შეცდომებად ქცეული მოზღვავებული ემოცია

AutoSharing Option
სლოვენიასთან მატჩის წინ დარბაზისკენ საქართველოს ნაკრების მაისურით მივიჩქაროდი. ზურგსუკნიდან მომაძახეს: "გუდ ლაქ ჯორჯია"! მივიხედე, სლოვენიელი ქომაგები აღმოჩნდნენ. საერთოდ, მე სლოვენიას ვქომაგობ, მაგრამ დღეს გამონაკლისი უნდა დავუშვა-მეთქი.

მეტად ორგანიზებული გულშემატკივრობა სცოდნათ სლოვენიელებს, თუმცა დღეს მათი ხმა ქართველთა საყვირებმა გადაფარეს. პირველ მეოთხედში კი ქართველმა კალათბურთელებმა "გადაფარეს" სლოვენიელი კოლეგები. სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: ფარქვეშ არ შეუშვეს. საოცარია, მაგრამ საწყის 10 წუთში სლოვენიელებს ერთადერთი ორქულიანი ჰქონდათ ჩაგდებული. სწორედ ამიტომ, ქართველებმა მეოთხედი 25:15 მოიგეს.

როგორც ჩანს, სლოვენიელთა მწვრთნელი მალევე მიხვდა, რომ მისი გუნდის ხსნა მხოლოდ სამქულიანებში
იყო: "მწვანეებმა" შორეულ ტყორცნებს მოუხშირეს, ჩვენი ზონური დაცვა კი ოჟბოლტთან და ლაკოვიჩთან ვერას გახდა. ტანდაბლებს სამქულიანები მაღლებმა, ლორბეკმა და იაგოდნიკმაც შეაშველეს და ასე მოუგროვდა სლოვენიას 15 რეალიზებული სამქულიანი, რაც საოცრად მაღალი მაჩვენებელია. ექსტრა-კლასის გამთამაშებლებმა, იაკა ლაკოვიჩმა და გორან დარგიჩმა ქართველებს 21 შეცდომა დააშვებინეს, რაც წაგების მეორე მიზეზი (პირველზე, სამქულიანებზე უკვე მოგახსენეთ) აღმოჩნდა. შესვენებისას ასაკოვანმა რუსმა ჟურნალისტმა საკუთარი აზრი გამიზიარა: შესანიშნავი გუნდი გყავთ, სლოვენიაზე არანაკლები, მათთან უპირატესობაც გაქვთ, მაგრამ ბევრ შეცდომას უშვებთ. ამის მიზეზი კი ზედმეტი მონდომებაა - თქვენს კალათბურთელებს გამარჯვების წყურვილი და ემოცია იმაზე ორჯერ მეტი აქვთ, რაც მოგებისთვისაა საჭირო. შეცდომებიც ამას მოსდევს.

სამწუხაროდ, ფარქვეშ მოპოვებული უპირატესობა ქართველებს გამარჯვებისთვის არ ეყოთ. ისევე, როგორც გამოცდილება, რათა ბოლო მომენტში გადამწყვეტი იერიში მიეტანათ მეტოქის კალათზე. აი, გამოცდილმა ლაკოვიჩმა კი ბოლო წამებზე ერთი საჯარიმო არ ააცილა და გუნდი ნაადრევად გაიყვანა შემდეგ ეტაპზე.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენმა გუნდმა სლოვენიელებს მოხსნებში 38:29 აჯობა, ხოლო ჩაგდებულ ორქულიანებში - 21:11.


საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასასვლელად დარჩენილი ორი მატჩის მოგება სჭირდება. ხვალ უკრაინას ვეთამაშებით, ზეგ - ბულგარეთს.

იხილეთ ვიდეო

ნამატჩევს

გორან დრაგიჩი:
- რთული მატჩი იყო. საქართველოს ნაკრებთან აქამდე არასდროს მითამაშია. ძალიან ძლიერი და აგრესიული გუნდია. ფიქრობ, საქართველოს მეორე ეტაპზე აგსვლის დიდი შანსი აქვს.

ვიქტორ სანიკიძე:
- შეხვედრის პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ, მაგრამ გამარჯვებისთვის გამოცდილება არ გვეყო. სლოვენიის ნაკრები ძალიან ძლიერი და გამოცდილი გუნდია, რომელიც შეხვედრისთვის მაღალ დონეზე იყო მომზადებული. მოგების დიდი შანსი გვქონდა. საწყენია რომ გამოუცდელობის გამო დავმარცხდით. თუმცა ყველაფერი წინაა, წინ ორი მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და მაქსიმუმს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად.

ბოჟიდარ მალკოვიჩი (სლოვენიელთა თავკაცი):
- რთული და დაძაბული შეხვედრა იყო. პირველ ნახევარში საქართველომ ძალიან აგრესიული და შემტევი კალათბურთი ითამაშა. თუმცაღა შემდეგ გამოვფხიზლდით, დაცვაში კარგად ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ კიდეც.

იგორ კოკოშკოვი (ქართველთა მწვრთნელი):
- სლოვენია გამოცდილი, ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია. ჩვენ ძლიერად ვითამაშეთ, მაგრამ სლოვენიამ გვაჯობა. როგორც აღმოჩნდა, "ძლიერი თამაში" მოგებისთვის საკმარისი არ იყო. მეტი უნდა გაგვეკეთებინა.

ვაჟა სიმონიშვილი კლაიპედადან

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული