ბულგარეთიდან ბასკეთამდე

AutoSharing Option
ნიკა ცქიტიშვილი ესპანურ "ლაგუნ აროში" რომ ითამაშებს, ჩვენი გაზეთის მკითხველმა უკვე იცის. როცა ეს ამბავი გამცნეთ, საბოლოოდ გაცხადებული არ იყო კონტრაქტის დეტალები და მისი ხანგრძლივობა. საკონტრაქტო ნიუანსები არც ახლა გამოქვეყნებულა, თუმცა ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საინტერესო სიახლეები ცქიტოსგან შევიტყვეთ.

- სან სებასტიანის "ლაგუნ აროსთან" ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. პირობები მისაღებია. მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულება აგვისტოში გავაფორმე და საქართველოს ნაკრების მატჩების დასრულების შემდეგ გუნდს დროულად შევუერთდები. ოთხი წელიწადია, ევროპაში ვთამაშობ და ყველაზე კარგი პირობები სწორედ "ლაგუნ არომ" შემომთავაზა.

- გასულ თვეში თქვი - "ფუენლაბრადაში" აღარ
დავბრუნდები, გუნდს ფინანსურად ყველაფერი წესრიგში არ აქვსო...
- ამ მხრივ სან სებასტიანის გუნდში ნორმალური სიტუაციაა. არც ფინანსური პრობლემებია და, როგორც შევატყვე, საქმესაც ცოდნით უდგებიან. იმედი მაქვს, ეს ესპანეთის პირველობაზე ნაჩვენებ შედეგშიც აისახება.

- ქართველისთვის ბასკეთში ცხოვრება ძალიან საინტერესოა...
- იქაურობა მეც მაინტერესებს. იმედია, ქართულ-ბასკურ პარალელებზე მეტს შევიტყობ...

- ახლა საქართველოს ნაკრებზე ვთქვათ. დავიწყოთ ბელგიური დაპირისპირებით.
- ჩვენთვის ყველა მატჩი გადამწყვეტია. მნიშვნელობა არ აქვს, სტუმრად ვთამაშობთ თუ შინ. ყოველთვის მოსაგებად ვიბრძვით. პირველი გასვლითი შეხვედრა ბელგიაში ჩავატარეთ. გამარჯვებასთან ახლოსაც ვიყავით, მაგრამ...

- პორტუგალიასთან არანაკლებ რთული მატჩი გამოდგა.
- თავიდან ძალიან გაგვიჭირდა. რთული იყო საკუთარი თამაშის პოვნა, თუმცა მეორე პერიოდში მდგომარეობა გამოვასწორეთ, ხოლო მესამეში 16-ქულიან უპირატესობასაც მივაღწიეთ. ასეთ დროს სხვაობის გაზრდის ნაცვლად მეტოქის შეჩერებაზე მოგვიწია ზრუნვა და პორტუგალიელებმა ჩამორჩენა გააბათილეს. ჩვენი მეტოქე ამოუცნობი გუნდია - ყველა თითქმის ერთი სიმაღლისაა და პერიმეტრიდან ერთნაირი სიზუსტით ისვრიან. საბოლოოდ, კლასის ხარჯზე მეტოქე მაინც გავტეხეთ.

- უახლოესი ორი მატჩის სტუმრად ჩატარება გიწევთ.
- ბულგარეთი ჯგუფის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მისი სოფიაში დამარცხება გაგვიჭირდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ წარმატებას მაინც მივაღწევთ.

- გემახსოვრება ბულგარეთთან 2001 წელს ჩატარებული მატჩი...
- ბულგარეთში რამდენიმე კალათბურთელი მოვიწამლეთ, ხოლო მატჩის დასაწყისშივე ჩვენს მეფარეებს ჯარიმები ჩამოურიგეს... ასევე მახსოვს ბულგარელთა მხურვალე ქომაგობა. მათ ჩვენგან განსხვავებით მცირე ტევადობის დარბაზები აქვთ, თუმცა ბოლომდე ივსება და დიდი ხმაურია. არც ის დამავიწყდება, ბულგარეთიდან ბელარუსამდე როგორ ვიმგზავრეთ. მატარებლით, გემით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით, მხოლოდ ურემზე არ ვმჯდარვართ...

- ორ საუკეთესოში მოსახვედრად ორი საგარეო მატჩის მოგება კარგი იქნება...
- ეს აუცილებელია. ბელგიაში წაგებაზე ძალიან მწყდება გული. ანტვერპენში გამარჯვება დიდი საქმე იქნებოდა. ბულგარეთ-პოლონეთში შემართებით და იმედიანად მივემგზავრებით...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული