კვეცა ნაკრებში და გრინის კითხვის ნიშანი

AutoSharing Option
ესტონეთის საერთაშორისო ტურნირმა ბევრ კითხვას გასცა პასუხი. ყველაზე მთავარი: იგორ კოკოშკოვი ევრობასკეტზე ისევ ძველ გვარდიას დაეყრდნობა. მწვრთნელი ახალწვეულებს საკონტროლო მატჩებშიც არ აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას.

შეკრებიდან თბილისში უკვე გამოემგზავრა ფორვარდი მიხეილ ბერიშვილი. მის გარდა ნაკრებთან ერთად არ ვარჯიშობს კოტე ტუღუში (მენეჯერის ფუნქციები დაეკისრა). რაც შეეხება ტორინ გრინს, მას აპრილის ბოლოს მიღებული მძიმე ტრავმა ჯერაც ვერ მოუშუშებია და სარეაბილიტაციო კურსს გადის. თუმცა არაა გამორიცხული, ის ნაკრებს რამდენიმე დღეში შეუერთდეს. ამის შესახებ ნაკრების პრეს-ატაშე ირაკლი პერტაიას გენერალურმა მენეჯერმა მერაბ რატიშვილმა უთხრა:

-
გრინს გასული სეზონის ბოლოს მოტეხილი ფეხის თითი ჯერაც აწუხებს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ტრავმა თითქმის მოშუშებულია. გრინი 8 აგვისტოს ჩიკაგოს კლინიკაში გენერალურ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ ექიმები ნებას დართავენ, საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული გუნდი 12 მოთამაშით გაემგზავრება. ფიბა-ევროპამ გადაწყვეტილება შეცვალა და აქამდე გამოცხადებული 14-კაციანი ზღვარი ორით შეკვეცა.

- მას შემდეგ, რაც ფიბა-ევროპამ ევრობასკეტზე მონაწილე გუნდებს შემადგენლობა 14-მდე გაზარდა, ფიბამ (ყველა რეგიონალურ საკალათბურთო ორგანიზაციაზე მაღლა მდგომმა ორგანომ) განაცხადა, რომ ოლიმპიადაზე და ზოგადად კალათბურთში მიღებულია გუნდში 12 მოთამაშის წარდგენა. ვისაც ოლიმპიადაზე თამაში სურს, ამ წესს უნდა დაემორჩილოს. ამის შემდეგ ფიბა-ევროპამ გააუქმა თავისი გადაწყვეტილება და ევრობასკეტზე, ლიტვაში გუნდები 12 მოთამაშით გაემგზავრებიან, - სიტუაციაში მერაბ რატიშვილმა გაგვარკვია.

ეროვნული ნაკრების წვრთნელი სადღეისოდ მოვარჯიშე 15-კაციან შემადგენლობას 12-მდე 16 აგვისტოს შემდეგ შეკვეცს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული