მადლობა უკრაინას! საქართველოს გაუმარჯოს!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა გმირობა ჩაიდინეს, გავიდნენ ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე. თან როგორ, ლამაზი, გულიანი თამაშით. გუშინ, 5 სექტემბერს ქალაქ კლაიპედაში უამრავი ქვეყნის წარმომადგენელმა დაინახა ქართული სული. მატჩის შემდეგ სლოვენიელებიც ჩვენთან ერთად ხარობდნენ, უკრაინელებიც, რუსებიც, ლიტველები კი ქართულად ცეკვავდნენ.

ეს ყველაფერი კი ქართველი კალათბურთელებისგან წამოვიდა: საოცარი მატჩი ჩაატარეს ბელგიასთან, შემდეგ რუსეთთან და სლოვენიასთან ბოლო წამებამდე კაცურად იბრძოლეს, ამას მოჰყვა უკრაინასთან მორიგი ეფექტური გამარჯვება და სწორედ ამის შემდეგ დიდი თუ პატარა ბულგარეთთან მატჩამდე ჯგუფიდან გასვლას გვილოცავდა.

სამწუხაროდ, კიდევ ერთი საოცარი რამ მოხდა
- ყველასთვის მოულოდნელად ბულგარეთთან დავმარცხდით.

რატომ წავაგეთ, რითი გვაჯობა მეტოქემ, რატომ არ ითამაშა გიორგი ცინცაძემ ბოლო პერიოდში, ეს ყველაფერი თამაშის შემდეგ აღარავის ახსოვდა არც კალათბურთელებს, არც მწვრთნელს და არც დარბაზს გარეთ შეკრებილ ქომაგთა არმიას, რომელიც მოთამაშეებთან ერთად მეცხრე ცაზე იყო - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პირველი ჯგუფური ეტაპი გადალახა და ევროპის საუკეთესო 12 გუნდს შორის მოხვდა.

Sportall.Ge

ემოციის გარეშე ვერ მიადევნებდით თვალს უკრაინა-ბელგიის მატჩისას სპეციალურ ლოჟებში მსხდარ ბულგარელ და ქართველ კალათბურთელებს. პირველები ბელგიას ქომაგობდნენ, ქართველები - უკრაინას. თუ უკრაინელები მოიგებდნენ, შემდეგ ეტაპზე ჩვენი გუნდი გადიოდა, თუ არა - სამეულში ბულგარეთი მოხვდებოდა. ქართველმა ქომაგებმა ორ საათში გადაწყობა მოასწრეს - თეთრი მაისურების ნაცვლად უკრაინის დროშის ფერებში (ყვითელ-ლურჯი) გამოეწყვნენ და ისე ქომაგობდნენ, თითქოს საქართველო ყოფილიყოს. ორი ქვეყნის მეგობრობამ შედეგი გამოიღო - უკრაინამ ბელგია გაანადგურა და მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ბულგარელების სახეების დანახვის მიზნით მათ ლოჟაში რომ ავიხედე, არავინ დამხვდა. ქართველები კი ოვაციებით შეხვდნენ უკრაინის გამარჯვებას, ათასგვარი მადლობის შეძახილი გაისმა.

გამოგიტყდებით, ასე ამაყად თავი არასოდეს მიგრძვნია. მე ხომ იმ ნაკრებზე ვწერ, რომელიც გმირულად გავიდა ჯგუფიდან. აკი გითხარით, ბულგარეთის გარდა ყველა მეტოქესთან ლამაზი თამაში აჩვენა.

კლაიპედაში პირველი ეტაპი ქართულად დასრულდა: უკრაინის მატჩის შემდეგ ქართველი კალათბურთელები გარეთ გავიდნენ და გულშემატკივრებთან ერთად გაიხარეს.

Sportall.Ge

- უკრაინელები ვაჟკაცები არიან, ბოლომდე იბრძოლეს და დიდი საჩუქარი გაგვიკეთეს. საოცარი შეგრძნებაა. ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვართ და ვიცით, რომ მეორე ეტაპზე უფრო ძნელი იქნება. ყველაფრისთვის მზად ვართ! - თქვა მანუჩარ მარკოიშვილმა და უკრაინის მიკროავტობუსისკენ გაიქცა, საიდანაც იქაური ფედერაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ვოლკოვი გადმოვიდა და მანუსგან მადლობა გულითადად მიიღო.

ვიქტორ სანიკიძემ ქართველ ხალხს ომახიანად მიმართა:
- ყველას ვულოცავ ამ წარმატებას. საქართველოს ნაკრები მეორე ეტაპზე გასვლას იმსახურებდა. წინ უფრო მეტი გამარჯვებები გველის!

გიორგი ცინცაძემ უკრაინისადმი მადლიერების სიტყვებით დაიწყო:
- დიდი მადლობა უკრაინას. სიტყვები არ მყოფნის სიხარულის აღსაწერად. რაც მთავარია - საქართველოს გაუ-მარ-ჯოს!

შესავალში გმირები ვახსენეთ. ალბათ, სხვა არც ერთი ქვეყნის წარმომადგენელი მოიქცეოდა, ისე, როგორც ზაზა ფაჩულია:
- მატჩის დასაწყისში კუნთი კი მტკიოდა, მაგრამ შევიხვიე და მეგონა პრობლემა არ შემექმნებოდა. თუმცა თამაშის მსვლელობისას ვიგრძენი, რომ რაღაც ჩაწყდა. მოედნიდან გავედი, მაგრამ ბოლო მეოთხედში, გუნდს დახმარება რომ დასჭირდა, მწვრთნელს ვუთხარი - მოედანზე გავალ, იქნებ შევძლო-მეთქი. გამოვედი, მაგრამ ტკივილმა იმატა და სათადარიგოთა სკამზე დავბრუნდი. კუნთის მყესი ორგანაა გაწყვეტილი, ერთგან 1 სმ-ზე, მეორეგან - 0.5 სმ-ზე. დაახლოებით ერთი თვე უნდა დავისვენო. არადა, რა ჯგუფი შეგვხვდა - ფინეთთან და მაკედონიასთან ძველი ანგარიშები მაქვს!
ნუ მიწყენთ, თუ ამ სტატიას სამი ერთნაირი ნიშნით დავასრულებ - !!!

ვაჟა სიმონიშვილი კლაიპედადან

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
vetanxmbi Shotas. amas es statiac kargad asaxavs.

http://www.eurobasket2011.com/en/cid_4,w7QjPeH-M,ty138LH2l3.pageID_TMxceqSxIGkQKxVLshFZ-3.compID_qMRZdYCZI6EoANOrUf9le2.season_2011.coid_MdP7VThxIFoyuoF0w4JpO1.articleMode_on.html
eddy
06:12 08-09-2011
0
ვულოცავ საქართველოს ნაკრებს!
მაგრამ ამ წერილის ავტორს მინდა ვკითხო, ჩვენი გმირობა რაში მდგომარეობს? ბულგარეთთან რომ წავაგეთ და უკრაინამ, რომ მოიგო?
- ვიყოთ თავმდაბალნი, თავს ნუ გავიგიჟებთ! მიშას ნუ დავემსგავსებით!
shoda
22:18 06-09-2011
0

სიახლეები პოპულარული