პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ერთი დღე თბილისში გაატარა და 13 აგვისტოს, ღამით მიუნხენისკენ აიღო გეზი. გუშინ, დილით ქართველები გერმანიიდან ბულგარეთში ჩაფრინდნენ და სასტუმრო "ტრიადაში" დაბინავდნენ.
ჩვენმა კრებულმა გუშინვე სოფიის არენა "უნივერსიადაზე" ივარჯიშა და... დღეს, თბილისის დროით 19 საათზე ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ საბრძოლველად გავა.
ამავე გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ბულგარეთთან დაპირისპირებათა ისტორიას და მეტოქის მწვრთნელის მოსაზრებებს. აქ კი შემადგენლობებს შევავლოთ თვალი და გავარკვიოთ, თუნდაც მოთამაშეთა კლასით ვჯობივართ თუ არა ბულგარელებს.
მასპინძლებს საწყის სამ მატჩში ფილიპ ვიდენოვი მიუძღოდათ. მას საშუალოდ 20.3 ქულა
ტყუპი ივანოვებიდან ერთი იტალიაში თამაშობს, მეორე - ესპანეთში. მარკოიშვილი და სანიკიძე "მონტეგრანაროს" ფორვარდ დეიან ივანოვს კარგად იცნობენ. მისი ტყუპისცალი კალოიანი ვოვა ბოისას გვერდით ესპანურ "მენორკაში" თამაშობდა. "ესპანელი" ივანოვის წინააღმდეგ არაერთი მატჩი ჩაუტარებია ნიკა ცქიტიშვილს და ერთხელ უთამაშია თორნიკე შენგელიას (2009 წლის ზამთარში). ასე რომ, ბულგარელთა ნაკრების ტყუპ ფორვარდებს სანიკიძის, ცქიტიშვილის და შენგელიას სახით კარგი მცველები ეყოლებათ.
მასპინძელთა ნაკრებში კიდევ ერთი მაღალი კლასის მოთამაშეა - ერლ კალუეი, რომელსაც ბულგარეთის მოქალაქეობა წლეულს მისცეს. კალუეი ტაირონ ელისის თანაგუნდელია (ესპანურ "კახასოლში") და ბულგარეთის ნაკრებში დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს. ცინცაძემ, გამყრელიძემ და გრინმა მისი შეჩერება თუ მოახერხეს, გამარჯვების შანსიც საგრძნობლად გაიზრდება.
ბულგარეთის ნაკრებში ზემოთ ნახსენები ოთხეულის გარდა ყველა "აბორიგენია" (ადგილობრივი გუნდებიდან არიან), თუმცა ბულგარელებს კარგი ჩემპიონატი აქვთ და კოსტოვ-გეორგიევებიც სახიფათონი არიან.
მეტოქის წამყვანი კალათბურთელების ჩამოთვლისას მათი სავარაუდო მეურვეები დავასახელეთ. საქართველოს ნაკრებს პირველ რიგში სწორედ დაცვაში მართებს დამაჯერებელი თამაში. თუ ჩვენმა გუნდმა ამ საქმეს კარგად გაართვა თავი, შეტევაში ბულგარეთს ნამდვილად აჯობებს - კალუეის, ივანოვებსა და ვიდენოვზე უკეთესი თუ არა, არანაკლები მსროლელები გვყავს.
არ დაგვავიწყდეს ჩვენი მთავარი კოზირი - ზაზა ფაჩულია. ბულგარეთის ნაკრებში ორი ცენტრია, ნიკოლაი ვრბანოვი და სტეფან გეორგიევი. მათზე ბევრი რამ სულაც არ არის დამოკიდებული...
მოკლედ, შემადგენლობით ბულგარელებს ვჯობივართ, მთავარია მატჩისთვის სათანადო განწყობა, მობილიზება, სწორი თამაში და ვახტანგ ნაცვლიშვილის სიტყვების გამართლება: სტუმრად გამარჯვება უნდა ვისწავლოთ... იმედია, ამ საქმეს ბულგარეთიდან მოვკიდებთ ხელს.
ბოლოს შემოგთავაზებთ მცირე ინტერვიუს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტ დავით უსტიაშვილთან.
- როგორი განწყობით ჩახვედით ბულგარეთში?
- განწყობა საბრძოლოა და ყველა მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს. ბიჭები კარგ ხასიათზე არიან, საღამოს ვარჯიშისთვის ვემზადებით.
- როგორ იმგზავრეთ?
- ბულგარეთში გერმანიის გავლით ჩამოვფრინდით და სასტუმროში დილას დავბინავდით. ბიჭებმა დაისვენეს და საღამოს 6 საათზე ვივარჯიშეთ. გუნდი ძალიან არ დაგვიტვირთავს. შედარებით მსუბუქი ვარჯიში გვქონდა. თამაშის დღეს, ტრადიციულად, ყველა მსუბუქ წვრთნას გადის. დარბაზში დილის 11 საათზე შევალთ და ძირითადად სროლებზე წავიმუშავებთ.
- ყველა ჯანმრთელადაა?
- გიორგი ცინცაძეს წელი ოდნავ აწუხებს. მან თბილისში არ ივარჯიშა, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ დაესვენა.
- თქვენს ჩასვლას ჟურნალისტებისგან როგორი დაინტერესება მოჰყვა?
- რამდენიმე ჟურნალისტი დაგვხვდა, კამერით იყვნენ და ალბათ ტელევიზიითაც გააშუქეს ჩვენი ჩასვლა.
- როგორ სასტუმროში დაგაბინავეს?
- ნორმალური სასტუმროა და პირობებს არ ვუჩივით.
- ბელგიაში ბევრი ქართველი გქომაგობდათ. ბულგარეთშიც ხომ არ ელით ქართველ მხარდამჭერებს?
- ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ბევრი ქართველი, ალბათ, არ მოვა, რადგან ბულგარეთში მცირერიცხოვანი დიასპორა გვყავს. კარგი იქნებოდა, ბელგიის დარი გულშემატკივრობა რომ გვქონოდა.
- შანსებზე რას იტყვით?
- სტუმრად, მით უმეტეს, ბულგარეთში თამაში ძალიან ძნელია. თუ ბიჭები კარგად შეასრულებენ მწვრთნელის დავალებებს, მოგება რეალურია. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.
ლელო