საქართველოს ნაკრების ღირსეული მარცხი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ლიტვას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 80:88 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ითამაშა გამართული კალათბურთი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ტოლ-სწორად ეთამაშა და მხოლოდ ბოლო მეოთხედში გამოჩენილი ინერტულობის გამო დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად ითამაშა მთელი შეხვედრის განმავლობაში. იგორ კოკოშკოვის გუნდმა სოლიდურ მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო და პირველი, მეორე და მესამე მეოთხედის შემდეგ ლიტველებს არაფრით ჩამორჩებოდა. დარჩენილ ბოლო მეოთხედში მოახერხა ლიტვის ნაკრებმა უპირატესობის მოპოვება და საბოლოოდ 88:80 გაიმარჯვა.

ჩვენი გუნდი თამაშის დასრულებამდე
5 წუთით ადრე 72:70 ამარცხებდა ლიტვას. თუმცა მასპინძებმა მთელი ძალების მობილიზება მოახდინეს - შარუნას იასიკევიჩუსი, რობერტას იავტოკასი, რიმანტას კაუკენასი - ამ და დანარჩენმა ლიტველმა ვარსკვლავებმა მთელი რესურსი ჩააქსოვეს იმაში, რომ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე არ შერცხვენილიყვნენ. მომდევნო 2-წუთიანი მონაკვეთი მასპინძლებმა 10:1 მოიგეს და გამარჯვება გაინაღდეს.

ამით საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელი მატჩები დაამთავრა. იგორ კოკოშკოვის გუნდი ხვალიდან, 28 აგვისტოდან ლიტვის ქალაქ კლაიპედაში გადაინაცვლებს და ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება.

ჯეისონ სტაუდტი, საქართველოს ნაკრების ასისტენტი მწვრთნელი:

"ძალიან რთული მატჩი იყო ძლიერ მეტოქესთან. ჩვენ მოვახერხეთ და მასპინძებს არ მივეცით თავისუფლება. შეხვედრა გვეჭირა და მხოლოდ ბოლოს ყურადღების მოდუნების გამო დავმარცხდით. ძალიან კარგი ატმოსფერო იყო დარბაზში, მადლობა ლიტველებს ასეთი შესანიშნავი მატჩისთვის. ლიტვის ნაკრევს წარმატებას ვუსურვებ ევროპის ჩემპიონატზე".

კესტუტის კემზურა, ლიტვის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"შესაძლოა მაყურებელი ჩვენგან ზემძლავრ თამაშს ელოდა, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ლიტვის წინააღმდეგ ყველა ნაკრები გაორმაგებული ენერგიით თამაშობს. თანაც, საქართველოს ნაკრები საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელსაც ჰყავს უმაღლესი დონის მოთამაშეები ზაზა ფაჩულიას მეთაურობით. ფაჩულიას კი მატჩში40 ქულის მოგროვება შეუძლია და ასეთი მოთამაშის მყოლ გუნდთან ძალების მობილიზება გმართებს. თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ აგრესია დავკარგეთ. მეტოქემ ანგარიშიც გაგვითანაბრა და წინაც გავიდა. იძულებული გავხდი, გარკვეული ცვლილებებისთვის მიმემართა და ნელ-ნელა მოვახერხეთ თამაშის დალაგება.

ამხანაგური მატჩი. ვილნიუსი. 27 აგვისტო

ლიტვა 88:80 საქართველო
26:19 16:21 25:23 22:17

ლიტვა: იასიკევიჩუსი (19), იასაიტისი (16), იავტოკასი (9), კალნიეტისი (5), კაუკენასი (5), იანკუნასი (6), პეტრავიჩუსი (6), დელინინკაიტისი (4), სონგაილა (9), ვალანჩუნასი (2), ლავრინიოვიჩი (5), ფოციუსი (2)

საქართველო: ფაჩულია (19), სანიკიძე (16), შენგელია (15), ჰაინსი (8), მარკოიშვილი (7), ცქიტიშვილი (6), შერმადინი (4) ცინცაძე (3), ბოისა (2)

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული