პირველი გამარჯვება

AutoSharing Option
შაბათს საქართველოს ნაკრების მეტოქე "ისტ კოასტი" იყო. ეს გუნდი ამერიკის კოლეჯების ლიგის საუკეთესო კალათბურთელებით შედგენილი კრებულია და ინტერვიუში მარკიზ ჰეინსმაც თქვა, ურიგო ძალას არ წარმოადგენსო. ამის დასტურად პარასკევს "კოასტის" მიერ შვედეთის ნაკრების ძლევა გამოდგება (78:77).

კოლეჯების ლიგაში ახალგაზრდა კალათბურთელები თამაშობენ, რომლებსაც ქართველებზე მეტი გამოცდილება ნამდვილად არ აქვთ. სწორედ გამოცდილების ხარჯზე იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში მცირედით აჯობეს და 98:81 მოიგეს. ეს გახლდათ ჩვენების პირველი გამარჯვება მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე. მანამდე ავსტრიასთან (ორჯერ) და ესტონეთთან დამარცხდნენ.

ამერიკელები ქართველებს თავიდან 2:9 ჩამორჩნენ,
მაგრამ მდგომარეობა მალევე გამოასწორეს და მეორე მეოთხედში მცირე უპირატესობასაც დაეუფლნენ.

თუმცა დიდ შესვენებამდე წუთნახევრით ადრე ვიქტორ სანიკიძის, ვოვა ბოისასა და თორნიკე შენგელიას ზუსტი თამაშის წყალობით ჩვენმა გუნდმა 6:0 გაქცევა მოაწყო და შესვენებაზე შვიდქულიანი უპირატესობით გავიდა (49:42).

მეორე ტაიმის დასაწყისში კი ქართველებმა ის თამაში უჩვენეს, რასაც მისგან ევროპის ჩემპიონატზე ველით: დაცვა მოწოდების სიმაღლეზე იყო, გუნდი კიდევ უფრო კარგად გამოიყურებოდა შეტევაში და სამ წუთში 61:42 დაწინაურდნენ. მას მერე "ისტ კოასტის" კალათბურთელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ როგორც გამოცდილ კოლექტივს შეშვენის, საქართველოს ნაკრებმა მატჩი მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე.

ქართველთაგან ყველაზე მეტი ქულა მანუჩარ მარკოიშვილმა ჩააგდო - 20. ეს ორმაგად გასახარია, რადგან მანუ ტრავმის გამო შეკრების დასაწყისში სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა და ავსტრიასთან ორი მატჩიც გამოტოვა. ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა (13 ქულა, 9 მოხსნა), ხოლო თორნიკე შენგელიამ მოკლე დროში ეფექტური სტატისტიკა ჩაიწერა: 13 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი.


6 აგვისტო, ტალინი
საქართველო-ისტ კოასტი (NCAA) 98:81
20:20, 29:22, 24:22, 25:17

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ! ასე შე კაცო... :) მადლობას გიხდით, ასეთი ოპერატიულობისათვის...ისე მუდამ კარგ სტატიებს წერ, მომწონს და სიამოვნებით ვკითხულობ...(იმედია არ გეწყინა, ჩემი "უხეში" შენიშვნა)... :):)
დევიდ აირონს
16:19 09-08-2011
0
რას წერ ავტორ? რა ტალინი ფინეთი? როდენდე უნდა წეროთ ასე დაუდევრად? კარგი, გაგეპარათ (!) შეცდომა, მაგრამ გასწორება ხომ შეიძლება? თუ არ გაინტერესებთ, რას წერთ და როგორ?
დევიდ აირონს
15:47 09-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული