საქართველო-სლოვენია - ფავორიტთან მოგების იმედით

AutoSharing Option
ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე სლოვენიის ნაკრებს ყოველთვის ვქომაგობდი. ამ ქვეყანაში ხომ არაერთი ქართველი კალათბურთელი დაოსტატდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ევროპის ჩემპიონატზე სლოვენიელების წინააღმდეგ ვინმეს ვუქომაგებდი. ეს დღეც დადგა - ის "ვინმე" საქართველოა. დღეს,3 სექტემბერს თბილისის დროით 19 საათზე ჩვენი გუნდი სლოვენიის წინაშე წარდგება.

ვლადიმერ ბოისას სიტყვებს მოვიშველიებ:
- ჩემი მეგობარი სლოვენიელები მემუქრებიან, მოგიგებთო. ვპასუხობ: თქვენი გამარჯვება არავის გააკვირვებს, ქართველთა მოგება კი სენსაცია იქნება. ასე რომ, გვიფრთხილდით-მეთქი.

მართლაც, დღევანდელ მატჩში სლოვენია ფავორიტია, მაგრამ ევრობასკეტის დასაწყისში საქართველოს ნაკრების შთამბეჭდავმა და სლოვენიელთა არადამაჯერებელმა თამაშმა
იმედი გაგვიჩინა.

- სლოვენიელებს კარგად ვიცნობთ და მათთან საბრძოლველად მზად ვართ. რუსეთთან მატჩის შემდეგ გუნდი კიდევ უფრო შემართულია. მეტოქეს არაფერს დავუთმობთ, - გვითხრა გუშინ გიორგი შერმადინმა, რომელმაც გასული სეზონი სლოვენიის "ოლიმპიაში" გაატარა.

ქართველებმა საწყის ორ მატჩში დაინახეს, რომ ჯგუფში არავისზე ნაკლებები არ არიან. ეს მათ სლოვენიასთან თავდაჯერებას შემატებთ. საბრძოლო ჟინი რომ არ აკლიათ, ეს შერმადინმაც გვითხრა, მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი კი დაგვპირდა, რომ ნაკრებმა თამაში კიდევ უნდა გააუმჯობესოს:
- წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. რუსეთთან მატჩის შემდეგ სლოვენიისთვის ვემზადებით. ჯგუფის ფავორიტთან რთული მატჩი გველის, მაგრამ ბრძოლას ვაპირებთ.

1 სექტემბერს სლოვენიისა და უკრაინის მატჩის შემდეგ პრესკონფერენციას დავესწარი. სლოვენიელთა თავკაცი ბოჟიდარ მალიკოვიჩი გაბრაზებული იყო: ამდენი მაღალი კლასის კალათბურთელი გვყავს, მაგრამ უკრაინის ზონური დაცვა ვერ გავშალეთო. საგულისხმოა, სწორედ ზონური დაცვით აღმოფხვრა საქართველოს ნაკრებმა რუსეთთან 14-ქულიანი ჩამორჩენა.

საწყისი მატჩების შემდეგ ჩვენს ნაკრებზე ყველა დადებითად ლაპარაკობს. როცა სლოვენიელთა კაპიტან გორან იაგოდნიკს ვკითხე, ქართველთა ასეთი თამაში რამდენად მოულოდნელია-მეთქი, მომიგო:
- ბოისას, მარკოიშვილს, შერმადინს ძლიან ახლოს ვიცნობ და მათი შესაძლებლობები კარგად ვიცი. ამიტომ, საქართველოს ნაკრების ასეთი კარგი თამაში ჩემთვის მოულოდნელი სულაც არ არის. მასთან სერიოზული ბრძოლა გველის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული