კოლეჯების ლიგაში ახალგაზრდა კალათბურთელები თამაშობენ, რომლებსაც ქართველებზე მეტი გამოცდილება ნამდვილად არ აქვთ. სწორედ გამოცდილების ხარჯზე იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში მცირედით აჯობეს და 98:81 მოიგეს. ეს გახლდათ ჩვენების პირველი გამარჯვება მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე. მანამდე ავსტრიასთან (ორჯერ) და ესტონეთთან დამარცხდნენ.
ამერიკელები ქართველებს თავიდან 2:9 ჩამორჩნენ,
თუმცა დიდ შესვენებამდე წუთნახევრით ადრე ვიქტორ სანიკიძის, ვოვა ბოისასა და თორნიკე შენგელიას ზუსტი თამაშის წყალობით ჩვენმა გუნდმა 6:0 გაქცევა მოაწყო და შესვენებაზე შვიდქულიანი უპირატესობით გავიდა (49:42).
მეორე ტაიმის დასაწყისში კი ქართველებმა ის თამაში უჩვენეს, რასაც მისგან ევროპის ჩემპიონატზე ველით: დაცვა მოწოდების სიმაღლეზე იყო, გუნდი კიდევ უფრო კარგად გამოიყურებოდა შეტევაში და სამ წუთში 61:42 დაწინაურდნენ. მას მერე "ისტ კოასტის" კალათბურთელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ როგორც გამოცდილ კოლექტივს შეშვენის, საქართველოს ნაკრებმა მატჩი მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე.
ქართველთაგან ყველაზე მეტი ქულა მანუჩარ მარკოიშვილმა ჩააგდო - 20. ეს ორმაგად გასახარია, რადგან მანუ ტრავმის გამო შეკრების დასაწყისში სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა და ავსტრიასთან ორი მატჩიც გამოტოვა. ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა (13 ქულა, 9 მოხსნა), ხოლო თორნიკე შენგელიამ მოკლე დროში ეფექტური სტატისტიკა ჩაიწერა: 13 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი.
6 აგვისტო, ტალინი
საქართველო-ისტ კოასტი (NCAA) 98:81
20:20, 29:22, 24:22, 25:17
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"