პერიმეტრი, პერიმეტრი გადავკეტოთ!

AutoSharing Option
გაგახსენებთ, ბელგიის ნაკრების მწვრთნელის ედი კასტელსის 8 აგვისტოს ნათქვამს:

- პორტუგალიას მეორე ტაიმში სამქულიანების სატყორცნი სივრცე გადავუკეტეთ და გამარჯვების გასაღებიც ეს აღმოჩნდაო.

ბელგიელებმა პორტუგალიას სტუმრად 78:69 მოუგეს. ასე რომ, დღეს, საქართველოს ნაკრების მთავარი ამოცანა პერიმეტრის გადაკეტვა იქნება. თუ ჩვენს ნაკრებში კალათბურთელთა სიმაღლეებში დიდი ამპლიტუდაა, პორტუგალიის საკალათბურთო ნაკრებში ყველა თითქმის ერთი სიმაღლისაა. ჩვენი სტუმრების რიგებში 205 სმ სიმაღლის სამი კალათბურთელია. უფრო მაღალები პორტუგალიელებს არ ჰყავთ.

საპასუხოდ, 215 სმ სიმაღლის ნიკა ცქიტიშვილი საქართველოს ეროვნულ გუნდში მსუბუქ ფორვარდად თამაშობს, მეფარეებზე ხომ აღარაფერს ვამბობთ...
მოკლედ, საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან შედარებით თანაბრადაა დაბალანსებული და ერთი შეხედვით დღევანდელ მატჩში დიდი უპირატესობა უნდა ჰქონდეს. თუმცა, მხოლოდ სიმაღლე და კლასი თამაშის მოგების გარანტიად არ გამოდგება. ბელგიასთან მატჩშიც მოვიგეთ ფარი, წინა ხაზში მეტოქეზე უკეთესად გამოვიყურებოდით, მაგრამ ბენილუქსელებმა პერიმეტრზე გვაჯობეს და თამაშიც მათ სასარგებლოდ დასრულდა.

არავინ იცის, დღეს პორტუგალიელები სამქულიანებს როგორი სიზუსტით ისვრიან. ისინი გუშინდელი ვარჯიშისას სწორედ სამიანის სასროლ პოზიციაზე მოთამაშის გაყვანას ხვეწდნენ. წვრთნის ბოლოს შორეულ ტყორცნებზე დიდხანს იმუშავეს. როგორც ჩანს, მონჩო ლოპესი სწორედ პერიმეტრიდან სროლებით აპირებს სასურველი შედეგის მიღებას. ეს, ამ სტატიის ავტორის გარდა, ქართველთა ნაკრების მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმაც იცის და იმედია, ბელგიის ნაკრების მწვრთნელის მსგავსად ნამატჩევს ისიც იტყვის - სამქულიანი ზონა კარგად გავდავკეტეთ და პორტუგალიას შანსი არ დავუტოვეთო...

მატჩის წინა საღამოს იგორ კოკოშკოვმა ღია ვარჯიში ჩაატარა. კალათბურთელებს აშკარად ეტყობათ, რომ ბელგიაში წაგება ძალიან განიცადეს. თუმცა, მათაც და გულშემატკივარსაც შევახსენებთ, რომ წინ 6 მატჩია და დაკარგული არაფერია. ნაკრებმა თამაშიდან თამაშამდე პროგრესზე უნდა იზრუნოს და შედეგიც თავისთავად მოვა.

გიორგი ცინცაძემ შეგვახსენა, რომ პორტუგალია აუტსაიდერი არ არის:

- ბელგიაში მცირე დარტყმა მივიღეთ. დასანანი მატჩი წავაგეთ, თუმცა შეხვედრის შემდეგ ჩვენი თამაში კარგად განვიხილეთ და ახლა პორტუგალიასთან დაპირისპირებას სათანადოდ მომზადებულები ვხვდებით. იოლი თამაში არ გველის. პორტუგალიის ნაკრებმა მართალია, სამი მატჩი წააგო, მაგრამ აუტსაიდერი ნამდვილად არ არის. მასაც სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება.

ლაპარაკი მანუჩარ მარკოიშვილმაც ბელგიური დაპირისპირებით დაიწყო:

- ანტვერპენში ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც ბელგიის ნაკრებმა არ გვაპატია. რაც შეეხება პორტუგალიასთან შეხვედრას, ჯერ მხოლოდ სამი ტურია გავლილი და აუტსაიდერებზე ლაპარაკი ნაადრევია. მთავარია, არ მოვეშვათ და ყველა მატჩში შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინოთ.

ზაზა ფაჩულიამ აღნიშნა, რომ ბელგიასთან წაგება წარსულს ჩააბარა და ახლა მხოლოდ პორტუგალიასთან შეხვედრაზე ფიქრობს:

- აშკარად გამოჩნდა, რომ ბელგიის ნაკრები დონით ნამდვილად არ გვჯობდა. მატჩი მას არ მოუგია - ჩვენ წავაგეთ. 23 შეცდომა დავუშვით, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია... ამის მიუხედავად, მატჩის ბოლომდე გვქონდა თამაშის შემოტრიალების შანსი.

- მოგებას არც შენი 20 ქულა ეყო...
- ჩემი 20 ქულა არარაობაა, თუ გუნდი წარმატებას ვერ მიაღწევს. ამა თუ იმ კალათბურთელის ინდივიდუალური მონაგარი ბერს არაფერს ნიშნავს, მთავარი გუნდური წარმატებაა.

- ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ბოლო წუთებზე ნაკრებს დაღლა დაეტყო.
- დაღლილობას მართლაც ვგრძნობდით, თუმცა ეს გასვლითი შეხვედრების შემადგენელი ატრიბუტია.

- ბულგარეთ-პოლონეთშიც ისევე მოგიწევთ მგზავრობა, როგორც ბელგიაში...
- ამას უნდა შევეგუოთ. აქამდეც ჩარტერით არ დავდიოდით, მაგრამ არაერთი გასვლითი მატჩი მოგვიგია. რაც მეტი დრო იხარჯება მგზავრობაში, მით ნაკლები დრო რჩება დასვენებისთვის. თუმცა პროფესიონალები ვართ და ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ შეხვედრებს მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ.

- ჩვენს ჯგუფში შეიძლება გადამწყვეტი მიღებულ-ჩაგდებული ბურთების სხვაობა იყოს...
- ამისთვისაც მზად ვართ. თუმცა, ვიმედოვნებ, ამის დათვლა არ მოგვიწევს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული