არასპორტული საქციელისთვის... წაახალისეს

AutoSharing Option
ამირან სხიერელი ქართველ კალათბურთელთა იმ სახელოვანი თაობის წარმომადგენელია, რომლის წარმატებებიც ოქროს ასოებით ჩაიწერა სამამულო სპორტის მატიანეში. ვეტერან ათლეტს ხშირად ნახავთ ეროვნული ჩემპიონატების მატჩებზე, ნაკრების პაექრობებს ხომ არ აცდენს და არ აცდენს. პროფესიული ინტერესია და სხვაგვარად არც შემიძლია, რადგან ჩემი სიყმაწვილის საუკეთესო წლები ამ სახეობას შევალიეო, ამბობს.

_ სიამაყის გრძნობა მეუფლება, ჩვენს ბიჭებს რომ ვხედავ მოედანზე. სულ დარჩეული ვაჟკაცები არიან. იგორ კოკოშკოვმა შეძლო კარგი გუნდი შეეკრა. მართალია, თბილისის მერიის თასის გათამაშებაზე ოთხთა ტურნირისას ქართველ კალათბურთელებს შეთამაშება აკლდათ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის პირველ
მატჩში სულ სხვა გუნდი ვიხილეთ. სასტარტო მღელვარებით გამოწვეულ დაბნეულობას თუ არ ჩავთვლით პირველ პერიოდში, ჩვენებმა პოლონელებთან ორთაბრძოლა ჩინებულად წარმართეს, შესანიშნავად ითამაშა როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში.
ბელგიაში ბოლო რაუნდი რომ არ გაეფუჭებინათ, ანტვერპენიდანაც ორი ქულით დავბრუნდებოდით. არ მსურს წაგება არბიტრებს დავაბრალო, მაგრამ მათმა წვრილმანმა შეცდომებმაც გამოიწვია ერთგვარი არევ-დარევა.

_ ვის გამოყოფდით ჩვენს გუნდში?
_ უპირველესად, ცხადია ფაჩულიას. აშკარად გამოხატული ძლიერი ცენტრია და მის თამაშზე ბევრად არის ნაკრების წარმატება დამოკიდებული. წინა წელთან შედარებით აშკარად მოუმატეს სანიკიძემ და მარკოიშვილმა. ძალიან გვაკლია ტაირონ ელისი. ახლანდელი ნატურალიზებული კალათბურთელებიც ურიგოდ არ ირჯებიან, მაგრამ, ეტყობა, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაერკვნენ ქართული კალათბურის ნუანსებში. თანაგუნდელებთან შეთამაშებაც აკლიათ. ამ ხარვეზის მოგვარების შემდეგ მეტ სარგებლობას მოუტანენ ნაკრებს.
11 აგვისტოს პორტუგალიას ვუმასპინძლებთ. მახსოვს, თერთმეტი წლის წინათ პირენეელებს თბილისში 75:65 მოვუგეთ, თუმცა 2007 წელს სტუმრად 56:70 დავმარცხდით. დარწმუნებული ვარ, მესამე მატჩში გამარჯვება ჩვენ დავგრჩება, თუ მსაჯები არ გვიხიმანდრებენ.

_ თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ არბიტრები. როგორც ვიცი, სპორტსმენობისას არაერთხელ გქონიათ მათთან პრობლემები...
_ მართალს ბრძანებთ. 1965 წელს საკავშირო ნაკრებში მიმიწვიეს ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ. საბჭოთა გუნდმა უპრობლემოდ გადალახა ყველა ბარიერი და გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა. ფინალურ ორთაბრძოლას უნგრელი მსაჯი კოშაი ემსახურებოდა. მისი სიმპათიები უფრო იუგოსლავთა მხარეს იხრებოდა, მაგრამ პაექრობა მაინც მოვიგეთ. მე და ზურაბ საკანდელიძე ევროპის ჩემპონები გავხდით. იმავე წელს ამერიკაში გავემგზავრეთ საერთაშორისო ამხანაგური მატჩების გასამართავად. ერთ-ერთი შეხვედრის არბიტრად ისევ ის უნგრელი დანიშნეს. რატომღაც მოსკოვიდან ვყავდი ათვალწუნებული და იქ _ ოკეანისგაღმა ხომ საერთოდ გასაქანი არ მომცა. სრულიად უწყინარ სიტუაციაში, როცა ორთაბრძოლას ქულით ვიგებდით, დამაჯარიმა. წარმოიდგინეთ, რაჭველი წონასწორობას რომ დაკარგავს. მივვარდი კოშაის, ამიხსენი, რატომ მაჯარიმებ-მეთქი, ვუყვირე. მან ხელით ისეთი ჟესტი მიჩვენა, რომ ვერ მოვითმინე, პირიდან სასტვენი წავგლიჯე და ტრიბუნებისკენ მოვისროლე. უნგრელის რეაქციამაც არ დააყოვნა _ ტექნიკური ჯარიმაც მომცა.

ის მატჩი ქულით წავაგეთ. გასახდელში თვალს ვერ ვუსწორებდი ბიჭებს. ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი რომ შემოვიდა, ფეხზე წამოვდექი და თავჩაქინდრულმა პატიება ვთხოვე. ამხანაგო სხიერელო, თქვენ არასპორტული საქციელისთვის კი არა, იმისთვის უნდა დაისაჯოთ, ის კოშაი ლურსმანივით რომ არ ჩაარჭვეთ იატაკში, _ მითხრა ღიმილით და მხარზე ხელი მომითათუნა. ალბათ, საბჭოთა სპორტის ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, როცა ათლეტი არასპორტული საქციელისთვის წაახალისეს...

ამირან სხიერელი ონში დაიბადა და გაიზარდა. ჭაბუკობისას, თანატოლების მსგავსად, ჭიდაობაზე სურდა სიარული, მაგრამ მეშვიდე კლასში ისე აიყარა ტანი, რომ, ფიზკულტურის მასწავლებლის რჩევით, ხალიჩას კალათბურთის მოედანი აირჩა. 1957 წელს რაიონის ნაკრების შემადგენლობაში საქართველოს პირველობაზე იასპარეზა სოხუმში. ორი წლის შემდეგ ონის სპორტკომიტეტის თავმჯდომარემ, ცნობილმა ფალავანმა შურა მაისურაძემ ამირანი თბილისში ჩამოიყვანა და მისი თავი `დინამოს~ მთავარ მწვრთნელ გიორგი ავალიშვილს ჩააბარა. წარმატებებიც აქედან დაიწყო: ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებზე ოქროს და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა, ერთხელ საკავშირო თასსაც ფლობდა. ევროპის ჩემპიონატზეც ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.

_ საკალათბურთო კარიერაში ყველაზე მეტად რომელი მატჩი დაგამახსოვრდათ?
_ საკავშირო ჩემპიონატის პაექრობებში 1960 წლიდან ჩავები. ბევრი ორთბარძოლაა დაუვიწყარი, თუნდაც 1962 წელს მოსკოვის ცსკა-ს დამარცხება ევროპის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში, მაგრამ ჟენევაში მადრიდის `რეალთან~, თუ შეიძლება ითქვას, საუკუნის მატჩს არაფერი შეედრება.

რუსი არმიელების დამარცხების შემდეგ ესპანელებს ჩვენი ფინალისტობა რომ შეუტყვიათ, გამარჯვებას თურმე წინასწარ ზეიმობდნენ.
ჟენევაში რომ ჩავედით, იქ ერთ პატარა სასტუმროში დავბინავდით. მატჩის დაწყებამდე კარგა დრო იყო დარჩენილი, ამიტომ რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად ეზოში ჩავედი. ერთი ქალბატონი მოგვიახლოვდა ორ გოგონასთან ერთად და ქართულად დაგველაპარაკა. გაოცებულებმა ერთმანეთს გადავხედეთ. გამოგვეცნაურა. გერმანელი ყოფილა, ბოლნისში უცხოვრია და ჟენევაში გადმოსახლებულა ოჯახთან ერთად. ჩვენი ჩასვლის ამბავი გაზეთებით შეუტყვია და მოგვაკითხა. გამომშვიდობებისას გვითხრა, დღევანდელ მატჩზე ბევრნი მოვალთ თქვენს საქომაგოდ და არ შეგვარცხვინოთო. `რეალთან~ ტრავმის გამო არ მითამაშია, ამიტომ შესაძლებლობა მქონდა გულშემატკივართა რეაქციისთვის თვალყური მედევნებინა. თავიდან თითქმის მთელი დარბაზი ესპანელებს ქომაგობდა, მაგრამ `დინამოს~ ლამაზი თამაში რომ იხილეს, მაყურებელთა დიდი ნაწილი ქართველთა მხარეს გადაიხარა. ის მატჩი შვიდი ქულით მოვიგეთ.

_ `დინამოს~ ღირსებას 14 წელიწადი იცავდით...
_ დიახ, 1973 წლამდე ვითამაშე. მერე მშობლიური გუნდის მეორე მწვრთნელი ვიყავი. 1977 წელს საბჭოთა კავშირის მე-2 ახალგაზრდულ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს ვხელმძღვანელობდი. ძლიერი კალათბურთლები გვყავდა: ნიკოლოზ დერიუგინი, როლანდ გარუჩავა, ვლადიმერ ძიძიგური, კოკა ჯორჯიკია, გოჩა ბაბუნაშვილი, კახა ლომიძე... ფინალში ტურნირის ფავორიტ უკრაინის ნაკრებს ვძლიეთ და ჩემპიონობა მოვიპოვეთ.

დღეს ბევრად ძლიერი გუნდი გვყავს, საერთაშორისო სარბიელზე გამოცდილი კალათბურთელებით, - ამიტომ უკეთეს შედეგებსაც უნდა მივაღწიოთ. ახლა მთავარია, 11 აგვისტოს პორტუგალიას მოვუგოთ. იმედია, ჩვენს ბიჭებს პირთამდე სავსე ტრიბუნების ქომაგობა არ მოაკლდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული