"ჯვაროსნები" უკრაინელთა თვალით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების სრულფასოვანი ისტორია ახლა იწყება, რადგან სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საერთაშორისო სარბიელზე ქართველ კალათბურთელებს მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.

საგულისხმოა, რომ ქვეყნის სუსტ ჩემპიონატში შესანიშნავ მოთამაშეთა მთელი თაობა აღიზარდა. საქართველოს ამჟამინდელი ნაკრები ახალგაზრდულია, არადა გუნდის წევრები ხუთი წელიწადია, ერთად გამოდიან. წლეულს ისინი ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე რომ თამაშობენ, ეს უკვე დიდი წარმატებაა, ამიტომ ლიტვაში მათი ნებისმიერი შედეგი ქართული კალათბურთის ახალი მწვერვალი იქნება.

მწვრთნელი
ქართველ კალათბურთელთა ბოლოდროინდელი წარმატებები იგორ კოკოშკოვის სახელს უკავშირდება. სერბი მწვრთნელი, ამერიკული გამოცდილებით, 2007 წელს ჩაუდგა სათავეში ეროვნულ გუნდს
და ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონიდან ევრობასკეტამდე მიიყვანა იგი. ჯერ კიდევ 1997 წელს 26 წლის ბალკანელს ბელგრადის "პარტიზანის" ახალგაზრდული კოლექტივი ანდეს, თუმცა მისი სამწვრთნელო ნიჭი არა სამშობლოში, არამედ ამერიკაში გაიფურჩქნა: 2003 წელს იგი "კლიპერსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, ერთი წლის შემდეგ კი "დეტროიტში" აღმოჩნდა და მასთან ერთად ნბა-ს ჩემპიონიც გახდა. ამჟამად კოკოშკოვი "ფინიქსში" ელვინ ჯენტრის ეხმარება. 2004 წლის ათენის ოლიმპიადასა და 2005 წლის ევრობასკეტზე იგი ჟელკო ობრადოვიჩის სამწვრთნელო შტაბში შედიოდა, რომელიც სერბეთსა და ჩერნოგორიას ხელმძღვანელობდა.

განაცხადი
მცველები: მარკის ჰეინსი ("გრან კანარია", ესპანეთი), გიორგი გამყრელიძე ("გისენი," გერმანია), გიორგი ცინცაძე (ტარტუს "როკი", ესტონეთი), მანუჩარ მარკოიშვილი ("კანტუ", იტალია), ლაშა ფარღალავა (სოხუმი); ფორვარდები: ვლადიმირ ბოისა ("ოლიმპია", სლოვენია), ანატოლი ბოისა (არმია, საქართველო), ვიქტორ სანიკიძე ("ვირტუსი", იტალია), ნიკოლოზ ცქიტიშვილი ("ლაგუნ არო", ესპანეთი), თორნიკე შენგელია ("შარლერუა", ბელგია); ცენტრები: ზაზა ფაჩულია ("ატლანტა ჰოუქსი", ნბა), გიორგი შერმადინი ("პანათინაიკოსი", საბერძნეთი), გიორგი შარაბიძე (არმია, საქათრველო).
საორიენტაციო სასტარტო ხუთეული: ცინცაძე-მარკოიშვილი-ვ.ბოისა-სანიკიძე - ფაჩულია.

ძალა
ძალიან ბევრ მწვრთნელს შეშურდება იგორ კოკოშკოვისა, ისეთი ნიჭიერი კალათბურთელები არიან მის განკარგულებაში. უპირველესად ატლანტელი ცენტრი ზაზა ფაჩულია უნდა გამოვყოთ. საქართველოს ნაკრებში ერთადერთი ნბა-ს წარმომადგენელი არა მარტო გუნდის კაპიტანი და ლიდერია, არამედ ნაკრების მთელი თამაში მასზეა აწყობილი. როცა კოკოშკოვი ზაზას სულის მოთქმის საშუალებას აძლევს, ფაჩულიას პარტნიორები ძალუმად გრძნობენ მის არყოფნას მოედანზე.

ალბათ, სასურველია, ჩამოვთვალოთ გუნდის ლიდერის ძლიერი მხარეები - კარგი ტყორცნები საშუალო მანძილიდან, ფარისკენ ზურგით დგომით თამაშის ხელოვნება, ოპონენტთა დაჩაგვრა, მოედნის არცთუ ცუდი ხედვა, აგრესიულობა დაცვაში... ამგვარი თვისებებით ნბა-ში ძნელია, ვინმე გააკვირვო, მაგრამ ევრობასკეტზე ვისაც საქართველოს ნაკრების დამარცხება სურს, უპირველესად "ფაჩულიას პრობლემა" უნდა მოაგვაროს.

ამხანაგურ მატჩებსა და შესარჩევ ციკლში, სწორედ, რომ ზაზა აგროვებდა გუნდში ყველაზე მეტ ქულას. ამის ახსნა კი იოლია - პარტნიორები ფაჩულიას სამწამიან ზონაში აწვდიან ბურთს და მან კარგად იცის, როგორ გაგზავნოს ის კალათში. თუკი ზაზა ვერ პოულობს მდგომარეობიდან თავის დაღწევის საშუალებას, მაშინ იგი მოედნის სიღრმისკენ მეტოქის რამდენიმე კალათბურთელს გაიტყუებს და გამოთავისუფლებულ თანაგუნდელს აწვდის ბურთს სამქულიან რკალთან ახლოს.

შეტევის ამგვარი განვითარება ნაკრების მეორე იარაღია. სნაიპერებს შორის კი უნდა გამოვყოთ მანუჩარ მარკოიშვილი - კიევის ბკ-ს უწინდელი ლიდერი, რომელიც ახლა იტალიის ვიცე-ჩემპიონ "კანტუს" ძირითადი ფორვარდია. მართალია, მანუს ჩინებულად შეუძლია გარღვევები ფარქვეშ, მაგრამ ამ თვისებით ნაკრებში იშვიათად სარგებლობს. ამის მიუხედავად, იგი ყველაზე საშიში ადამიანია რკალში. მეტოქეებმა იციან ამის შესახებ და ცდილობენ, მას სივრცე შეუზღუდონ, თუმცა მარკოიშვილი მაინც ახერხებს ზუსტი ტყორცნისთვის თავისუფალი ადგილის მოძებნას მოედანზე. თუკი ფაჩულიას გვერდით მანუჩარი არ აღმოჩნდება, მას ელვისებურად ცვლიან ვიქტორ სანიკიძე და ნიკოლოზ ცქიტიშვილი, მცველები - გიორგი ცინცაძე და მარკის ჰეინსი.

სხვათა შორის, ნაკრების თამაშის სისწრაფე ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, პლეიმეიქერთა შორის ვინ იმყოფება მოედანზე. ამ ეტაპზე კოკოშკოვი უფრო მეტად ცინცაძეს ენდობა. მართალია, შეტევაში იგი პარტნიორზე სუსტად გამოიყურება, მაგრამ უფრო ძლიერია დაცვაში. შეტევისას გიორგის ამოცანა მეტოქის ნახევარზე ბურთის გადატანა და მისი "მაღლებისთვის" გადაწოდება, ასევე, ტყორცნისთვის შესაფერისი მდგომარეობის შერჩევაა.

რაც შეეხება ჰეინსს, მას შეუძლია როგორც პირველი, ისე მეორე ნომრის პოზიციაზე თამაში. გამოირჩევა სისწრაფით. არცთუ იშვიათად საკუთარ თავზე იღებს ინიციატივას, ელვისებურად იწყებს შეტევას და პარტნიორებს რომ არ ელოდება ისე ცდილობს მის დამთავრებას. ზოგჯერ გამოსდის, ზოგჯერ კი - არა.

ნაკრების ძლიერი მხარეა მისი გრძელი სკამი. სერბი მწვრთნელის სასტარტო ხუთეულის წევრებს - ფაჩულიას, სანიკიძეს, მარკოიშვილს, ცინცაძესა და ვლადიმერ ბოისას შენგელია, შერმადინი და ცქიტიშვილი სრულფასოვნად ვერ შეცვლიან, მაგრამ, როგორც ამბობენ, ფაფას არ გააფუჭებენ. ქართველებს ერთადერთი დეფიციტი მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე აქვთ.

სისუსტე
საქართველოს ნაკრების სისუსტე მისსავე ძალაში - ზაზა ფაჩულიაშია. საქმე ის არის, რომ გუნდი ბევრად არის დამოკიდებული თავის ცენტრზე. ფაჩულიას თამაში თუ წაუვიდა, ნაკრებში ყველაფერი რიგზეა, მაგრამ "ატლანტის" კალათბურთელს მეტოქეები თუ ამოკეტავენ, ქართველები სამქულიანებს ვეღარ აგდებენ, რასაც, შესაძლოა, სრული ჩავარდნა მოყვეს. ეს, ცხადია, შეტევას ეხება. დაცვაში კი ქართველებს არ ჰყავთ ისეთი მოთამაშე, რომელსაც კოკოშკოვი ასპროცენტიანად ენდობა.

ამ პოზიციაზე საქართველო ზონურ ვარიანტს პერსონალური მეთვალყურეობით ცვლის, თუმცა ორივე შემთხვევაში მოწინააღმდეგეს თავისუფალ სატყორცნ პოზიციაზე გასვლა იოლად შეუძლია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველებს უჭირთ იმ გუნდებთან პაექრობა, რომლებიც სწრაფ კალათბურთს თამაშობენ. მთავარი პოზიციები ნაკრებში ტანმაღალ კალათბურთელებს უკავიათ, რომლებსაც სწრაფ მეტოქეებთან გამკლავება უჭირთ.

პროგნოზი
თავის შემადგენლობითა და შესაძლებლობებით საქართველოს ნაკრები შეიძლება ფავორიტად მივიჩნიოთ ჯგუფში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში. კოკოშკოვის შეგირდებმა სლოვენია წინ უნდა გაუშვან, რუსებთან კი ცნობილი პოლიტიკური ვითარების გამო ქართველი კალათბურთელები ალბათ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული