პირველებმა გუდა-ნაბადი ბელგიელებმა აიკრეს, შემდეგ ბულგარელებმა, უკრაინელები კი ყველაზე გვიან დატოვებენ ქალაქს. ისინი შინ ბრუნდებიან. რუსები, სლოვენიელები და ქართველები კი წინ წავიდნენ - დედაქალაქ ვილნიუსისკენ, სადაც მეორე ჯგუფური ეტაპი გაიმართება. ქართველებს მაკედონიასთან, ფინეთთან და საბერძნეთთან მოუწევთ ბრძოლა და ორი მოგების შემთხვევაში მეოთხედფინალში გასვლა შეიძლება...
როგორც ხედავთ, მადა ჭამაში მოვიდა - საქართველოს ნაკრებისგან უკვე მეოთხედფინალს ვითხოვთ. მაკედონიასა და
ყველამ დაინახა, რომ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან ბოლო მატჩს გადაღლილი შეხვდა, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ეს კარგად მოეხსენებათ ნაკრების მწვრთნელებს და მათ გუშინ, 6 სექტემბერს ოთხსაათიანი მგზავრობის შემდეგ (კლაიპედადან ვილნიუსისკენ) კალათბურთელებს დასვენების საშუალება მისცეს - არ უვარჯიშებიათ. ისინი "სიმენს არენადან" 20 კილომეტრით მოშორებით, სასტუმრო "მერიდიანში" დაბინავდნენ. იქვეა ჩვენი ჯგუფის ყველა წარმომადგენელიც.
ვილნიუსში ქართველები პირველ ვარჯიშს დღეს, 7 სექტემბერს 10 საათზე ჩაატარებენ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჯგუფის მატჩები 8 აგვისტოს დაიწყება.
მანამდე კი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს მოვუსმინოთ:
- ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ - ურთულესი მატჩები გვქონდა. ძლიერი მეტოქეები გვყავდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ექვს დღეში ჩატარებული ხუთი თამაშის შემდეგ გუნდი დაიღალა. სწორედ ეს იყო ბულგარეთთან წაგების მთავარი მიზეზი.
ამასთან კალათბურთელებზე მეტად უარყოფითად იმოქმედა ზაზას გამოკლებამ, რომელმაც ტრავმა მიიღო. ასეა თუ ისე, ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს ჯგუფიდან გასასვლელად. ამიერიდან კიდევ უფრო მძიმე ბრძოლები გველის. ფინეთსა და მაკედონიას ვიცნობთ და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ უძლეველი გუნდებია. ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის.
გახარებულია ლეგენდარული ნიკოლოზ დერიუგინი, რომელიც 1983 წლის შემდეგ ბოლო ქართველი იყო, ევროპის ჩემპიონატზე რომ ითამაშა.
თუმცა დღევანდელი ფორმაციის საქართველოს ნაკრებმა ისტორია ხელახლა გადაწერა:
- ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოხვდა. იბრძოლა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მაშინ, როცა ეს ვერ მოახერხეს ხორვატიამ, იტალიამ და სხვა ძლიერმა გუნდებმა. მოკლედ, წლევანდელ ევრობასკეტზე გამოსვლა ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული სპორტის ისტორიაში, - ამბობს ნიკოლოზ დერიუგინი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან