საქართველო-ბელგია 81:59
20-11, 17-13, 21-18, 23-17
2000 მაყურებელი
მსაჯები: ხუან არტეაგა (ესპანეთი), სეტი შემეში (ისრაელი), ჩააბა ზიფრა (უნგრეთი)
თამამად შეიძლება ითქვას - კლაიპედაში D ჯგუფის თამაშები საქართველომ გაალამაზა. დიახ, საქართველომ თავისი გულშემატკივრებითა და კალათბურთით.
დავიწყოთ პირველით. დარბაზისკენ ნაადრევად გავემგზავრე, რათა ჩემთვის კუთვნილი აკრედიტაცია დროულად ამეღო. გაჩერებაზე ორი ქართველი ქომაგი შემხვდა, სპეციალურად უკრაინიდან ჩამოვედით, 18 საათზე ნაკრებს ერთად ვუქომაგოთო. თურმე, მათ ბილეთებზე მატჩის დაწყების დროდ სწორედ 18 საათი იყო მითითებული. როგორც გაირკვა, ადრეულ გაზაფხულზე დაბეჭდილ ბილეთებზე შეცდომით საქართველო-ბელგია
ასეა თუ ისე, თბილისის დროით 16 საათიდან კლაიპედას არენამ გათეთრება იწყო - ქართველი გულშემატკივრები დარბაზში თეთრ მაისურებში გამოწყობილი და საყვირებით შეიარაღებული მოვიდნენ. მატჩის ოქმში წერია, რომ შეხვედრას 2 ათასი ქომაგი დაესწრო, რომელთაგან 1500 ქართველი იყო. იგორ კოკოშკოვმაც ნამატჩევს სწორედ გულშემატკივრის ფაქტორს გაუსვა ხაზი, კალათბურთელები ისე თამაშობდნენ, თითქოს საკუთარ სახლში იყვნენო.
თეთრ-წითელ ტრიბუნებზე აქა-იქ მიმოიფანტნენ ბელგიის გულშემატკივრები, რომელთა შორის რუსების ჯგუფიც იყო - რუსეთის დროშაშემოხვეული ერთი ახალგაზრდა ბელგიის დროშით დარბაზში ამაყად შემოვიდა, მაგრამ წითელ-ყვითელ-შავი სიმბოლო პირველივე მეოთხედის შემდეგ სადღაც დამალა... დამალვის მიზეზს ყველა მიხვდებოდა, ვინც მატჩის ოქმს უკვე გადახედა - ქართველებმა ბელგიელებს პირველივე მეოთხედში დააყრევინეს ფარ-ხმალი. ხმამაღალ ნათქვამად გეჩვენებათ? ეს თავად ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა ედი კასტელსმა აღიარა - პირველივე პერიოდში დავინახეთ, რომ საქართველოს ძლევის რესურსი არ გვქონდაო.
ახლა დოკუმენტურად: საქართველოს ნაკრებმა ბელგიას პოზიციურ თამაშშიც აჯობა და თუ სწრაფი შეტევის საშუალება ეძლეოდა, ეფექტური დრიბლინგებით "ხვრეტდა" მეტოქის დაცვას. რაც მთავარია, ამას ლამაზად აკეთებდა ჩატენვას ეფექტური ალეი უპი მოსდევდა. დაცვას არ იკითხავთ? - მატჩის შემდეგ ქართველთა მწვრთნელებმაც აღნიშნეს, რომ გუშინ ჩვენმა გუნდმა ბოლო წლებში საუკეთესოდ დაიცვა თავი. ამას მხოლოდ ბელგიის მიერ ჩაგდებული 59 ქულა როდი მოწმობს - ბელგიელებმა პირველი საჯარიმო მესამე პერიოდის დასრულებამდე 2:22 წუთით ადრე ისროლეს. ეს საოცარი მაჩვენებელია და ქართველების აკურატულობაზე მიუთითებს.
ბელგიას ჩვენთან გამარჯვების ერთადერთი გზა ჰქონდა - სამქულიანები, მაგრამ ვერც ეს მოახერხა, რადგან იგორ კოკოშკოვის შეგირდები კარგად კეტავდნენ პერიმეტერს. არც ფარქვეშ უშვებდნენ მბენგას, შპიგელსა და ბეგინს. სხვა გზა რომ არ დარჩა მბენგა მისთვის უჩვეულოდ შორეული ორქულიანებით ცდილობდა ხეირის ნახვას.
ახლა რაც შეეხება ჩვენს გუნდს: გიორგი ცინცაძემ დაამტკიცა, რომ შარშან მართლაც ტრავმის გამო ვერ გაისარჯა სათანადოდ. იგი მეტად გონივრულად ხელმძღვანელობდა ქართველთა იერიშებს და მოედანზე ქართველთაგან ყველაზე მეტი დროც გაატარა. მას გამთამაშებლის პოზიციაზე მარკიზ ჰეინსი ენაცვლებოდა. მანუჩარ მარკოიშვილმა ჩვეულად, ნაყოფიერად იშრომა. მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე ერთმანეთს თორნიკე შენგელია და ვიქტორ სანიკიძე ენაცვლებოდნენ. ვიქტორმა ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო თორნიკემ 15 წუთში 5-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 სამიანი ჩააგდო.
ვლადიმერ ბოისასა და ნიკა ცქიტიშვილს ერველეს არყოფნაში ბელგიელი მძიმე ფორვარდების შეჩერება არ გასჭირვებიათ, ხოლო გიორგი შერმადინი საიმედოდ ცვლიდა ლიდერ ზაზა ფაჩულიას. ქართველთა კაპიტანი მატჩის ბომბარდირი გახდა - 16 ქულა ჩააგდო.
შეხვედრა რომ დასრულდა, პრეს-ლოჟაში ბელგიელი ჟურნალისტი მოვიდა და ხელი ჩამომართვა: ძალიან ძლიერი გუნდი გყოლიათ, განსაკუთრებით ფიზიკურად. დღეს ბელგიას ყველა კომპონენტში აჯობეთო.
ჩვენს გუნდს გამარჯვება კლაიპედაში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა.
ნამატჩევს
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციას გუნდის მთავარ მწვრთნელებთან - იგორ კოკოშკოვთან და ედი კასტილსთან ზაზა ფაჩულია და კრისტოფ ბეგინიც დაესწრნენ. წესისამებრ, პირველი სიტყვა წაგებული გუნდის მოთამაშეს ერგო:
კრისტოფ ბეგინი:
- საშინელი წაგება იყო. ქართველებთან ვერაფერი გავაწყეთ, ისინი ყველა კომპონენტში მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. ცუდი დაცვა - აი, ესაა ჩვენი ნაკრების წაგების მიზეზი.
ედი კასტილსი:
- შეტევაში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მოხსნებში მეტოქემ გვაჯობა და შედეგიც ლოგიკურია. პირველ მეოთხედშივე შეგვექმნა პრობლემები, რომლებიც არათუ გამოვასწორეთ, არამედ მათ უფრო მძიმე ხასიათი მიიღეს. საქართველომ სულ სხვა კალათბურთი ითამაშა, ვიდრე შარშან და წარმატების მინიმალური შანსიც არ მოუცია.
ზაზა ფაჩულია:
- პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ჩემთვის და მთლიანად გუნდისთვის დიდი პატივია ევროპის ჩემპიონატზე თამაში. ჩვენი ნაკრები ევრობასკეტზე პირველად მოხვდა და გუნდის ყველა წევრი სიამაყის გრძნობით იცავს ჩვენი ქვეყნის სახელს. ჩვენ დღეს პირველი მატჩი გავმართეთ ევროპის ჩემპიონატზე და პირველი გამარჯვება ვიზეიმეთ. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებულები ვართ. ჩვენმა ნაკრებმა მოახერხა ბელგიელი მსროლელების, დიმიტრი ლოუერსის, მარკუს ფეისონის და სხვათა შეჩება. ბელგიელებმა შარშან ორი თამაში სწორედ შორი სროლების წყალობით მოგვიგეს, ჩვენ მათი შეჩერება კარგი დაცვით მოვახერხეთ.
იგორ კოკოშკოვი:
- დავეთანხმები ჩვენი გუნდის კაპიტანს, რომ საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე თამაში და განსაკუთრებით პირველ მატჩში გამარჯვება უდიდესი მნიშვნელობისაა. ბელგია ჩვენთვის კარგად ნაცნობი გუნდია, შარშან ორჯერ დაგვამარცხა და ვიცოდით, რომ თუ მთელი მონდომებით არ ვითამაშებდით, გამარჯვებას ვერ მოვიპოვებდით. საბედნიეროდ, ჩვენ მოვახერხეთ მეტოქის ფორვარდების შეჩერება, რაც გუნდური თამაშის დამსახურებაა. ეს გამარჯვება გასახდელიდან გამოსვლის შემდეგ უნდა დაივიწყოს ყველა მოთამაშემ და მომავალი შეხვედრისთვის მოვემზადოთ.
რუსმა ჟურნალისტებმა ზაზა ფაჩულიას მომავალ მატჩზე დაეკითხნენ და იმით დაინტერესდნენ, მივიდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი გამარჯვების შემდეგ გუნდთან...
- არა აქვს მნიშვნელობა, რუსეთის ნაკრები იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ჩვენ მაინც სრული მობილიზებით ვემზადებით ხვალინდელი მატჩისთვის - განაცხადა ფაჩულიამ - რუსეთს კარგი გუნდი ჰყავს, მაღალი კლასის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ვნახოთ, ვიბრძოლებთ, ვითამაშებთ და ღირსეული გაიმარჯვებას.
ჩვენს ქვეყანაში კალათბურთს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ჩვენი პრეზიდენტიც გვერდში გვიდგას და გვქომაგობს. ის ქართული კალათბურთისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში ყოველთვის ჩვენთანაა და ახლაც გვესტუმრა. საერთოდ, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა ბელგიასთან მატჩში და მაყურებლის აქტიურობამ ძალიან დიდი მუხტი მოგვცა. მადლობა იმ ათასობით ქართველსა თუ არაქართველს, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში გვერდით გვედგა.
მატჩის შემდეგ, სანამ გასახდელში შევიდოდნენ, ცინცაძემ და მარკოიშვილმა შემდეგი განაცხადეს:
გიორგი ცინცაძე: "თამაშბეზე საოცარი განწყობით გავედით. ამდენი გულშემატკივრის მხარდაჭერამ დამატებითი ძალები შეგვმატა. ბოლო პერიოდში რამდენიმე დასანანი მატჩი დავთმეთ, თუმცა, სწორედ იქ ვიმარჯვეთ, სადაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა".
მანუჩარ მარკოიშვილი: "ცხადია, შედეგი ძალიან კარგია, მაგრამ მე ყველაზე მეტად ერთი ფაქტი მახარებს. მგონი, დავამტკიცეთ, რომ ასეთ დონეზე თამაში საქართველოს ნაკრებსაც შეუძლია. ბელგიასთან შარშან ორი მატჩი წავაგეთ, თუმცა, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მათი დამარცხება შეგვეძლო".
ვაჟა სიმონიშვილი კლაიპედადან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"