"თუ თამაში არ გამოასწორეს," - ეს ფრაზა რომ დავწერე, ფიქრები საქართველოს ნაკრებისკენ გამექცა. ეს შემთხვევით არ მომხდარა, ევროპის ჩემპიონატის საგზურის მაძიებელი გუნდი უკეთესად უნდა თამაშობდეს, მითუმეტეს, საშინაო მოედანზე, გუნდთან, რომელმაც მანამდე სამივე მატჩი წააგო.
პორტუგალიის ნახევარზე
ორ შემთხვევაში პორტუგალიელები მანუჩარ მარკოიშვილსა და ტორინ გრინს ისე ეუხეშნენ, რომ არბიტრებმა არასპორტული ჯარიმები დააფიქსირეს. თუ საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგის ფარს სწრაფად ვერ შეუტევდა, პორტუგალიელები დაცვაში მუხებივით (პორტუგალიის გერბს სწორედ მუხის ფოთოლი ამშვენებს) შლიდნენ ტოტებს და მათი გადალახვა რთულდებოდა. პორტუგალიელები პერიმეტრსაც კარგად კეტავდნენ და ზაზა ფაჩულიასაც ორი ჯმუხი პირენეელი ჯარიმის ზღვარზე ეთამაშებოდა. სწორედ ამან გააბრაზა საქართველოს ნაკრების კაპიტანი და იმიტომაც მოუქნია იდაყვი ერთ-ერთ პორტუგალიელს.
საქართველოს ნახევარზე
საქართველოს ნაკრების ნახევარზე სხვა სურათი იყო: სტუმრები ფარქვეშიდან იშვიათად ისროდნენ, ბურთს ისე ატრიალებდნენ, რომ სასროლ პოზიციაზე ხან ერთი უკანახაზელი გაჰყავდათ, ხან - მეორე, ხან - მესამე. მესამე პერიოდის ბოლოსა და მეოთხის დასაწყისს თუ არ ჩავთვლით, "მუხებს" სროლის სიზუსტე ნამდვილად დაეწუნებოდათ.
ფარქვეშიდან არ ისროდნენო რომ დავწერე, უნდა დამემატებინა - ჰეშიმუ ევანსის გარდა. ამ ნატურალიზებულ ამერიკელზე წინა დღეს ვატო ნაცვლიშვილმა თქვა - ფართან ახლოს ძალიან სახიფათოაო. საწყის სამ პერიოდში მან 9-დან 6 ორქულიანი გამოიყენა. მეოთხე რაუნდში, ალბათ, დაიღალა (35 წლისაა) და მხოლოდ ერთი ტყორცნა გამოიყენა. ევანსი მხოლოდ თვითონ როდი ისროდა, რამდენიმეჯერ ფარქვეშ შეიჭრა და უმეთვალყურეოდ დარჩენილ თანაგუნდელებს გრძელი პასი მიაწოდა.
მოკლედ, მოედნის როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის ზოგადი სურათი გაგაცანით. მატჩის მსვლელობაზე საერთო წარმოდგენის შექმნა საკმარისი არ არის. პოლონეთთან დაპირისპირებისგან განსხვავებით, პორტუგალიასთან შეხვედრის ქრონოლოგიაში რამდენიმე საინტერესო დეტალი მეტ ყურადღებას მოითხოვს. მივყვეთ მოვლენებს მეოთხედების მიხედვით.
პირველი მეოთხედი
მიუხედავად იმისა, რომ კალათბურთელ-მწვრთნელებიანად ყველა ამბობდა - რთული მატჩი გველის, პორტუგალია აუტსაიდერი არ არისო, როგორც ჩანს, ჩვენს გუნდს მატჩისთვის სათანადოდ მობილიზება გაუჭირდა.
- დასაწყისში ცოტა მოდუნებულები ვიყავით, რისი უფლება საკუთარი თავისთვის არ უნდა მიგვეცა, - აღნიშნა ნამატჩევს ვიქტორ სანიკიძემ. კონცენტრაციის ნაკლებობას დაერთო პორტუგალიელთა მჭიდრო დაცვა და ხუთ წუთში ქართველებმა მხოლოდ 3 ქულა ჩააგდეს (3:10). პირველი ათწუთეული 12:16 წავაგეთ.
- საწყისი მღელვარების შემდეგ თამაში ნელ-ნელა დავალაგეთ და მეორე პერიოდში მდგომარეობა გამოვასწორეთ, - ეს უკვე ნიკა ცქიტიშვილის სიტყვებია.
მეორე მეოთხედი
მეორე პერიოდში მოედანზე გიორგი შერმადინი და ლაშა გამყრელიძე გამოჩნდნენ. პორტუგალიელებმა ზაზა ფაჩულიას გასვლის შემდეგ შვებით ამოისუნთქეს, ეგონათ შერმადინის შეჩერება იოლი იქნებოდა. შეცდნენ - გამყრელიძის მოედანზე გამოჩენის შემდეგ ქართველთა იერიშებს სისწრაფე მოემატა, ხოლო ფარქვეშ შერმადინი კარგად მოძრაობდა.
სწორედ მათ მიერ მოგროვილი 8 ქულის წყალობით ქართველები 8:3 გაიქცნენ და პორტუგალიას 20:19 გაასწრეს. ერთ ეპიზოდში პირველი ტაიმის ყველაზე ლამაზი ეპიზოდი ვიხილეთ: გამყრელიძემ დრიბლინგის შემდეგ ბურთი შერმადინს აუგდო და გამოვიდა ეფექტური ალეი უპი. მეოთხედის შუაში შერმადინი ფაჩულიამ შეცვალა, ხოლო გამყრელიძემ მეოთხედი ჩაამთავრა. 31:25 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
რატომღაც, პორტუგალიელთა თამაშის სტილი ირლანდიისას მივამსგავსე და დიდ შესვენებაზე "სამყურებთან" შარშანდელი მატჩის მეოთხედებს გადავხედე: 20:15, 27:23, 24:13, 21:17. პირველ ტაიმში ირლანდიასთანაც გაგვიჭირდა, მაგრამ მესამე პერიოდში მეტოქე საბოლოოდ გავტეხეთ.
მესამე მეოთხედი
მესამე ათწუთეული პორტუგალიასთანაც ისევე დაიწყო როგორც ირლანდიასთან: მოედანზე დაბრუნებულმა სასტარტო ხუთეულის წევრებმა 4 წუთში 10:0 მოიგეს (გრინისა და შენგელიას 4-4 ქულას სანიკიძემ ორი საჯარიმო მიამატა). 25:41 რომ ჩამორჩა, სტუმართა თავკაცმა მონჩო ლოპესმა მოედანზე ჰეშიმუ ევანსი დააბრუნა.
მართალია, მას დამაგვირგვინებელ ფაზაში თავი არ გამოუდია, მაგრამ პორტუგალიელებმა წაგების სურნელი რომ იყნოსეს თავს ძალა დაატანეს და მესამე პერიოდის მეორე ნახევარში სამი სამქულიანი გამოიყენეს...
მეოთხე მეოთხედი
ბოლო რაუნდის დასაწყისში მირანდას (კიდევ კარგი მოვიგეთ, თორემ სად უნდა გვეთქვა - მირანდასთან დავმარცხდითო) 5 ქულას ანდრადემ სამქულიანი მიაყოლა და სირენამდე 8:40 წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდა - 46:46.
16-ქულიანი ფორის განიავების შემდეგ საქართველოს ნაკრებს ახალი მუხტი სჭირდებოდა და მიიღო კიდეც: ზაზა ფაჩულიამ ერთ-ერთ ეპიზოდში ვეღარ მოითმინა, და მასზე წესის დამრღვევ მოწინააღმდეგეს იდაყვი ჰკრა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა მსაჯები მასპინძლებს პატიობენ, ხოლო სტუმრებს ტექნიკურ შენიშვნას აძლევენ.
თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზაზა სტუმრებმა მწყობრიდან სწორედ ბინძური თამაშით გამოიყვანეს. ფაჩულიას მოქმედებამ თანაგუნდელებიც გამოაფხიზლა და ტრიბუნებიც აიყოლია. მატჩის ბოლომდე პორტუგალიელთა შეტევებს გამაყრუებელი ხმაური სდევდა.
- მეტოქეებმა ძალიან გამაბრაზეს. ასეთი მოქმედება ყოველთვის სარისკოა, რადგამ მსაჯისგან შეიძლება ტექნიკური შენიშვნა დაიმსახურო. თუმცა, ზოგჯერ ტექნიკურის მიღებაც საჭიროა - შესაძლოა, თამაში სწორედ ამის შემდეგ შემოაბრუნო. პორტუგალიასთან მატჩში ბოლომდე თამამად ვიბრძოლე, რადგან ვიცოდი, რომ ყველა შემთხვევაში გულშემატკივარი ჩემს მხარეს დაიჭერდა, - როგორც მიხვდით, ეს ზაზა ფაჩულიას ნათქვამია. მან მატჩი სირენამდე 1:35 წუთით ადრე დატოვა, მოედნიდან გამოსვლისას ფაჩულია ტრიბუნებს მხედრულად მიესალმა, ვიომე და ბრძოლის ველს გამარჯვებული ვტოვებო.
კაპიტნის გაცხარებასა და მხედრულ სალამს შორის იყო ეფექტური მონაკვეთი: ფაჩულიას ზუსტ 8 საჯარიმოს სანიკიძის სამი ერთმანეთზე უკეთესი ჩატენვა, გრინისა და იმავე სანიკიძის ორი სამქულიანი (სხვადასხვა კუთხიდან) დაერთო... პორტუგალიელები კი, სტატისტის როლით დაკმაყოფილდნენ. საყურადღებოა, რომ ვიქტორმა ბოლო რაუნდში 9 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. მან საბოლოოდ ორმაგი დუბლი შეასრულა - 12 ქულა და 10 მოხსნა. არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ ნიკა ცქიტიშვილმა ბელგიასთან მატჩისგან განსხვავებით საკმარისად ითამაშა (26 წუთი), გუნდს 10 მოხსნით და 7 ქულით შეეწია.
აქვე რამდენიმე ციფრს ჩამოვწერთ და დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. პირველ ტაიმში პორტუგალიამ მოხსნებში 24:22 იმარჯვა, საბოლოოდ ამ კომპონენტში ქართველებმა იყოჩაღეს - 47:36. საქართველომ 33-დან 13 ორქულიანი გამოიყენა, პორტუგალიამ 26-დან - 14. ჩვენ 20-დან 5 სამქულიანი ჩავაგდეთ, მეტოქემ 37-დან - 8. მასპინძლებმა 44-დან 32 საჯარიმოს რეალიზება მოახერხეს, სტუმრებმა - 10-დან 5-ის.
ევრობასკეტი 2011. შესარჩევი ეტაპი
11 აგვისტო, თბილისი
სპორტის სასახლე, 9700 მაყურებელი
საქართველო-პორტუგალია 73:57
12:16, 19:9, 15:13, 27:18
საქართველო: გამყრელიძე (3ქ), ფაჩულია (17ქ, 6მ, 3პ), ცინცაძე (4ქ, 4პ), შერმადინი (8ქ, 8მ), მარკოიშვილი (6ქ), სანიკიძე (12ქ, 10მ, 3ჩ, 2დ), გრინი (12ქ, 5მ, 3პ), ცქიტიშვილი (7ქ, 10მ), შენგელია (4ქ)
პორტუგალია: მინიავა, ევანსი (13ქ, 11მ), სილვა, გომეში, ჟორდაო (2ქ), ფერნანდესი, ანდრადე (14ქ, 3პ), პ. პინტუ (4ქ), კორტესი (2ქ), მირანდა (16ქ), სანტუში (5ქ)
მსაჯები: ვ. დრაბიკოვსკი (უკრაინა), ე. კარტალი (თურქეთი), გ. კოჰენი (ისრაელი)