კალოიან ივანოვი: სლოვენია, რუსეთი... არ დაგვავიწყდეს საქართველო!

AutoSharing Option
ფიბა-ევროპის ოფიციალურ საიტზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ბულგარეთზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. ავტორი, მარკ ვუდსი ტყუპი ივანოვებიდან რამდენიმე წუთით უფროს კალოიანს ესაუბრა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ჯგუფის შესახებ ყველაზე საინტერესო სწორედ ივანოვების მოსაზრებაა, რადგან ბულგარელთაგან კლასით ყველას აღემატებიან...

კალოიანი ძმასთან, დეიანთან ტელეპატიურ კავშირს უარჰყოფს:

- ამბობენ, ტყუპები ერთდროულად ერთსა და იმავეს გრძნობენო. ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის, თუმცა მოედანზე ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებთ. დეიანი იტალიაში თამაშობს, მე - ესპანეთში. ერთურთს დღეში ათჯერ ვუკავშირდებით...

ამჟამად ძმებს ურთიერთობისთვის ტელეფონი აღარ სჭირდებათ, რადგან ბულგარეთის ნაკრებთან ერთად
ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყეს. ბულგარელებმა ევროპის პირველობაზე მედალი ბოლოს 50 წლის წინათ მოიგეს. ცხადია, 2011 წელს იგივეს გამეორება რთული იქნება, თუმცა მწვრთნელი როსენ ბარჩოვსკი ივანოვებთან ერთად ლიტვაში პირველი ბარიერის გადალახვისთვის ემზადება.

- ბულგარეთის ნაკრებში გამოძახება ყოველთვის მიხარია. თუნდაც იმიტომ, რომ ძმები ერთმანეთის გვერდში ვვარჯიშობთ და ვთამაშობთ. საწვრთნელი პროცესისას ძირითადად დეიანს ვმეურვეობ და ვცდილობ, დავამტკიცო, რომ მასზე ძლიერი ვარ. თავის მხრივ იგი საპირისპიროს ფიქრობს, - ამბობს ივანოვი, რომელიც ბარჩოვსკის ნაკრების ლიდერად ესახება.

- კრიტიკულ სიტუაციებში ერთმა კალათბურთელმა ლიდერობა უნდა იკისროს. ამისთვის მზად ვარ.

კალოიანი D ჯგუფის მეტოქეებსა და ბულგარელთა შანსებზე ოპტიმისტურად ლაპარაკობს:

- გახსნით მატჩში სლოვენიას ვეთამაშებით. ის და რუსეთი ჯგუფის ფავორიტები არიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო, რომელიც ძალიან ძლიერი გუნდია. მომდევნო ეტაპზე გასვლა რთული იქნება, ჯგუფში თანაბარი ძალის ნაკრებები არიან შეკრებილნი. ბოლო სამი წლის განმავლობაში ხუთივე მეტოქესთან გვითამაშია და მჯერა, რომ ბულგარეთს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. მათ შორის რუსეთის, რომელსაც ამხანაგურ მატჩში მოვუგეთ. იმედი მაქვს, ჯგუფიდან გავალთ, რისთვისაც დაგვჭირდება ცოტაოდენი იღბალი, რამდენიმე სამქულიანი და გუნდური თამაში. ყველაფერი შეიძლება მოხდეს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული