მარკიზ ჰეინსი: საქართველოსნაირი ნაკრები ევროპაში ბევრს არ ჰყავს

AutoSharing Option
შვედეთთან ამხანაგური მატჩის წინ კალათბურთის ფედერაციის ვებ-საიტზე გამოქვეყნდა ინტერვიუ ჩვენი ნაკრების ახალწვეულ მარკიზ ჰეინსთან. ვფიქრობთ, ამერიკელის მოსაზრებები ჩვენი გაზეთის მკითხველსაც დააინტერესებს.

მარკიზი ჯერ კოლეჯების ლიგის წარმომადგენელ "ისთ კოასტთან" შაბათის დაპირისპირებას იხსენებს.

- მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა. ვერავის გამოვარჩევ. გამარჯვებას ერთიანი ძალისხმევით მივაღწიეთ, რაც ორმაგად სასიხარულოა. გუნდი შეთამაშების პროცესშია და ყოველ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს.

- საკუთარ თამაშზე რას იტყვი?
- სტუდენტურ ლიგაში არაერთი წელი გავატარე და იქაურ თამაშის სტილს კარგად ვიცნობ. ვცდილობდი, მეტოქისთვის შესაბამისი ტაქტიკა დამეპირისპირებინა და ეს ჩემთან ერთად
მთლიანად გუნდმა მოახერხა. არადა, მეტოქე არ იყო სუსტი. ამერიკის სტუდენტური ლიგის საუკეთესო უნივერსიტეტების მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ჩვენ კი ამ ნაკრებს დიდი სხვაობით ვძლიეთ. ყველანი კმაყოფილები ვართ.

- საქართველოს ნაკრებში მეოთხე მატჩი ჩაატარე...
- საწყის ორ შეხვედრაში შედარებით გამიჭირდა. ეს ბუნებრივიცაა - გუნდს არ ვიცნობდი. თუმცა ესტონეთთან და ამერიკელებთან შედარებით უკეთ გამოვიყურებოდი. ეს არ არის ჩემი მაქსიმუმი და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო სარგებლიანი გავხდები. მთავარი გუნდთან ადაპტაცია და ბიჭებთან შეთამაშებაა და ეს პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს.

- რომელია შენი ნომინალური პოზიცია?
- უფრო ორი ნომერი ვარ, მაგრამ გამთამაშებლადაც ხშირად მითამაშია. საქართველოს ნაკრებში ორივე პოზიციაზე კარგი კალათბურთელები არიან. მე იქ ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი გამამწესებს.

- რას იტყვი საქართველოს ნაკრებზე?
- საქართველოს ნაკრების წევრობა, ჩემთვის დიდი პატივია. გუნდში მოსვლის პირველივე დღიდან შევატყვე, რომ ეს ერთი დიდი ოჯახია. გუნდის წევრებს ერთმანეთთან ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ და ეს წარმატების მყარი საწინდარია. სპორტული კუთხით კი საქართველოს ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს. ასეთი დაბალანსებული და მაღალი დონის მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი ევროპაში ბევრი არაა. გვყავს კარგი შემტევი კალათბურთელები, სნაიპერები და ტანმაღალი მოთამაშეები. მთავარი ახლა შეთამაშება, სათამაშო პრაქტიკა და მონდომებაა. ევროპის ჩემპიონატზე არასდროს მითამაშია, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ვიცი, რომ იქ ძლიერი გუნდები არიან თავმოყრილნი, თუმცა ვფიქრობ, საქართველოს წარმატების მიღწევის შანსი ნამდვილად აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული