ანატოლი ბოისა: რუსეთთან მატჩი ისეთივე რიგითია, როგორიც დანარჩენ მეტოქეებთან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ძირითადი ბირთვი თბილისში მოემზადა და 24 ივლისს, დილას ავსტრიაში გაფრინდება, სადაც მათ მთავარი მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი, ზაზა ფაჩულია, ვლადიმერ ბოისა, ტორინ გრინი და მარკიზ ჰეინსი შეუერთდებიან.

ნაკრების შეკრებასა და სამომავლო მიზნებზე ანატოლი ბოისა გვესაუბრება.

- თბილისში მყოფი საქართველოს ნაკრების კალათბურთელები 1 ივლისს შევიკრიბეთ და ფიზმომზადების მწვრნელის, ავთო ბერიძის ხელმძღვანელობით ვვარჯიშობთ. ვფიქრობ, კონდიციები გავიუმჯობესეთ და 24 ივლისის ოფიციალურ შეკრებას მომზადებულები ვხვდებით.

- ითამაშეთ ამხანაგური მატჩი ახალგაზრდულ ნაკრებთან...
- თამაში ჩვენც წაგვადგა
და ახალგაზრდებსაც, თუმცა მაშინ ვარჯიში ახალი დაწყებული გვქონდა და მოუმზადებლები ვიყავით. 20-წელამდელებს მართლაც კარგი გუნდი ჰყავთ და იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში სასურველ შედეგს მიაღწევენ.

- ეროვნულ ნაკრებს 12 საკონტროლო მატჩის ჩატარება მოუწევს.
- რაც მეტს ვითამეშებთ, მით უკეთესად შევთამაშდებით. მოსამზადებელი ციკლი კარგადაა დაგეგმილი და ვიმედოვნებ, ოფიციალურ შეხვედრებს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდებით.

- ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მთავარი მიზანი რა არის?
- ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე სამი ნაკრები ითამაშებს. ჩვენი მიზანიც ჯგუფიდან გასვლაა. მნიშვნელობა არა აქვს რომელ გუნდთან მოვიგებთ და რომელთან წავაგებთ - მთავარია მიზანს მივაღწიოთ. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია პირველივე შეხვედრის მოგება: ბელგიელებთან მატჩს ჩვენთვის ასმაგი დატვირთვა აქვს. ამ გუნდთან შარშან ორივე შეხვედრა დავთმეთ და რევანში გვწყურია. ამასთან, უნდა ითქვას, რომ რეალურად ნამდვილად შეგვიძლია ბელგიის ძლევა.

- ფავორიტებთან დაპირისპირებებზე რისი თქმა შეიძლება?
- ბევრი ლაპარაკობს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა დაპირისპირებაზე. თუ გულშემატკივრისთვის ეს იქნება ყველაზე პრინციპული მატჩი, ჩვენთვის, კალათბურთელებისთვის რიგითი ორთაბრძოლა უნდა იყოს - სპორტი სპორტია და თუ წარმატებაზე ვფიქრობთ, ბოლო შეტევამდე უნდა ვიბრძოლოთ. მნიშვნელობა არა აქვს მეტოქე რუსეთია, ბულგარეთი თუ ბელგია. არც ის შეიძლება, ტურნირის დასაწყისი კარგად ჩაატარო და შემდეგ მოუკლო. ბევრს გადაწყვეტს სტაბილურობა. საქმეს ისიც ართულებს, რომ ბელგიას, ბულგარეთს, საქართველოსა და უკრაინას ერთი გამსვლელი ადგილი გვრჩება (რუსეთი და სლოვენია ფავორიტები არიან და ძნელია, მათ საგზურის მოპოვებაში შეეცილო).

- 7 ივლისს გაიმართა ევროჩელენჯის წილისყრა და გაირკვა "არმიის" მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე...
- "არმიის" მთავარი ამოცანა საშინაო მატჩების მოგება იქნება. შეხვედრებს მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა შევხვდეთ და გულშემატკივარი არ გავაწბილოთ. დარწმუნებული ვარ, დარბაზი პირამდე გაივსება. მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ შეცდომების რაოდენობა... რაც შეეხება გასვლით შეხვედრებს, მათი მოგების მხოლოდ ერთი გზაა - ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა! გვაქვს შანსი, დავამტკიცოთ, რომ ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლა შეგვიძლია.

- მეტოქეების, ჰოლანდიური "ლეიდენისა" და გერმანული "გოტინგენის" შესახებ ინფორმაციებსაც გაეცნობოდი...
- დღეს მოწინააღმდეგეთა შესახებ მსჯელობა რთულია, რადგან ისევე როგორც "არმია", სხვებიც სრულად არ არიან დაკომპლექტებულნი. როცა შემადგენლობები ჩამოყალიბდება, მერე შეგვეძლება მსჯელობაც და პლუს-მინუსების შეფასებაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული