ზაზა ფაჩულია: ვეცდებით, რუსეთის ნაკრებს სისხლი გავუშროთ

AutoSharing Option
ევობასკეტზე სადებიუტო მატჩში ბელგიასთან გამარჯვების შემდეგ რუსული საიტის, "ჩემპიონატ.რუ"-ს ჟურნალისტი საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ზაზა ფაჩულიას ესაუბრა.

ევროპის ჩემპიონატზე დებიუტის შესახებ

ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრების კონტინენტურ ფორუმზე წარდგენა ჩვენთვის დიდი პატივია. ვამაყობ ჩემი ქვეყნით და პარტნიორებით, რომელთაც პირველ გამარჯვებას მიაღწიეს. სიმართლე გითხრათ, არც ნაკრები და არც მწვრთნელი ამ წარმატებული დებიუტისგან ექსტაზში არ ვართ. ვეცადეთ ბელგიელებთან თამაშში ყველაფერი ჩაგვედო.

მთელი ორმოცი წუთი დაცვაში ყურადღებით ვთამაშობდით, ბელგიელთა სნაიპერებს შეტევის და პოზიციების გახსნის საშუალებას არ ვაძლევდით, ნებისმიერი ფარიდან ასხლეტილი ბურთისთვის ვიბრძოდით. მადლობა მწვრთნელს, რომელიც
ჩვენს მოქმედებებს კოორდინირებას უწევდა და შეტევების შედეგიანად წარმართვაში გვეხმარებოდა. ბედნიერები ვართ.

რუსეთის ნაკრებთან მომავალ დაპირისპირებაზე
ტაქტიკურ გარჩევებზე ასე შორს ჯერჯერობით არ წავსულვართ. აქამდე ბელგიელებთან დაპირისპირებაზე ვფიქრობდით. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სასტუმროში მისვლისთანავე მომავალი ბრძოლისთვის მოვემზადებით.

რუსეთი ძალიან ათლეტური გუნდია, რომელიც მაღალი კლასის შემსრულებლებით მდიდარია. თუნდაც ის, რომ სულ რამდენიმე წლის წინ გუნდი ევროპის ჩემპიონი იყო, ბევრ რამეზე მეტყველებს. და მაინც, რუსეთის ნაკრებთან ბრძოლის მოგებას ვეცდებით. თავად გესმით: სპორტში წაგება არავის უყვარს, მით უმეტეს ვადამდე (მაგალითად, მატჩამდე). ამიტომ ვეცდებით, ისეთი მეთოდები მოვძებნოთ, რომელიც მეტოქეს სისხლს გაუშრობს.

რუსეთთან დაპირისპირების ქვეტექსტზე
ჩვენ კალათბურთს ვთამაშობთ. ნებისმიერ გუნდში მხოლოდ ღირსეულ მეტოქეს ვხედავთ, რომლის პატივისცემაც აუცილებელია და მეტს არაფერს. დიდ მეტოქესთან მომავალ მატჩში შევეცდებით, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ და გამარჯვებას მივაღწიოთ. ამასვე ვცდილობთ ნებისმიერ თამაშში.

სწორად გაგვიგეთ, რუსეთის ნაკრებში ბევრი მეგობარი გვყავს, ისინი თბილად გვეპყრობიან - ასე რომ გუნდებს გასაყოფი არაფერი გვაქვს. კალათბურთი ინტერნაციონალური თამაშია. ჩვენს ნაკრებში მთავარი მწვრთნელი სერბია, გვყავს ნატურალიზირებული ამერიკელი მოთამაშე, მაგრამ ისინი ქართულ გუნდს კარგად ეწყობიან. ასე რომ, ქვეტექსტების ძებნა არ ღირს იქ, სადაც ის არ არის.

გულშემატკივრების მხარდაჭერაზე
სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია, რომ ბელგიასთან მატჩში ტრიბუნები ჩვენი ეროვნული დროშებით იყო აჭრელებული. დიახ, საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ქართველებს ძალიან უყვართ სპორტი და თავიანთ თანამემამულეებს ყველანაირ სახეობაში და ნებისმიერ დონეზე მხურვალედ უჭერენ მხარს - ტურნირის სახეობის და რეიტინგის მიუხედავად. ევროპის ჩემპიონატისთვის ფანები მრავალი თვის მანძილზე ემზადებოდნენ. მას შემდეგ, რაც ფინალურ ეტაპზე მოვხვდით, ხალხმა შეკითხვების დასმა დაგვიწყო: სად ვიყიდოთ ბილეთები? როგორ შეიძლება გუნდს ვუგულშემატკივროთ? როგორც ხედავთ და გესმით, მათ კლაიპედაში თავი პირველივე მატჩში შესანიშნავად წარმოაჩინეს.

რამდენი გულშემატკივარი ჩამოვიდა ლიტვაში? ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი, რომ თბილისიდან აქ სამი ბოლომდე სავსე თვითმფრინავი ჩამოვიდა. ჩვენს ხალხს კალათბურთი უყვარს, ამიტომ ვერაფერი აჩერებთ, რათა ნაკრებს მხარი დაუჭირონ. ამის გამო უსაზღვროდ მადლიერნი ვართ, რადგან ის ემოციები, რომლებიც ტრიბუნებზე ნაციონალური დროშების დანახვისას გვეუფლება, დიდ ენერგიას გვმატებს.

პრეზიდენტ სააკაშვილსა და კალათბურთზე
ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელი კლაიპედაში ჩამოვიდა და მატჩის შემდეგ გასახდელში წარმატების მისალოცად შემოვიდა. ის ყოველთვის მხარს გვიჭერდა და მოთამაშეებს მხოლოდ კალათბურთზე ფიქრის საშუალებას გვაძლევდა. ადრე პრეზიდენტი თვითონ თამაშობდა, ამიტომ კალათბურთისადმი მის სიყვარულს უფრო ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე უბრალოდ სპორტისათვის დახმარების გაწევის ვალდებულებას. ვცდილობთ, არ დავაღალატოთ: ქვეყნის პირველი პირისგან მხარდაჭერით ყველა ნაკრები ვერ დაიკვეხნის.

ოლიმპიადა-2012-ზე მოხვედრის შესახებ
ერთადერთი, რაც დღეს ნამდვილად ვიცი, ისაა რომ ლონდონამდე გრძელი და რთული გზის გავლა მოგვიწევს. ეს გზა რომ გადავლახოთ, აუცილებელია უმცირესიდან დავიწყოთ: ნებისმიერ ცალკეულ თამაშში ნაკლი გამოვასწოროთ და კომბინაციები უბადლო გავხადოთ. მხოლოდ ნაბიჯ-ნაბიჯ, თამაშიდან თამაშამდე წინსვლით შეიძლება რაიმეს მიღწევა. თუ თავიდანვე რაიმე ფანტასტიკურ მიზანს დაისახავ და წვრილმანებს არ გაითვალისწინებ, შესაძლოა მიწას დაენარცხო.

ნამდვილად ვიცი, რასაც ვამბობ, რადგან უკვე დიდი ხანია კალათბურთს ვთამაშობ და მსგავსი შეცდომების მოწმე არაერთხელ გავმხდარვარ. ასე რომ, არ ელოდოთ, რომ ევრობასკეტზე პირველი მოგების შემდეგვე ცხვირს მაღლა ავწევთ და ღრუბლებში ფრენას დავიწყებთ.

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა თქვენ იცით ზაზა!!!!!!
geosochi
18:47 01-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული