ღირსეული მარცხი ლიტვასთან

AutoSharing Option
ამხანაგური მატჩი
27 აგვისტო, ვილნიუსი
ლიტვა-საქართველო 88:80
26:19, 16:21, 25:23, 22:17

ლიტვა: იასიკიევიჩუსი (19), იასაიტისი (16), იავტოკასი (9), კალნიეტისი (5), კაუკენასი (5), იანკუნასი (6), პეტრავიჩუსი (6), დელინინკაიტისი (4), სონგაილა (9), ვალანჩუნასი (2), ლავრინიოვიჩი (5), პოციუსი (2)
საქართველო: ფაჩულია (19), სანიკიძე (16), შენგელია (15), ჰეინსი (8), მარკოიშვილი (7), ცქიტიშვილი (7), ცინცაძე (5), ბოისა (3)


ევროპული ტოტალიზატორების მიხედვით ევრობასკეტის მოგების მთავარი ფავორიტი ესპანეთია, შემდეგ ლიტვა. სწორედ იასიკიევიჩუსის, კალნიეტისის, ვალანჩუნასისა იავტოკასის გუნდთან ბრძოლაში გამოჩნდა პერსპექტივა შენგელიასი, ფაჩულიასი, სკიტასი, მანუჩარასი, მარკიზასი, ვიქტორასი, ცინცაძესი, ბოისასი, შერმადინასი...
საკალათბურთო ასებთან (ლიტველებთან) ჭიდილში საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა დაგვანახეს:
...რომ ევრობასკეტზე შემთხვევით არ მოხვედრილან;
...რომ ლიტვაში აუტსაიდერების სტატუსით არ მიემგზავრებიან;
...რომ ევროფავორიტებთან არა მხოლოდ ღირსეულად თამაში, გამარჯვებისთვის ბრძოლაც შეუძლიათ;
...რომ მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა გუნდი ევრობასკეტისთვის კარგად მოამზადა.

მოკლედ, დავინახეთ პერსპექტივა, რაც ქართველ ქომაგს იმედით აღავსებდა. ახლა პასუხი გავცეთ კითხვას: როგორ დავინახეთ ერთი ამხანაგური მატჩის მიხედვით ამდენი დადებითი ელემენტი? პასუხისთვის ერთი წინადადება საკმარისი არ არის - ქვემოთ, ქვეთავებად დავახარისხებთ და ისე მოგახსენებთ.

გუნდური გუნდი
ვიდრე ქართველებს ლიტველებთან შევაპირისპირებდეთ, ჯერ 2004 და 2011 წლების ნაკრებები შევადაროთ. 7 წლის წინათ ამხანაგურ მატჩში იტალიასთან 76:100 დავმარცხდით.

აპენინელთა მწვრთნელი კარლო რეკალკატი გაოცებული იყო - ქართველებს ძალიან პერსპექტიული ნაკრები ჰყოლიათ, ფაჩულია კი ევროპის საუკეთესო ცენტრიაო. მაშინ ჩვენი გუნდის ხუთეულში ითამაშეს: მანუჩარ მარკოიშვილმა, შემონდ უილიამსმა, ვიქტორ სანიკიძემ, ვლადიმერ ბოისამ და ზაზა ფაჩულიამ.

ზუსტად 25 წუთის განმავლობაში ქართველთა მწვრთნელს, დრაჟენ ბრაიკოვიჩს შეცვლა არ განუხორციელებია. ეს ხუთეული იტალიელებს კარგად ეომა, მაგრამ დაიღალა და ბოლო პერიოდში ვერაფერი გააწყო. მას მერე, ზემოთჩამოთვლილმა ქართველებმა დიდი გამოცდილება მიიღეს და მეორეც - დღეს გუნდი ხუთ კალათბურთელზე არ არის აწყობილი.

ამ შაბათს, ლიტვასთან ნაკრების ახლანდელმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა 8 კალათბურთელი სრულად დატვირთა, შესაბამისად ბოლო პერიოდში თითოეულ მოთამაშეს საკმარისი ძალა შერჩა. ქართველებმა მასპინძლებს სწორედ გადამწყვეტ პერიოდში შეუტიეს ენერგიულად და შესაძლოა, მოეგოთ კიდეც, რომ არა ერთი არასახარბიელო ეპიზოდი: საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე ვიქტორ სანიკიძემ საჯარიმოს ხაზიდან სტუმრები 72:70 დააწინაურა.

ამას მოჰყვა იასიკიევიჩუსის ორქულიანი, ხოლო მატჩის დასრულებას 4 წუთი უკლდა, როცა იასაიტისმა სამქულიანი ჩააგდო. სროლის შემდეგ მასზე ზაზა ფაჩულია დაჯარიმდა და იასაიტისი საჯარიმოს ხაზზეც დააყენეს. ლიტველმა ორივე ტყორცნა გამოიყენა - 80:72. დარჩენილ 3 წუთში ლიტვის დარ გუნდს უპირატესობის შენარჩუნება არ უნდა გასჭირვებოდა. შეინარჩუნა კიდეც, მაგრამ ძალიან გაუჭირდა. ქართველებმა ბოლომდე ღირსეულად იბრძოლეს და მასპინძლებიც ძალიან ანერვიულეს.

მოკლედ, ლიტვასთან მატჩის ბოლო წუთებმაც დაგვარწმუნა, რომ წინა წლებთან შედარებით საქართველოს ნაკრები მეტად ბრძოლისუნარიანი, შეკრული და იმედისმომცემი გუნდია.

სტილი
აქამდე არაერთი მატჩის მომოხილვა დამიწერია, მაგრამ ცალკე ქვეთავი გუნდების სათამაშო სტილის შედარებისთვის არ დამითმია. დღეს ეს აუცილებელია.

ლიტვის ნაკრებში, როგორც ვთქვით, ევროპის ექსტრა-კლასის კალათბურთელები გამოდიან. მათ შეუძლიათ პოზიციურადაც თამაში, სწრაფ გარღვევებსაც კლასიკურად ახორციელებენ და, რაც მთავარია, გუნდი ყველა რგოლში თანაბრადაა დაბალანსებული. მოკლედ, ლიტვა ყოველმხრივ გამართული ნაკრებია და სამართლიანად ითვლება ევრობასკეტის მოგების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად.

საქართველოს ნაკრების პლუსი ძლიერი წინა ხაზია - მწვრთნელი მაქსიმალურად ცდილობს ცენტრის ზაზა ფაჩულიას გამოყენებას. ეს 22 აგვისტოს ლატვიასთან შესანიშნავად გამოუვიდა - ზაზამ 42 ქულა ჩააგდო და გუნდმა 83:79 მოიგო. ხუთი დღის შემდეგ, ლიტველებთან კი პოზიციური, წყნარი თამაშით ვერაფერი გააწყო: პირველივე წუთებზე მასპინძლები ზუსტი სამქულიანებით 13:2 დაწინაურდნენ.

მეორე პერიოდში იგორ კოკოშკოვმა თამაშის სტილი შეცვალა - ქართველებმა ტემპს მოუმატეს, ბურთის მოხელთებისთანავე მეტოქის კალათისკენ "მიფრინავდნენ". ამ მხრივ სანიკიძე, ჰეინსი და შენგელია გამოირჩეოდნენ, დრიბლინგს-დრიბლინგზე ახორციელებდნენ და მათი ინდივიდუალური ოსტატობის შესაზღუდად ლიტველებს იარაღი არ აღმოაჩნდათ.

სანიკიძისგან მსგავს აფეთქებებს მიჩვეულნი ვართ, ახალწვეული 19 წლის შენგელიასგან კი ასეთ თამამ თამაშს ბევრი არ ელოდა და, ალბათ, ლიტველებიც გაოცებულები დარჩებოდნენ. დადებითად უნდა შეფასდეს ჰეინსის გარჯაც. სწორედ მეორე პერიოდში თქვა ტელეწამყვანმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა პაატა გურასპაულმა: ესაა ქართული თამაში - სწრაფი, ინდივიდუალური... და, რაც მთავარია, შედეგიანი - ჩვენმა გუნდმა მეორე პერიოდი 21:16 მოიგო.

მას მერე ანგარიში "აიწონა-დაიწონას" პრინციპით მერყეობდა, ვიდრე 36-ე წუთი არ დადგა და იასაიტისმა სამქულიანს ორი საჯარიმო მიაყოლა.

მეორე ათწუთეულშივე დავინახეთ მნიშვნელოვანი სიახლე: ქართველებმა პერიმეტრი კარგად გადაკეტეს და ლიტველებს სამქულიანი მეოთხე პერიოდამდე არ ჩააგდებინეს. თუმცა, შორეული ტყორცნებით ვერც თავად გამოირჩნენ.

...დაბოლოს
ევრობასკეტის წინ ლიტვასთან ღირსეულად თამაშმა იმედი კი გაგვიღვივა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ამხანაგური მატჩი იყო. ოფიციალურებში ორმაგად მეტ ემოციასა და ბრძოლას უნდა ველოდოთ. ბელგიელები, უკრაინელები და ბულგარელები კბილებით დაიცავენ საკუთარ კალათს. სწორედ ეს გუნდები არიან მომდევნო ეტაპზე გასვლის ქართველთა მთავარი კონკურენტები.

თუმცა ჩვენს ოპტიმიზმს ევროპული ტოტალიზატორებიც აღვივებენ. ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების მთავარ პრეტენდენტად რუსეთი მიიჩნევა (ფსონი: 1.7), შემდეგ სლოვენიაა (2.5), მესამე - საქართველო (25.0), შემდეგ - ბულგარეთი (35.0), ბელგია (50.0) და უკრაინა (101.0).

ნამატჩევს
ჯეისონ სტაუდტი (საქართველოს ნაკრების ასისტენტი მწვრთნელი):
- რთული მატჩი იყო ძლიერ მეტოქესთან. მოვახერხეთ და მასპინძლებს თავისუფლად თამაშის უფლება არ მივეცით. სადავეები ხელთ გვეპყრა და მხოლოდ ბოლოს ყურადღების მოდუნების გამო დავმარცხდით. ძალიან კარგი ატმოსფერო იყო დარბაზში, მადლობა მეტოქეს ასეთი შესანიშნავი მატჩისთვის. ლიტვის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ვუსურვებ.

კესტუტის კემზურა (ლიტვის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
- შესაძლოა მაყურებელი ჩვენგან ზემძლავრ თამაშს ელოდა, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ლიტვის წინააღმდეგ ყველა ნაკრები გაორმაგებული ენერგიით თამაშობს. თანაც, საქართველოს ნაკრები საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელსაც ჰყავს უმაღლესი დონის მოთამაშეები ზაზა ფაჩულიას მეთაურობით. ფაჩულიას მატჩში 40 ქულის მოგროვება შეუძლია და ასეთი მოთამაშის წინააღმდეგ ძალების მობილიზება გმართებს.

თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ აგრესია დავკარგეთ. მეტოქემ ანგარიშიც გაგვითანაბრა და წინაც გავიდა. იძულებული გავხდი, გარკვეული ცვლილებებისთვის მიმემართა და საბედნიეროდ, თამაშის დალაგება ნელ-ნელა მოვახერხეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახალი ტერმინიაა ღირსეული წაგებაა?დასანანი მაინც დაწერეთ
kopala
15:48 29-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული