- ბელგიასთან და მასპინძელ შვეიცარიასთან წაგებების შემდეგ ჯგუფიდან გასასვლელად პორტუგალიის ძლევა გვჭირდებოდა. ამ შეხვედრისთვის ფსიქოლოგიურადაც კარგად მოვემზადეთ, სათანადო ფორმაშიც შევედით და საბოლოოდ 10 ქულის სხვაობით მოვიგეთ. პირველი ტაიმის თანაბრად ჩატარების მერე ტემპს ვუმატეთ და 16 ქულით დავწინაურდით. კარგად ირჯებოდა ვახტანგ ნაცვლიშვილი, რომელიც გუნდის მთავარი მექულე იყო. პორტუგალიელებმა შეხვედრის ბოლოს სხვაობა შეამცირეს, ბოლო წუთებზე სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ
პორტუგალიელებს 75:65 ვაჯობეთ, მაგრამ...
- 10-ქულიანი მოგება ჯგუფში თუნდაც მესამე ადგილის დასაკავებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. მომდევნო ეტაპზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიდოდით, თუ პორტუგალიის ნაკრებს მინიმუმ 13 ქულის სხვაობით დავამარცხებდით. სამწუხაროდ, 3 ქულა დაგვაკლდა. ჩვენი მეტოქე ყველა ღონეს ხმარობდა შესარჩევ ეტაპზე გადასასვლელად. მახსოვს პორტუგალიიდან 30-მდე კაცი იყო ჩამოსული, ზოგი კომისრებთან აგვარებდა საქმეს, ზოგი მსაჯებთან, ზოგიც მეტოქეებთან. მათმა ასეთმა "თავდადებამ" შედეგი გამოიღო, საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლიეს და შასარჩევი ითამაშეს, - სამქულიანი ჩამორჩენის ამბავი რეზო ჩხეიძეს დღესაც ნათლად ახსოვს.
***
1999 წლის შეხევდრის მონაწილე გუნდებიდან დღეს მოედანზე მხოლოდ ერთი კალათბურთელი გამოვა - ნიკა ცქიტიშვილი. მას სწორედ იმ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰქონდა სანაკრებო დებიუტი. თუმცა, პორტუგალიურ კალათბურთზე 1999 წლის შეხვედრის სნაიპერი ვახტანგ ნაცვლიშვილი (28 ქულა) უფრო მეტს მოგვიყვება. იგი 2001-03 წლებში პორტუგალიურ "ოლივეირენსეში" თამაშობდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონობა ვერ მოიპოვა, ოქროს მედალი მაინც თბილისში აქვს. საქმე ისაა, რომ ვატოს "ოლივეირენსე" "პორტოსთან" ფინალებში მსაჯებმა დაჩაგრეს. როცა ვერცხლის მედლის გადაცემის დრო მოვიდა, ნაცვლიშვილმა პორტუელთათვის განკუთვნილი ერთი ოქროს მედალი აიღო და იქაურებს მიმართა - როგორც თქვენ ჩემპიონობა წამართვით, ამ მედალსაც ისე გართმევთო. ამას დიდი ამბები მოჰყვა, მაგრამ, როგორც გითხარით, ოქროს მედალი დღეს თბილისში, ნაცვლიშვილის კოლექციაში საპატიო ადგილას ინახება.
სხვათა შორის, 2003 წელს "პორტუს" რიგებში ვატოს წინააღმდეგ ითამაშა ნატურალიზებულმა პორტუგალიელმა ჰეშიმუ ევანსმა. მას გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ ვკითხე: ვახტანგ ნაცვლიშვილი გემახსოვრება-მეთქი...
ჰეშიმუ არ დაფიქრებულა:
- ვატო? მას კარგად ვიცნობ. შესანიშნავი კალათბურთელი იყო. ყოველთვის მის მოწინააღმდეგე გუნდში ვთამაშობდი და ჩემი მწვრთნელი ნაცვლიშვილის შეჩერებაზე ბევრს ფიქრობდა ხოლმე. ვიცი, რომ კარიერა დაასრულა. ხვალ დარბაზში ხომ იქნება?
ჰეშიმუ ევანსმა იქვე დაამატა, რომ მისი ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ სათამაშოდ კარგადაა მომზადებული. ვიბრძოლებთ და რა გამოგვივა ხვალ ვნახავთო.
გუშინ საღამოს ვატო ნაცვლიშვილს პორტუგალიის შესახებ რამდენიმე კითხვა დავუსვი. ევანსის შესახებაც ვკითხე.
- ჰეშიმუს კარგად ვიცნობ. იგი ფიზიკურად ძლიერი კალათბურთელია. შორიდან სროლაც შეუძლია, თუმცა სამქულიანის რკალის შიგნით უფრო სახიფათოა.
- პორტუგალიის ნაკრებში კიდევ ვინმეს ხომ არ იცნობ?
- "ოლივეირენსეში" ნუნუ კორტესის გვერდით ვთამაშობდი. გუნდი ძირითადად ლეგიონერებით იყო დაკომპლექტებული და პორტუგალიელები სათადარიგოები იყვნენ.
- პორტუგალიასთან კარსმომდგარ მატჩზე რისი თქმა შეიძლება?
- ალბათ მოვიგებთ. თუმცა, გამარჯვება გარანტირებლი არ არის. ბრძოლაა საჭირო. პორტუგალიის ნაკრებთან 1999 წელსაც ვითამაშე. მაშინაც არცთუ მაღალი შემადგენლობა ჰყავდა, თუმცა, ძალიან შეუპოვარი გუნდია. ხვალინდელი შეხვედრა 26 აგვისტოს მატჩისთვის გათვლების გასაკეთებლად უნდა გამოვიყენოთ. თბილისში ნაკრებს გულშემატკივარი დაეხმარება, 26 აგვისტოს, პორტუგალიაში კი მძიმე ბრძოლა გველის.
- საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ პროგრესზე რას იტყვი?
- თუ ბელგიასთან ბოლო შეხვედრას არ ჩავთვლით, გუნდი პროგრესის გზაზეა. კალათბურთელები ბელგიაში თავდაჯერებულები ჩავიდნენ, რის გამოც წავაგეთ კიდეც. ჩვენი პრობლემა გასვლითი მატჩების კარგად ჩატარებაა. თუ სტუმრად მოგეგები ვისწავლეთ, ევროპის ჩემპიონატის საგზურსაც მოვიპოვებთ. ამის პოტენციალსაც ვხედავ და არც მეტოქეები ჩანან უძლეველნი. სხვათა შორის, ქართველები საშუალოზე დაბალი დონის გუნდებთან უფრო ცუდად ვთამაშობთ, ვიდრე ძლიერებთან. ეს, ალბათ, ფსიქოლოგიური მომენტია. ბელგიის მატჩიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, სტუმრად მოგება ვისწავლოთ, ყოველ მატჩზე მაქსიმალურად მობილიზებულები გავიდეთ და წარმატებაც მოვა.
ისტორია. საქართველო-პორტუგალია
ევრო-2001. საკვალიფიკაციო
22.05.1999
საქართველო-პორტუგალია 75:65
30:29, 45:36
საქართველო: თორთლაძე (12წთ, 3ქ), ბოისა (32წთ, 9ქ, 6მ, 1პ, 2ჩ), ხოშტარია (19წთ, 5ქ, 1მ, 2ჩ), გ. ნაცვლიშვილი (17წთ, 4ქ, 3მ, 1პ, 1ჩ), ჟღენტი (32წთ, 17ქ, 4მ, 3პ, 1ჩ), ცქიტიშვილი (7წთ, 0ქ, 1მ), ბერძენიშვილი (4წთ, 0ქ), ჯაფარიძე (15წთ, 5ქ, 2მ), ვ. ნაცვლიშვილი (36წთ, 28ქ, 7მ, 2პ, 4ჩ), ბეჟანიშვილი (6წთ, 0ქ, 1მ, 1პ, 1ჩ), ჩხეიძე (20წთ, 4ქ, 2მ, 3პ, 5ჩ)
მატჩის სტატისტიკა
ორქულიანები - 18/35 (51.4%)
სამქულიანები - 4/14 (28.6%)
საჯარიმოები - 27/35 (77.1%)
მოხსნები - 27
შედეგიანი პასები - 11
ჩაჭრები - 16
საკონტროლო მატჩი
04.08.07
პორტუგალია–საქართველო 70:56
16:16, 20:13, 15:10, 19:17
საქართველო: ცინცაძე (18 წთ. 3 ქ), ელისი (19 წთ. 8 ქ), მ. მარკოიშვილი (21 წთ. 4 ქ), სანიკიძე (29 წთ. 10 ქ. 9 მ), უგრეხელიძე (17 წთ. 4 ქ. 6 მ), გამყრელიძე (22 წთ. 11 ქ. 3 პ), ტუღუში (14 წთ. 4 ქ), ა. ბოისა (5 წთ), ნაცვლიშვილი (20 წთ. 7 ქ. 6 მ), ლეჟავა (5 წთ. 5 ქ), ბაბიაშვილი (20 წთ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"