ამ ვაჟკაცებს რომ ვუყურებ, ჩემი თაობა მახსენდება

AutoSharing Option
პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან მატჩისას ქართველ კალათბურთელებს პირთამდე სავსე ტრიბუნებთან ერთად ვეტერანი სპორტსმენებიც აქტიურად ქომაგობდნენ. ზოგიერთს სიხარულის ცრემლითაც სავსე ჰქონდა თვალები _ ალბათ, ჯეელობამ თუ შეახსენა თავი. განსაკუთრებით ჭაღარათმიანმა ბრგე მამაკაცმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, რომელიც ზოგჯერ მოედანზე დატრიალებულ ბატალიებს მზერას მოსწყვეტდა და ჩვენების `ბანაკისკენ~ გაიხედავდა: ხან მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს, ხანაც _ სათადარიგოთა სკამზე მსხდარ ბიჭებს შეავლებდა თვალს. ქართული სპორტის სტაჟიან გულშემატკივრებს ამ პიროვნებაში თბილისის `დინამოს~ ყოფილი კალათბურთელის, საბჭოთა კავშირის ჩემპიონისა და მრავალგზის პრიზიორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ვაჟა გვანცელაძის ამოცნობა არ
გაუჭირდებოდათ. სათადარიგოთა სკამისკენ გაპარული მისი მზერაც არავის გაუკვირდებოდა, რადგან იქ მისი შვილიშვილი, ეროვნული ნაკრების წევრი ნიკა მეტრეველი იჯდა.

საფინალო სასტვენის შემდეგ სახელოვანი სეხნია ინტერვიუზე დავითანხმე:

_ ქართულ კალათბურთში არაჩვეულებრივი ბიჭები წამოვიდნენ. დიდხანს ველოდით ამგვარ სიტუაციას. მდიდარი წარსულის ქართული კალათბურთი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპში მონაწილეობის ღირსია. ამ ვაჟკაცებს რომ ვუყურებ, ჩემი თაობა მახსენდება, სამამულო სპორტის ისტორიაში სასახელო ფურცლები რომ ჩაწერა.

_ მაშ, საქართველოს ნაკრების თამაშით კმაყოფილი ხართ?
_ ყველაფერი შედარებითია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენმა კალათბურთელებმა საკმაოდ აიმაღლეს ოსტატობა. არც არის გასაკვირვი. ნაკრების წევრთა უმრავლესობა ხომ უცხოეთის კარგ გუნდებში თამაშობს. მძიმე დატვირთვებიც აქვთ. ცუდი ის არის, რომ სხვადასხვა გუნდში გამოდიან და ტურნირისწინა შეკრებისას შეთამაშებას ვერ ასწრებენ. აი, უკვე მეექვსე მატჩი გამართეს და ნატურალიზებული ქართველები _ გრინი და ჰოსლი ჯერ კიდევ ორგანულად ვერ შეერწყნენ ნაკრებს, თუმცა, ეტყობათ, რომ ნიჭიერები არიან. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ მთლიანად გუნდმაც ვერ შეძლო ჯერ ერთ მონოლითურ კოლექტივად შეკვრა. არადა, პოლონელებთან მატჩისას აშკარად გამოიკვეთა ერთსულოვნება, ტექნიკურ-ტაქტიკური უპრატესობა. აი, ბელგიასთან და პორტუგალიასთან ამ მხრივ პოზიციები დავთმეთ. ამიტომ პირენეელებთან სასურველი შედეგის მიღწევა გაგვიჭირდა. საკმარისად ვერ ვიყენებთ ისეთ დიდ კოზირს, როგორიცაა სამქულიანი ტყორცნები. მეტი სითამამე გვჭირდება. ნუ შეგვეშინდება, რადგან ტანმაღალი ბიჭები გვყავს და ფარიდან ასხლეტილი ბურთის დასაუფლებლად მეტი აგრესიულობა უნდა გამოიჩინონ. ხშირად დაცვაშიც მოვიკოჭლებთ, რასაც მეტოქე გუნდები ჯერჯერობით ჩინებულად იყენებენ. ჩვენ გვყავდა შესანიშნავი კალათბურთელი _ ალექსანდრე კილაძე, რომელიც შორეული ტყორცნებით გამოირჩეოდა. ეჰ, მაშინ რომ სამქულიანები ყოფილიყო...

_ კოკოშკოვის მწვრთნელობას როგორ შეაფასებთ?
_ ჯერჯერობით ძნელია დაბეჯითებით რამე თქვა. დამთავრდეს ეს ორწრიანი შესარჩევი ტურნირი და სალაპარაკოც დაგროვდება. ვნახოთ, როგორ შეაიარაღებს შეგირდებს ტაქტიკურ-ტექნიკური არსენალით.

_ შევამჩნიე, რომ ხშირად იყურებოდით სათადარიგო სკამისკენ...
_ იქ ხომ ჩემი შვილიშვილი ნიკა მეტრეველი ზის. ნაკრებში გამოძახებამდე იტალიის ცხრამეტწლამდელთა პირველობა მოიგო და ერთ-ერთი პრიზიც დაიმსახურა. თბილისის მერიის თასის გათამაშებისას რუმინელთა წინააღმდეგ ითამაშა ცოტა ხანს და მინდა გითხრათ, ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ისე, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ამიტომ პრეტენზიაც არ მაქვს, ეროვნულ გუნდში აუცილებლად ითამაშოს-მეთქი, მაგრამ კარგი იქნება, მწვრთნელი სწორედ მწვავე ბრძოლებში ხანდახან მაინც მისცემდეს სათამაშო დროს. `დინამოში~ ჩვენც ხომ ასე ვიწრთობდით ისეთი კორიფეების გვერდით, როგორებიც იყვნენ ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, ალექსანდრე კილაძე, ვაჟა ჟღენტი, ლევან ინწკირველი, გურამ აბაშიძე, გურამ მინაშვილი, ჯუმბერ ნიჟარაძე...

ვაჟა გვანცელაძეს სპორტული კარიერის დასაწყისი კარგს არაფერს უქადდა: ჯერ ტანვარჯიშის მწვრთნელებმა დაიწუნეს, მერე მძლეოსნობაზე აუცრუეს გული, ფარიკაობაშიც მოეცარა ხელი. მუშკეტერთა მწვრთნელმა ოთარ დიდებულიძემ ურჩია, კალათბურთში ეცადა ბედი. ბოლო არჩევანი მის აღნაგობასა და ხასიათს მოერგო, აქ იპოვა ნამდვილი მოწოდება.

_ 1948 წელს მიხეილ კეკელიძის ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა, რომლის შემადგენლობაში ჩემთან ერთად დავით გოძიაშვილი, ნოდარ გიორგობიანი, ვახტანგ ანანიაშვილი, თენგიზ მეძმარიაშვილი, ომარ აფაქიძე გამოდიოდნენ, ოდესაში მოსწავლეთა საკავშირო პირველობის ოქროს მედლები მოიპოვა. სხვა დროსაც დამიმსახურებია ჯილდოები, მაგრამ არაფერი შეედრება საბჭოთა კავშირის ჩემპიონობას, რომელიც 1953 წელს მოვიპოვე ქართული კალათბურთის დიდოსტატთა თანავარსკვლავედთან ერთად.

_ თბილისის `დინამომ~ მომდევნო წელსაც მოიპოვა ჩემპიონობა. თქვენ რატომ არ ითამაშეთ კიევში?
_ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატამდე ლვოვში საკავშირო სპორტსაზოგადოება `დინამოს~ პირველობა გაიმართა. ერთ-ერთ მატჩში ხელი მოვიტეხე და უკრაინის დედაქალაქში გამართულ შეჯიბრებამდე იარა ვერ მოვიშუშე. თუმცა, საზღვარგარეთული ტურნესთვის კვლავ მწყობრში ვიყავი. ეგვიპტეში 5 მატჩი ვითამაშეთ და ყველა მოვიგეთ. ორჯერ მასპინძელთა მეორე ნაკრებს ვძლიეთ, სამჯერ კი პირველი ნაკრები დავამარცხეთ, თან სოლიდური ანგარიშით. ეს არ იყო იოლი, სხვა თუ არაფერი, 1949 წლის ევროპის ჩემპიონთა რიგებში ჯერ კიდევ გამოდიოდა კალათბურთის ცნობილი ვარსკვლავი მონტასერი.

_ გამორჩეული მატჩებიც გემახსოვრებათ...
_ ასეთი ბევრი იყო, მაგრამ ერთი მაინც მინდა გამოვყო განსაკუთრებით. საბჭოთა კავშირის ქალაქების პირველობაზე 1955 წელს წარმატებით იასპარეზეს ლატვიელმა კალათბურთელებმა. რიგელთა შემადგენლობაში მაშინ პირველად გამოჩნდა ტანმაღალი მოთამაშე იანის კრუმინში (სიმაღლე 221 სმ). ამ გოლიათის მეურვეობა მე დამავალეს. მგონი, შევძელი მის უვნებელყოფა. ის მატჩი `დინამომ~ მოიგო.

_ ბატონო ვაჟა, სპორტსმენის ცხოვრება აღსავსეა კურიოზებით. თქვენ რას გაიხსენებდით?
_ ეს მე მკითხეთ, _ ღიმილით მითხრა სახელოვანმა კალათბურთელმა, საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონმა, პრიზიორმა და თასის მფლობელმა ვაჟა ჟღენტმა, რომელიც ყურს უგდებდა ჩვენს საუბარს _ 1952 წელს კიევში საბჭოთა კავშირის 10 ქალაქის ტრადიციულ პირველობაზე გავემგზავრეთ. ერთ საღამოს შეუძლოდ შევიქენი _ მუცელი ამტკივდა. გუნდის უფროსმა ბორის პაიჭაძემ (ნუ გაგიკვირდებათ, სწორედ ცნობილმა ფეხბურთელმა) სასწრაფოდ `კონსილიუმი~ მოიწვია _ მაშინ თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის მეორეკურსელი ვაჟა გვანცელაძეს და მესამეკურსელ შურა კილაძეს უხმო. გადაწყვიტეს, კუჭი ამოერეცხათ, მაგრამ ჩვენი გუნდის `ექიმები~ სანამ თავიანთ გადაწყვეტილებას აღასრულებდნენ, ტკივილი გაუსაძლისი გახდა და სასწრაფოთი საავადმყოფოში გამაქანეს, სადაც დაუყოვნებლივ გამიკეთეს ბრმანაწლავის ოპერაცია. პროფესორმა განმიცხადა, შენთვის კუჭი რომ ამოერეცხათ, ახლა ცოცხალი აღარ იქნებოდიო. ჩემს სანახავად მოსულ ვაჟას და შურას მივახალე, თქვენგან ექიმი ისე არ გამოვა, როგორც ჩემგან _ ჩინეთის იმპერატორი-მეთქი.
საბედნიეროდ, შევცდი. ღმერთმა საქართველოს ვაჟა გვანცელაძის მსგავსი ექიმები უამრავლოს. ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწია. კეთილსინდისიერი და გამრჯე იყო. ვარჯიშს რომ მოვრჩებოდით, ბიჭები დროის სატარებლად მივდიოდით, ის კი ოთახში ჩაიკეტებოდა და გვიანობამდე წიგნებს ჩაჰკირკიტებდა. თანაგუნდელები `პროფესორს~ ვეძახდით და მართლაც გახდა პროფესორი _ მას ხომ მედიცინაშიც თვალსაჩინო მიღწევები აქვს. პირველმა დაადგინა ზვარეს მინერალური წყლის დადებითი სამკურნალო ეფექტი პანკრეასის გარესეკრეციულ ფუნქციაზე ქრონიკული ქოლეცისტიტით და ქრონიკული გასტრიტით დაავადებულ ავადმყოფებში. საბჭოთა კავშირში პირველად მან დანერგა ვიზუალური მრავლობითი გასტრობოიფსია; ასევე, პირველმა შეისწავლა შაქრიანი დიაბეტისას ელექტროკარდიოგრაფიულად ფარულად მიმდინარე კორონარული უკმარისობა მასტერის სინჯის გამოყენებით...

_ მომდევნო თამაში სოფიაში გვაქვს ბულგარელებთან. ჩვენებს რა შანსი აქვთ? _ ვკითხე ისევ ვაჟა გვანცელაძეს.
_ ცხადია, ძნელი მატჩი გველის, მაგრამ უნდა მოვიგოთ. საქართველოს ნაკრებს საამისო რეზერვები გააჩნია. მახსოვს, სლავებს პირველად 1954 წელს ლენინგრადში ვეთამაშეთ და დავამარცხეთ. ახლაც უნდა ვძლიოთ.

_ ბაბუ მართალია. ყველაფერს გავაკეთებთ, სტუმოად ორივე მატჩში წარმატებას მივაღწიოთ, _ შემოგვიერთდა ნიკა მეტრეველი, რომელიც პორტუგალიელებთან შედეგით კმაყოფილი ჩანდა _ მწვრთნელებიცა და კალათბურთელებიც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ეს ხომ უკვე საქმის ნახევარია. დანარჩენი ბულგარეთსა და პოლონეთში გამოჩნდება. აუცილებლად მოვიგებთ.

_ ღმერთმა გისმინოს! _ ერთხმად აღმოგვხვდა სამივე ვაჟას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული