმიტომ, რომ გუნდში ყველა ლიდერი იყო...
- შენი და ჯეისონ კოლინზის შრომა განსაკუთრებით მას შემდეგ დააფასეს, რაც პლეი ოფის პირველ ეტაპზე გზიდან დუაით ჰოვარდის "ორლანდო" ჩამოიცილეთ.
- იაო მინმა და შაკილ ონილმა კარიერა დაასრულეს. შესაბამისად, ჰოვარდი სადღეისოდ NBA-ს საუკეთესო ცენტრია. პლეი ოფები ამერიკაში ყველაზე საინტერესო მოვლენაა. ამიტომ, თითოეული კალათბურთელი ცდილობს პლეი ოფს მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს, რადგან ან იგებ, ან სახლში მიდიხარ. ასევე ფიქრობს დუაით ჰოვარდი და ცხადია, ისიც საუკეთესო კონდიციებში შეხვდა "ატლანტასთან" პაექრობას. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანა მისი შეჩერება იყო. ან დუაითი უნდა შეგვებოჭა, ან სეზონი დაგვესრულებინა.
ჰოვარდი იმდენად ძლიერია, რომ მხოლოდ ერთ მეურვეს მასთან გამკლავება ყოველთვის უჭირს, ამიტომ მე და კოლინზს სხვებიც გვეხმარებოდნენ, "ატლანტას" მწვრთნელმა წინა ხაზში არსებული რესურსი სრულად აამოქმედა... "ორლანდოს" კი ჰოვარდის შემცვლელი არ ჰყავდა და ვიცოდით, რომ პლეი ოფში ვერავინ შეძლებდა ყველა მატჩის მაღალ დონეზე ჩატარებას. ასეც მოხდა: თავიდან დუაითი 40 ქულას ასცდა, მაგრამ მისი გუნდი დავამარცხეთ, შემდეგ 33 ქულა ჩააგდო, ხოლო ბოლო მატჩებში გაცილებით ნაკლებს აგროვებდა.
მასმედიაც და სპეციელისტებიც თვლიან, რომ მე და კოლინზმა "ორლანდოს" დამარცხებაში საკუთარი წვლილი შევიტანეთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი ფუნქცია ამოვწურე - დასახვეწი კიდევ მაქვს... სპორტული ცხოვრება ბევრ შრომას მოითხოვს - ერთ ადგილას არ უნდა გაჩერდე, ყოველწლიურად უნდა მოუმატო. ამას, პირველ რიგში, ახალგაზრდების გასაგონად ვამბობ.
- რამდენიმე წლის წინათ მითხარი - ყოველ ზაფხულს ერთ რომელიმე კომპონენტს ვაუმჯობესებო...
- წლეულსაც იმავეს ვაკეთებ. მქონდა არაერთი შეცდომა, რაც გამოსწორებას მოითხოვს, ასევე უნდა გავაუმჯობესო სამწამიანი ზონის გარედან ტყრცნების რეალიზების პროცენტული მაჩვენებელი. NBA-ში დაახლოებით 400 კალათბურთელია, რომელთაგან თამაში 250-მდე სპორტსმენს უწევს. კონკურენცია ძალიან დიდია და ნებისმიერ კალათბურთელს მოეძებნება შემცვლელი. სწორედ ამიტომ ვამბობდი ამერიკაში გადმოსვლისას: NBA-ში მოხვედრა რთულია, მაგრამ უფრო ძნელია ლიგაში ადგილის შენარჩუნება.
ცხოვრებაში ყოველთვის გეძლევა შანსი, რომელსაც გამოყენება უნდა - დიდი შრომის გარეშე შანსის გამოყენება ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შეუძლებელია.
- შუა სეზონში იყო საუბარი შენს "ჰიუსტონში" გადასვლაზე...
- "ატლანტას" დატოვება ნამდვილად არ მინდოდა, რადგან შუა სეზონში ძნელია წინასწარ განსაზღვრო როგორ შეეწყობი ახალ გუნდს. თუმცა, გაცვლით "ატლანტა" და "ჰიუსტონი" იყვნენ დაინტერესებულები და წინ ვერ აღვუდგებოდი. საბოლოოდ მენეჯერმა მითხრა - სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ისევ "ატლანტაში" ითამაშებო. სეზონი გაგრძელდა და ცუდი იყო თუ კარგი "ჰიუსტონში" გაცვლასთან დაკავშირებულ ამბებზე აღარ მიფიქრია.
- შუა სეზონში მწვრთნელთან უთანხმოებაც მოგივიდა.
- "ჩიკაგოსთან" მატჩის ბოლო პერიოდში შინ 30 ქულის სხვაობით ვაგებდით, როცა შორი მანძილიდან ვისროლე. მწვრთნელს არ მოეწონა და მოედნიდან გასვლის შემდეგ შევლაპარაკდით. თუმცა, ბავშვი არ ვარ, ყველაფერი ერთი სიტყვით გადამეწყვიტა - მეორე დღეს მწვრთნელი შემხვდა, დავილაპარაკეთ. იმან თავისი სათქმელი მითხრა, მე - ჩემი და მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელეთ.
საქართველო
ისტორიული მოვლენის მოლოდინში
მკითხველს, ალბათ, აინტერესებს, როდის შეუერთდება ფაჩულია ეროვნულ ნაკრებს.
- 24 ივლისს, შეკრების პირველივე დღეს გუნდს ავსტრიაში შევუერთდები.
- ალბათ, ვარჯიშს უკვე შეუდექი.
- ამ საკითხზე მწვრთნელ იგორ კოკოშკოვსაც ველაპარაკე და ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანსაც. ისეთი რეპუტაცია მაქვს, რომ ნაკრების ოფიციალურ შეკრებას ყოველთვის მომზადებული ვხვდები. არც წლეულს დავუშვებ გამონაკლისს - დღეს მეორე ვარჯიშიდან გამოვედი და საღამოს მესამედ ვაპირებ დარბაზში შესვლას.
- მოსამზადებელი გეგმა ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესოა...
- ამჟამად ძნელი სათქმელია, რამდენად კარგადაა დაგეგმილი მოსამზადებელი ციკლი. საუკეთესო იყოო, მაშინ ვიტყვი, როცა აგვისტოს ბოლოს მთელი გუნდი სათანადო კონდიციებში შეხვდება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა წინა წლებთან შეადრებით თითქმის არ შეცვლილა, სწორედ ამ გუნდმა მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება და ყველა კალათბურთელის შესაძლებლობას ვიცნობთ.
ვარჯიშებზე ძალა არ უნდა დავზოგოთ, რათა ლიტვაში ჩავიტანოთ მაქსიმუმი იმისა, რაც გვისწავლია. საქართველოს ნაკრები ხომ პირველად მოხვდა ასეთი დონის შეჯიბრებაში. ეს ისტორიული მოვენაა არა მხოლოდ ქართული კალათბურთის, არამედ ქართული გუნდური სპორტისთვის.
- მეტოქეები საუკეთესო შემადგენლობებით ჩამოვლენ. ბელგიელებს ეყოლებათ მბენგა, რუსებს - კირილენკო...
- სწორედ მაშინ ირჯები საუკეთესოდ, როცა ძლიერ მეტოქეს ეთამაშები. საზოგადოდ ასეა: შენზე უკეთესთან ჭიდილში სწავლობ თამაშს. მეტი შრომა დაგვჭირდება. ეს ლოგიკურიცაა: გემრიელი ისაა, რაც უფრო ძნელად მისაღწევია. კარგია, ჩვენი მეტოქეები ოპტიმალური შემადგენლობებით რომ ითამაშებენ. ჩემი აზრით, ევროპაში არ არის ისეთი კალათბურთელი, რომელსაც ვერ გავუმკლავდები (არ ვამბობ, ვაჯობებ-მეთქი), ასევეა ჩვენი გუნდიც.
- ლიტვაში უამრავი ქართველი ქომაგი აპირებს ჩამოსვლას...
- წავიკითხე, რომ ჩვენი ჯგუფის ბილეთების საერთო რაოდენობა ქართველებს აქვთ ნაყიდი, რაც ძალიან მახარებს. როგორც ჩანს, ქომაგიც მოუთმენლად ელის ისტორიულ მომენტს. კალათბურთელისთვის ბევრს ნიშნავს სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა უმეტესობა შენიანია. ქომაგების დიდი იმედი მაქვს და ასევე ვეცდებით, იმედი არ გავუცრუოთ და სასურველი შედეგი ვუჩვენებთ.
- "სასურველ შედეგში" რა იგულისხმება აღარ გკითხავ...
- დღეს ძნელია ნებისმიერი შედეგის წინასწარ განსაზღვრა, ყველა ყველას უგებს. შესაძლოა დიდმა გუნდმა პატარასთან წააგოს და - პირიქით. ასეთი მომენტის მსხვერპლი მეც ვყოფილვარ. არ შეიძლება ითქვას - ამ თამაშს აუცილებლად მოვიგებთ-თქო, მთავარია, საბრძოლველად ვიყოთ მზად. მხოლოდ იმას შეგპირდებით, რომ ჩვენი მონაწილეობით თითოეული შეხვედრა საინტერესო სანახავი იქნება და გულშემატკივარი უშეღავათო ბრძოლას იხილავს. სწორედ ამ გზით უნდა მივაღწიოთ სასურველ მიზანს - ჯგუფში საუკეთესო სამ გუნდს შორის მოვხვდეთ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"