ამ კომენტარის მიხედვით იოლია წაგების მიზეზის დასახელება - ქართველები ჯერ სათანადო კონდიციებში არ არიან, ისინი ოპტიმალურ ფორმას, სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატისთვის მიაღწევენ. ესტონელებს კი B დივიზიონის მატჩები 18 აგვისტოს ეწყებათ და სადღეისოდ ჩვენს გუნდზე უკეთეს კონდიციებში არიან.
ქართველებს ბურთთან ესტონელებზე ნაკლები შეხება რომ აქვთ, ეს სტატისტიკამაც დაადასტურა: 46-დან მხოლოდ 19 ორქულიანი ჩააგდეს, მაშინ როცა მეტოქემ 29-დან 14 ორიანი
გავიმეორებთ - 13 სამიანის! ქართველთა წაგების მეორე მიზეზი სწორედ ეს იყო. როცა მეტოქეს ამდენი შორეული ტყორცნის გამოყენების უფლებას აძლევ, იმ მატჩში გამარჯვებას არ იმსახურებ. ეს დაცვითი კომპონენტი იგორ კოკოშკოვის გუნდს გამოსასწორებელი აქვს. მითუმეტეს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ქართველთა მეტოქეებს (სლოვენიას, ბელგიას, რუსეთს...) ესტონელებზე უკეთესი უკანახაზელები ჰყავთ.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ესტონეთს სხვა გზა არ ჰქონდა: შედარებით ტანდაბალი შემადგენლობა ჰყავს და ფონს გასვლას სამქულიანებით ცდილობდა. როგორც დავინახეთ, გავიდა კიდეც. საპირისპიროდ, ქართველთა პლუსი ფარქვეშ დამაჯერებელი თამაში უნდა გამხდარიყო. მოხსნებში მეტოქეს მოვუგეთ კიდეც (36:32), მაგრამ ესტონელებს სამწამიან ზონაში იმდენად ვერ ვაჯობეთ, რამდენადაც მათ - პერიმეტრზე გვაჯობეს. ასე რომ, ფარქვეშ თამაშიც მისახედია.
მას შემდეგ, რაც ნაკრების თავკაცად იგორ კოკოშკოვი დაინიშნა, ამხანაგურ მატჩების წაგებას მივეჩვიეთ. მწვრთნელის მისამართით უკმაყოფილების ხმამაღლა გამოთქმას კი ოფიციალურ მატჩებში შედეგიანი თამაში უდგას წინ. შესაძლოა, მწვრთნელი გუნდის პოტენციალს ერთგვარად წაგებებით ნიღბავს. თუმცა, თუ ასეა, ერთ წინააღმდეგობას ვაწყდებით: საკონტროლო შეხვედრებში კოკოშკოვი ძირითადად 9-10 კალათბურთელს ეყრდნობა, ლიდერებს საკმარისად ტვირთავს და დებიუტანტებს თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევს.
არადა, სწორედ ამხანაგურ მატჩებში უნდა დაინახოს, რა ღირებულება აქვთ ლაშა ფარღალავას, ლევან ფაცაციას, მიხეილ ბერიშვილსა და გიორგი შარაბიძეს ეროვნული ნაკრებისთვის. ეს კალათბურთელები გუშინდელი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდნენ. ნიკა მეტრეველი განაცხადში იყო და არ უთამაშია. არ იყო კოტე ტუღუშიც, რომელისაც დავით უსტიაშვილის მსგავსად, მწვრთნელისთვის განკუთვნილი მაისურა ეცვა. როგორც თავად კოტემ გვითხრა, იგი ნაკრებს მწვრთნელის რანგში დაეხმარება.
ამ თემას საინტერესო ნიუანსით განვაგრძოთ: მესამე პერიოდის ბოლოს იგორ კოკოშკოვი მსაჯებზე გაბრაზდა და მათგან გაძევება დაიმსახურა. ტელეეკრანიდანაც ჩანდა, რომ არბიტრები რამდენიმე ეპიზოდში შეცდნენ, მაგრამ მწვრთნელს მაინც თავის შეკავება მართებდა. საინტერესო კი ის იყო, რომ კოკოშკოვის მოედნიდან გასვლის შემდეგ პირველივე წუთშესვენებისას გუნდს ჯეისონ სტაუდტი ხელმძღვანელობდა. მას საკალათბურთო ცოდნა არ დაეწუნება, მაგრამ გვეგონა, კოკოშკოვის საქმეს დავით უსტიაშვილი შესასრულებდა. იგი ყოველ წუთს მზად უნდა იყოს ეროვნულ ნაკრებში მნიშვნელოვანი ფუნქციის შესასრულებლად.
გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვეთ. ავსტრიასთან ორი მატჩის ხილვის საშუალება არ გვქონდა, ამიტომ ძნელი სათქმელია, როგორ გაისარჯა ახალწვეული მარკიზ ჰეინსი. მესამე მატჩში მან ქართველ ქომაგს თავი აშკარად მოაწონა - ფიზიკურად კარგად გამოიყურება, ფარქვეშაც ეფექტურად შედის და სამქულიანების სროლაც ეხერხება: მეორე პერიოდში მარკიზმა ორ სამიანს ერთი საჯარიმო მიამატა და ქართველები 10 ქულით დააწინაურა.
იგი 25 წლისაა, საკალათბურთო თვალსაზრისით ახალგაზრდაა და ძალიან გვაინტერესებდა, გადამწყვეტ მომენტში თუ შეძლებდა იგივეს გამეორებას, რაც მეორე პერიოდში გააკეთა. მართალია თამაში ვერ შემოატრიალა, მაგრამ ერთი სამქულიანიც ჩააგდო და ფარქვეშაც ბევრი იშრომა. იმედი დავიტოვოთ, რომ ჰეინსი 31 აგვისტომდე ნაკრებს კიდევ უფრო შეეწყობა და უკეთეს ფორმასაც მიაღწევს.
ნატურალიზებული ამერიკელი ძირითადად მსროლელის პოზიციაზე თამაშობდა. გამთამაშებლად გიორგი ცინცაძე ირჯებოდა, რომლისთვისაც "ტალინის" არენა უცხო არ არის - "ტარტუ როკის" მაისურით "კალევის" წინააღმდეგ არაერთი მატჩი ჩაუტარებია. მას ძალიან სურდა ესტონელთა ძლევა, კარგადაც ირჯებოდა, სირენამდე 1:44 წუთით ადრე სხვაობა ქულამდე შეამცირა (73:74), მაგრამ როგორც ვთქვით, ესტონეთმა გვაჯობა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"