უსტიაშვილი: გადაწყდა, რომ ყველა კალათბურთელი გამოგვეცადა

AutoSharing Option
გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ლატვიასთან მეორე სპარინგ მატჩი 73:84 წააგო. პირველად მოხდა, რომ მოსამზადებელ მატჩებში ჩვენი ნაკრების სერბმა თავკაცმა მოედანზე ყველა კალათბურთელი შეიყვანა.

ბოლო მეოთხედში ჩვენს ლიდერებს - ფაჩულიას, სანიკიძეს, ვლადიმერ ბოისას, გიორგი ცინცაძეს, მანუჩარ მარკოიშვილს საერთოდ არ უთამაშიათ, არადა, ერთ ეპიზოდში სხვაობა 5 ქულამდე შევამცირეთ და მატჩის მოსაგები დროც საკმარისად იყო. გვესაუბრება საქართველოს სამწვრთნელო შტაბის წევრი დავით უსტიაშვილი.

- ლატვიასთან მარცხს უარყოფითად ხომ არ უმოქმედია ნაკრების წევრებზე?
- არა, რატომ, ეს ხომ არ იყო ოფიციალური შეხვედრა. ლატვიას წინა შეხვედრა
მოვუგეთ, ახლა კი შედეგს ნაკლები ყურადღება დავუთმეთ და მატჩის დაწყებამდე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ყველა კალათბურთელს
ვათამაშებდით და ასეც გავაკეთეთ.

- ბოლო მეოთხედში საკმაოდ რეალური იყო, რომ ლატვიელები დაგვემარცხებინა, თუმცა გადამწყვეტი ათწუთეული მთლიანად სათადარიგო კალათბურთელებს დაუთმეთ. გიორგი შარაბიძე, ლაშა ფარღალავა, ანატოლი ბოისა და ნაკრების სხვა სათადარიგოები საკმაო ხნით იმყოფებოდნენ მოედანზე...
- მთავარმა მწვრთნელმა თავიდანვე გადაწყვიტა, რომ მოედანზე ყველა გასულიყო, რათა ბოლომდე დარწმუნებულიყო თითოეული მოთამაშის შესაძლებლობაში. ეს იყო ამხანაგური მატჩი, წინა ამხანაგური მოვუგეთ ლატვიას და ამ შეხვედრაში შედეგზე მეტად სხვა მომენტებზე ვიყავით ორიენტირებულნი.

ნუ რა თქმა უნდა, შეხვედრა ძირითადი კალათბურთელებით დავიწყეთ და საკმაოდ კარგი თამაშიც ვაჩვენეთ. 10 ქულით დავწინაურდით, თუმცა შემდეგ შეცვლების დრო დადგა. ეს იმანაც განაპირობა, რომ ორმა კალათბურთელმა თამაშისას ტრავმა მიიღო. საბედნიეროდ, თორნიკე შენგელიას და ვლადიმერ ბოისას დაზიანებები სერიოზული არ აღმოჩნდა. შენგელია მოედანზე მატჩის მეორე ნახევარში დავაბრუნეთ, ხოლო ბოისას, ისევე როგორც ხუთეულის დანარჩენ წევრებს, დასვენების საშუალება, სათადარიგოებს კი - თავის გამოჩენის შანსი მივეცით.

- ვლადიმერ ბოისა ლიტვასთან მომავალ სპარინგ-მატჩში ითამაშებს?
- ბოისა მწყობრშია და ლიტვასთან ითამაშებს. ისეთი ტრავმა არავის არწუხებს, რომ თამაშში ხელი შეეშალოს.

- ლიტვასთან შეხვედრას როგორი განწყობით ხვდებით და ამჯერად რას აპირებს სამწვრთნელო შტაბი?
- ლიტვასთან მატჩსაც ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ. ვფიქრობ, არ არის გამართლებული რომ ასეთ შეხვედრებში ბოლომდე დაიხარჯო და ამით რისკზე წახვიდე. ეს იქნება ბოლო საკონტროლო შეხვედრა ევროპის ჩემპიონატამდე და რა თქმა უნდა, კარგი კალათბურთის სათამაშოდ გავალთ მოედანზე. აღვნიშნავ, რომ საქართველო სულ სხვანაირ კალათბურთს ითამაშებს ოფიციალურ მატჩებში. მწვრთნელებმა განვლილი მატჩებიდან ბევრი დასკვნა გამოვიტანეთ და ვეცდებით, ოფიციალურ შეხვედრებში ეს მასქიმალურად გამოვიყენოთ.

- შეკრებას ლიტვაში აგრძელებთ?
- 25 აგვისტოს დღის პირველ ნახევარში უკვე ვილნიუსში ვიქნებით. იქ 3 დღე დავრჩებით, 27-ში ლიტვის ნაკრებს ვეთამაშებით, 28-დან კი უკვე კლაიპედაში გადავინაცვლებთ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული