მეხუთე მეოთხედი

AutoSharing Option
ნამატჩევს ფოიეში ბოლთას სცემდა პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი მონჩო ლოპესი. მას პოლონელი კოლეგის იგორ გრიშჩუკისგან განსხვავებით სახეზე ნერვიულობა არ ეტყობოდა. ქართველი ჟურნალისტების წინაშე მშვიდად ილაპარაკა:

- პირველ რიგში, მინდა კალათბურთის ფედერაციას მადლობა მოვახსენო, სასტუმროდან დაწყებული, სავარჯიშო პირობებით დამთავრებული, ყველაფერი შესანიშნავი იყო. საქართველოს ნაკრებს და დარბაზში შეკრებილ ურიცხვ გულშემატკივარს ამ გამარჯვებას ვულოცავ. მოხარული ვარ, რომ ჩემმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, დაცვაში კარგად იდგა და უკანასკნელ წუთებამდე გამარჯვების შანსს ინარჩუნებდა. დიდი პრობლემები შეგვიქმნეს საქართველოს ნაკრების ტანმაღალმა კალათბურთელებმა. მეოთხე შეხვედრა წავაგეთ და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის
მინიმალური შანსიღა დაგვრჩა.

საპრესკონფერენციო აბრასთან ლოპესი იგორ კოკოშკოვმა შეცვალა:
- რთული მატჩი იყო. ამას ველოდით კიდეც, რადგან, ვიცოდით, რომ პორტუგალია მებრძოლი გუნდია და კარგი მსროლელები ჰყავს. საქმეს ისიც ართულებდა, რომ სტუმართა რიგებში ყველა თითქმის თანაბარი სიმაღლისაა... გუნდური თამაშისა და დაცვის წყალობით მეორე-მესამე პერიოდებში მეტოქეს გავასწარით, მაგრამ დაგვავიწყდა, რომ ყოველი მატჩი 40 წუთს გრძელდება, კონცენტრაცია დავკარგეთ და ხელმეორედ მოგვიწია გასწრებაზე ზრუნვა. დღესაც დავრწმუნდით, რომ ა დივიზიონში იოლი მატჩები არ არსებობს.

სხვებთან ერთად გამარჯვებით ვიქტორ სანიკიძეც გახარებული იყო:
- მატჩს დადებითად შევაფასებ. მართალია, არცთუ დიდი სხვაობა დაფიქსირდა, მაგრამ არც მეტოქე იყო სუსტი. მაყურებლის მხარდაჭერით პორტუგალია საბოლოოდ მაინც გავტეხეთ. ახლა ბულგარეთთან დაპირისპირებაზე უნდა ვიფიქროთ. სოფიაში ურთულესი ბრძოლა გველის და მოედანზე მაქსიმალურად კონენტრირებულები უნდა გამოვიდეთ.

ზაზა ფაჩულიამ მატჩის ესთეტიურ მხარეზე გაამახვილა ყურადღება:
- სანახაობრივი თვალსაზრისით შეხვედრა შეიძლება ლამაზი არ გამოდგა, მაგრამ საქართველოს ნაკრებში ჩემს მიერ ჩატარებულ თამაშებს შორის ყველაზე საინტერესო იყო. ძალისმიერი მატჩი გამოდგა, რაც უხეშ თამაშში გადაიზარდა. ამაზე პორტუგალიელთა მიერ მიღებული ჯარიმების რაოდენობაც მეტყველებს. უფრო ბინძური მატჩებიც მინახავს. თუ პროფესიონალი ხარ, სწორედ ასეთ შეხვედრებში უნდა იბრძოლო და გაიმარჯვო.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს პორტუგალიასთან მატჩზეც ვკითხეთ და სტუმრად გასამართ ორ შეხვედრაზეც...
- ველოდი, რომ მძიმე ბრძოლა იქნებოდა. ასეც მოხდა, პორტუგალია შეკრული გუნდია და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. დღეიდან ბულგარეთსა და პოლონეთზე ვფიქრობთ. ბულგარეთმა ამ შესარჩევში უკვე დაამტკიცა, რომ ძლიერი გუნდია, ხოლო პოლონეთი პირველ ტურში თბილისში წაგების შემდეგ ყველა ღონეს იხმარს, რომ რევანში აიღოს. დარჩენილია ხუთი მატჩი და ახლა მთავარია, გუნდს ენერგია ბოლომდე შერჩეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული