სემ ვან როსომი: საქართველოს შარშან ხომ მოვუგეთ

AutoSharing Option
31 აგვისტოს, ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში საქართველოს ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდება. ჩვენი მეტოქე ამჟამად ამერიკაშია და დალასში მართავს საკონტროლო მატჩებს. ტეხასში გამგზავრებამდე ბელგიელმა "ლომებმა" კოტ დივუარელ "სპილოებს" უმასპინძლეს და 78:66 სძლიეს.

ამერიკაში ედი კასტელსის შეგირდებმა თავისუფალ აგენტთა კრებულთან ორი მატჩი ჩაატარეს. პირველი 84:101 დათმეს, ხოლო მეორეში რევანში აიღეს - 69:62.

როგორც ჩანს, ბელგიელების მწვრთნელი მნიშვნელოვან ფუნქციას აკისრებს "ნიუ ორლეანის" ცენტრ დიდიე მბენგას - მეორე შეხვედრაში "ლომებმა" სწორედ მისი წყალობით მოიგეს (20 ქულა, 13 მოხსნა).

მბენგაც კმაყოფილია:
- ძლიერი გუნდი გვყავს. ამ
შემადგენლობით ერთად ხუთი წელია, ვთამაშობთ და ერთმანეთისა კარგად გვესმის. კარიერაში ბელგიის ჩემპიონატიდან დაწყებული NBA-თი დამთავრებული ბევრი შეჯიბრება მოვიგე. ახლა ევრობასკეტზე თავის გამოჩენის ჯერია.
ბელგიელთა კიდევ ერთი ცენტრი ტომას ვან დენ შპიგელი ყურადღებას საქართველოს ნაკრებთან მატჩზე ამახვილებს:

- დიდი ხნის შესვენების შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ. გულშემატკივარი ჩვენგან წარმატებულ გამოსვლას ითხოვს. დიდი მნიშვნელობა ექნება 31 აგვისტოს საქართველოს ნაკრებთან თამაშს. მერე რა რომ მასთან, უკრაინასთან და ბულგარეთთან ბოლო წლებში დადებითი ბალანსი გვაქვს, ყველაფერი ახლიდან იწყება. ამჯერად საქართველოს ნეიტრალურ მოედანზე ვხვდებით. ფრთხილად უნდა ვიყოთ.

***
ევრობასკეტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ვრცელი პუბლიკაცია ბელგიის ნაკრების შესახებ, რომელიც ესპანური "სარაგოსას" გამთამაშებლის სემ ვან როსომის მონათხრობზეა აგებული. შესავალში ვკითხულობთ:

"ბელგია შოკოლადითა და ლუდითაა ცნობილი. აგვისტოს ბოლოდან კი ეს ქვეყანა მსოფლიოს საკალათბურთო კუთხითაც გაეცნობა. შარშან ბელგიელებმა სიურპრზი შემოგვთავაზეს - შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, უკან მოიტოვეს საქართველო, ბულგარეთი, პოლონეთი და პორტუგალია.

სემ ვან როსომი ნაკრების პროგრესს უსვამს ხაზს:
- კარგად მახსოვს პირველი მატჩი ეროვნულ ნაკრებში. მაშინ გულშემატკივარი კალათბურთისადმი დიდ ინტერესს არ იჩენდა. მას მერე გუნდმა სერიოზული პროგრესი განიცადა და ქომაგსაც გული მოუბრუნდა. ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაში ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.

ვან როსომი ჯგუფის მეტოქეების შეფასებისას უკვე მოძველებულ ფრაზას ხმარობს:
- სლოვენია და რუსეთი ფავორიტები არიან. ჯგუფიდან გამსვლელი კიდევ ერთი გუნდის საკითხი კი ღიადაა. შარშან საქართველო და ბულგარეთი დავამარცხეთ და ამიტომაც თამამ პრეტენზიას ვაცხადებთ მესამე ადგილზე. რაც შეეხება უკრაინას, მას კარგად არ ვიცნობ. თუმცა ფაქტი ერთია - ჯგუფში ისეთი ნაკრებები არიან თავმოყრილნი, რომლებსაც შეუძლიათ თუნდაც სლოვენიისა და რუსეთის ძლევა. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ბოლო ტურამდე დაძაბული ბრძოლები იქნება და მომდევნო ეტაპზე გამსვლელი სამეული 5 სექტემბერს გამოვლინდება. შესაძლოა ბევრი რამ ბურთების შეფარდებამაც გადაწყვიტოს.

სემი ლაპარაკს შემადგენლობით ამთავრებს:
- ტრავმის გამო გამოცდილი ვან დერ იონკჰეიდი დაგვაკლდა. თუმცა არანაკლებ გამოცდილი კალათბურთელები დაგვრჩა. არ უნდა დაგვავიწყდეს დიჯეი მბენგა, რომელიც წლებია, NBA-ში თამაშობს და საკუთარ გამოცდილებას ბელგიის ნაკრების ახალგაზრდა კალათბურთელებს გვიზიარებს. იგი გუნდისთვის ბევრს ნიშნავს."

ბელგია
მოთამაშე დ.თ. სმ გუნდი
აქსელ ერველე 1983 204 ბილბაო (ესპანეთი)
კრისტოფ ბეგინი 1980 205 შარლერუა
დიმიტრი ლაუერსი 1979 187 აველინო (იტალია)
როელ მოორსი 1978 190 ანტვერპენი
დიდიე მბენგა 1980 213 ნიუ ორლეანი (NBA)
სემ ვან როსომი 1986 188 სარაგოსა (ესპანეთი)
ჯონათან ტაბუ 1985 190 კანტუ (იტალია)
ტომას ვან დენ შპიგელი 1978 214 ოოსტენდე
მარკუს ფეისონი 1978 196 ოოსტენდე
გაი მუია 1983 194 ლიეჟი
რენდი ოვენეკე 1986 201 ანტვერპენი
იანიკ დრიესენი 1988 215 ესტუდიანტესი (ესპანეთი)
მაქსიმ დე ზეეუვი 1987 204 პეპინსტერი
ჟან მარკ მვემა 1989 195 ანტვერპენი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული