ნიკა ცქიტიშვილი: ევრობასკეტზე ჯგუფიდან გასვლა რეალურია

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივარი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე საკალათბურთო ნაკრების მოხვედრას მოთმინებით ელის. ნიკა ცქიტიშვილი კი 1999 წლიდან (სწორედ მაშინ ჰქონდა სანაკრებო დებიუტი) ცდილობს, როგორც ქომაგის, ასევე თითოეული კალათბურთელის ოცნების ასრულებას - ევროპის უმთავრეს ფორუმზე ქართული ჰიმნის აჟღერებას.

როგორც იქნა ეს დღე მოახლოვდა - 31 აგვისტოს ლიტვაში სკიტა საქართველოს ღირსებას ბელგიასთან მატჩში დაიცავს. რამდენად მზადაა იგი ჩემპიონატისთვის, ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ევრობასკეტს როგორ ფორმაში ხვდები?
- დიდი ხანია, კალათბურთს ვთამაშობ და ვთვლი, რომ საუკეთესო ფორმაში ვარ. სანაკრებოდ ვარჯიშს ივნისის დადგომასთან ერთად
შევუდექი და ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ზაფხული მქონდა. ვერ ვიტყვი, რომ საკალათბურთო ასაკით ახალგაზრდა ვარ, ალბათ, კიდევ 5-6 წელი ვითამაშებ და მინდა წლეულს ბოძებული შანსი მაქსიმალურად გამოვიყენო, გუნდს სათანადოდ დავეხმარო და ყველას დავუმტკიცო, რომ კარგი კალათბურთის თამაში შემიძლია.

- თუმცა, ინდივიდუალურად გამონათება წლეულს ბევრს გაუჭირდება, რადგან საქართველოს ნაკრები წინა წლებთან შედარებით გუნდურ კალათბურთს თამაშობს.
- ეს დადებითი მომენტია. იგორ კოკოშკოვმა ყველას თავისი ადგილი მოგვიძებნა და თითოეულმა კალათბურთელმა იცის, როდის რა უნდა გააკეთოს. იგორ კოკოშკოვის მოსვლამდე გუნდი ერთი-ორ მოთამაშეზე იყო აწყობილი და, ვფიქრობ, შედეგი ამიტომაც არ გვქონდა. წარმატება, პირველ რიგში, გუნდურ თამაშს მოაქვს.

- ახლანდელი ფორმაციის ნაკრებში საქმე შედარებით მეტ კალათბურთელზე ნაწილდება...
- ევროპის ჩემპიონატზე ექვს დღეში ხუთი თამაშის ჩატარება მოგვიწევს და თუ ენერგია არ გამოვიზოგეთ, შედეგს ვერ მივაღწევთ. ამისთვის აუცილებელია სასტარტო ხუთეულს ღირსეულად შეენაცვლოს სათადარიგო ხუთი კაცი და დროც მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდეს, რათა მეორე დღისთვის ყველას შერჩეს ძალა.

- ასეთ დატვირთულ გრაფიკს საქართველოს ნაკრები მიუჩვეველია.
- ჩვენც და სხვა ევროპული ნაკრებებიც. NBA-ში თამაშისას ყოფილა შემთხვევა, ჩემს გუნდს ერთ კვირაში 5 მატჩი ჩაუტარებია. მაგრამ, ამერიკელი კალათბურთელები ევროპელებთან შედარებით ფიზიკურადაც ძლიერები არიან. ამასთან, ისინი ყოველდღიურად რთული გრაფიკით ცხოვრობენ და მათთვის ზედიზედ რამდენიმე მატჩის ჩატარება ჩვეულებრივი ამბავია.

- ამერიკელები ახსენეთ და მინდა გკითხოთ, ნატურალიზებული მარკიზ ჰეინსი გუნდს როგორ მოერგო?
- ჰეინსი კარგი მოთამაშეა. ვფიქრობ, ნაკრებს სათანადოდ დაეხმარება, თუმცა ჯერ ახალი შემომატებულია და აკლიმატიზაციისთვის დრო დასჭირდა. შეიძლება ვინმე მისგან ლიდერობას ელის, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან საქართველოს ნაკრებში გამოკვეთილი ლიდერი არ არის. მწვრთნელმა თამაში ზაზა ფაჩულიას ირგვლივ ააწყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა შეტევა ზაზაზე გადის. უბრალოდ, ვცდილობთ გამოვიყენოთ ფარქვეშ ჩვენი უპირატესობა.

- რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე თამაში?
- ამ მოვლენის მნიშვნელობაზე საუბარი არც ღირს. მთავარია, რომ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა საქართველოში კალათბურთის წინსვლას შეუწყობს ხელს. სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესი მოიმატებს როგორც ახალგაზრდობაში, ასევე ბიზნეს-წრეებში, რაც კალათბურთის გავითარების საწინდარი იქნება. ევრობასკეტზე თამაში პირადად ჩემთვის დიდი წარმატებაა. მე, ზაზა ფაჩულია და ვოვა ბოისა ეროვნულ გუნდში 90-იანი წლებიდან ვთამაშობთ. თავიდან ძალიან რთულ პირობებში გვიწევდა გამოსვლა, ქვეყანაშიც გაჭირვება იყო და ნაკრებსაც უჭირდა. მას მერე თითქოს დიდ ქვას ვეჭიდავებით და როგორც იქნა, გადავაგორეთ.

- როგორ ფიქრობ, 2011 წლემდე რატომ ვერ მოხედხდა ქვის დაძვრა?
- გუნდის შეკვრას დრო სჭირდებოდა. დღეს მხოლოდ გუნდურად როდი ვართ შეკრულები, ნაკრების თითოეული წევრი ერთადაა გაზრდილი, ერთმანეთის მეგობარია და სწორედ გვერდში დგომით მივაღწიეთ ევრობასკეტამდე. სხვა ქვეყნებში სხვაგვარადაა - ბევრი ჩვენს ადგილას დიდ ქვას შუა გზაში მიატოვებდა, მაგრამ ქართველ კალათბურთელებს საქმის ბოლომდე მიყვანა გვიყვარს, გაჭირვებაში არავინ არავის ტოვებს.

მით უმეტეს, რომ ვხედავდით, რაოდენ უყვარს ხალხს კალათბურთი. სწორედ გულშემატკივარი გვაგრძნობინებს სითბოს და ჩვენც მადლობას კარგი თამაშით ვუხდით. ევროპაში ასე არაა, იშვიათად მინახავს ბოლომდე გავსებული დარბაზი. საშინაო მატჩებში სწორედ ქომაგი გვაძლევს სტიმულს და იგი განაპირობებს ჩვენს წარმატებულ თამაშს. ლიტვაშიც ჩვენი გულშემატკივრის იმედი გვექნება.

- ევრობასკეტზე ნაკრების შანსებზეც გკითხავ...
- ჯგუფის სამეულში მოხვედრა და მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვება რეალურია. ჩვენთან ორი ფავორიტი (რუსეთი, სლოვენია) და ოთხი მეტ-ნაკლებად თანაბარი გუნდია (საქართველო, ბელგია, ბულგარეთი, უკრაინა). აუცილებელია მინიმუმ სამი მოგება, რაც იოლად არ მოვა - მაქსიმალური მონდომება და ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.

- მეტოქეებს, ალბათ, უკვე კარგად იცნობთ.
- ჩვენი პირველი მოწინააღმდეგე ბელგია "იმალებოდა", ამერიკაში ემზადებოდა, თუმცა შემდეგ ევროპაში ჩამოვიდა და აქ განაგრძო წვრთნა. ბელგია კარგად აწყობილი გუნდია და რთული ბრძოლა გველის. ჩემთვის ყველაზე უფრო ნაცნობი სლოვენიაა.

ამ ქვეყანაში არაერთი წელი ვითამაშე და რამდენიმე კალათბურთელს კარგად ვიცნობ: ლაკოვიჩი, სლოკარი და ზუპანი ჩემი თანაგუნდელები იყვნენ. გასულ სეზონში "ლაგუნ აროში" დომენ ლორბეკთან ერთად ვთამაშობდი. თუმცა მას ტრავმა აქვს და ევრობასკეტზე ვერ იასპარეზებს. ანდრეი კირილენკოსთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მოკლედ, ყველა მეტოქის შესაძლებლობები მეტ-ნაკლებად კარგად ვიცით და ამიტომაც ვხვდებით ევროპის ჩემპიონატს იმედიანად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული