ჩარტერთან დაკავშირებით

AutoSharing Option
ბელგიასთან მატჩის შემდეგ დავწერეთ: ბიჭებს ჩარტერი სჭირდებათ. ისინი მეტოქის და მსაჯების პარალელურად მგზავრობით გადაღლილობას არ უნდა ებრძოდნენ. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ, ვისაც რით შეუძლია, ნაკრებს მხარში უნდა დაუდგეს, ყველა პირობა შეუქმნას და მივიღებთ შედეგს, რაც ევროპულ ოჯახში საქართველოს ტოპ-ქვეყნების გვერდით დააყენებს. სპორტულ ენაზე რომ ვთარგმნოთ - ევრობასკეტზე მოვხვდებით.

კალათბურთის ფედერაციამ ნაკრებს კარგი მოსამზადებელი პირობები შეუქმნა: გუნდმა ივლისის დასაწყისიდან 20-მდე ავსტრიაში ივარჯიშა და ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ამას მოჰყვა თბილისის ოთხთა ტურნირი და პოლონეთთან შეხვედრისას დავრწმუნდით, რომ ნაკრები შესარჩევ ტურნირს სათანადო
კონდიციებში შეხვდა.

თუმცა კარგი მწვრთნელი, ფორმაში ყოფნა და ნიჭიერი კალათბურთელები ევრობასკეტზე მოხვედრის გარანტიად არ უნდა ჩაითვალოს. იმისთვის, რომ საქართველოდან შორეულ ქვეყნებში ჩაფრენილმა გუნდმა შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს, აუცილებელია, მგზავრობაში რაც შეიძლება ნაკლები დრო დახარჯოს და უფრო მნიშვნელოვანია - ღამე არ გატეხოს. ამის აღმოსაფხვრელადაა სწორედ აუცილებელი თვითმფრინავის დაქირავებით გამგზავრება.

სხვათა შორის, ეს მხოლოდ ერთ საკალათბურთო მიმომხილველს არ შეუმჩნევია, რედაქციამ პირდაპირ დამავალა - დაწერე, რომ ნაკრებს ჩარტერი სჭირდებაო.

გუშინ შევიტყვეთ, რომ ბულგარეთთან და პოლონეთთან ორ გასვლით მატჩში (14 და 17 აგვისტოს) ნაკრები ჩარტერული რეისით არ გაემგზავრება. ამ საკითხთან დაკავშირებით კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს დავუკავშირდით...
- სხვებთან ერთად ჩვენც კარგად გვესმის, რომ, როცა ნაკრების წარმატებაზე ზრუნავ, ყოველმხრივ უნდა დაეხმარო. ძალიან გვინდოდა, რომ დაქირავებული თვითმფრინავით ნაკრები სასურველ დროს გამგზავრებულიყო და კომფორტულად ევლო. ვიდრე გასვლითი მატჩების ბილეთებს დავჯავშნიდით, გავარკვიეთ ჩარტერული რეისებისთვის საჭირო თანხები.

მაგალითად, ბელგიაში დაქირავებული თვითმფრინავით რომ წავსულიყავით, 90 ათასი ევრო გვჭირდებოდა. ოთხი ასეთი რეისი 400 ათას ევრომდე ღირდა, რისი საშუალება სადღეისოდ არც ჩვენ გვაქვს და არც სპორტის სამინისტროს. მთავრობა ამის გარეშეც ბოლომდე გვერდში გვიდგას და ყველანაირად გვეხმარება.

90 ათასი ევრო მართლაც დიდი თანხაა და ძნელია, ვინმეს ამ ფულის გაღება დაავალდებულო. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პორტუგალიასთან 26 აგვისტოს გასვლით მატჩს შეიძლება საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ამიტომ, პირადად მე, რიგითი კორესპონდენტი ვთხოვ მთავრობას - პორტუგალიაში მოგებას თუ სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება, იქნებ ფაფეში (მატჩი ამ პატარა ქალაქში იმართება) მაინც გაემგზავრნონ ჩვენები დაქირავებული თვითმფრინავით. მით უმეტეს, რომ ბელგიის მსგავსად ცალკე ჯმუხი პორტუგალიელები იქნებიან დასაძლევნი, ცალკე მსაჯები...

მკითხველის კომენტარები / 1 /
სირცხვილი ფედერაციას და მასთან ერთად ყველას, ვისაც ეს საკითხი ეხება და ყურს არ იბარტყუნებს. მით უმეტეს, პორტუგალიის მერე უმნიშვნელოვანესი თამაშია ბულგარეთში და აქ რომ გადაჯდომებით წავლენ კაი დღეში იქნება გუნდი.
მოლედ შედეგს ითხოვენ, მაგრამ ფულის დახარჯვა და ტრ..ის განძრევა და სპონსორის მოძებნა არავის უნდა
gulshematkivari
17:27 10-08-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული