იგორ კოკოშკოვი: საქართველომ კალათბურთი სხვა კუთხით დამანახა

AutoSharing Option
ამერიკულ გაზეთ "აზ სენტრალში" საქართველოს ნაკრების თავკაცის, იგორ კოკოშკოვის შესახებ სტატია გამოქვეყნდა. ჩვენს მკითხველსაც დააინტერესებს იმის დანახვა, როგორ მოჩანს პატარა საქართველო ამერიკიდან...

"იგორ კოკოშკოვი "ფინიქსში" ასისტენტად მუშაობს, თუმცა ყოველ ზაფხულს ევროპაში მთავარი მწვრთნელის რანგში კვალიფიკაციას იმაღლებს - საქართველოს ნაკრებს ავარჯიშებს.

იგი სერბული კალათბურთის ისტორიაში უმაღლესი ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელადაა შესული - 24 წლისა იყო, როცა სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა. კოკოშკოვი ასევე იყო პირველი ევროპელი მთავარი მწვრთნელი ამერიკის კოლეჯების ლიგაში და პირველი ევროპელი ასისტენტი NBA-ში.

ალბათ ყველას აინტერესებს, რა შეუძლია "ფინიქსის" შტაბში
მომუშავე რიგით სპეციალისტს. პასუხიც იოლი მოსაძებნია - მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატს მიაღწია. იგორმა ამერიკა უკვე დატოვა და სანაკრებო საქმიანობას შეუდგა.

- საქართველოს ნაკრებში მუშაობა პროფესიულ წინსვლაში ძალიან მეხმარება, დიდ გამოცდილებას ვიღებ. NBA-ს სეზონის შემდეგ ევროპაში ჩავდივარ და ორი თვე ნაკრებთან ერთად ვმუშაობ. ეს ჩემთვის მეტად სასარგებლოა.

კოკოშკოვის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ "ატლანტა ჰოქსის" ცენტრი ზაზა ფაჩულია, "ფინიქსის" ყოფილი კალათბურთელი ნიკა ცქიტიშვილი და ორი ნატურალიზებული - ფლორიდელი ტორინ გრინი და ტეხასელი მარკიზ ჰეინსი. როგორც თავად ამბობს, კოკოშკოვი ვარჯიშებს ინგლისურ ენაზე წარმართავს, რადგან საერთაშორისო საკალათბურთო ენა სწორედ ინგლისურია.

- ამერიკაში 12 წელია ვმუშაობ და NBA-ს კალათბურთი კარგად შევისწავლე. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საქართველოს ნაკრებს ვავარჯიშებ, ისაა, რომ მინდა ევროპულ სტილს არ მოვწყდე. მართალია, NBA მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა, მაგრამ საქართველოში მუშაობა მეხმარება კალათბურთის სხვა კუთხით დანახვაში, - ამბობს 39 წლის იგორი.

აქვე გაცნობებთ, რომ საქართველო (4.6 მილიონი მოსახლე) ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის მონაწილეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა. ეს გუნდი პირველად მოხვდა ევროპის პირველობაზე, სადაც არაერთ ვარსკვლავურ გუნდს შეხვდება. მაგალითად, სლოვენიას, რომლის შემადგენლობაში "ფინიქსში" იგორ კოკოშკოვის ყოფილი შეგირდი გორან დრაგიჩი თამაშობს. საქართველო ასევე დაუპირისპირდება რუსეთს, ბულგარეთს, უკრაინასა და ბელგიას.

კოკოშკოვს იმედი აქვს, რომ ევროპიდან "ფინიქსში" წარმატებითა და მეტი გამოცდილებით დაბრუნდება:

- ყოველი სეზონის წინ, რამდენჯერაც ევროპიდან ამერიკაში ჩავედი, იმდენჯერ ვგრძნობდი, რომ ბევრი რამ შევიძინე. ვიმედოვნებ, ამჯერადაც ასე იქნება."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული