ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ

AutoSharing Option
იგორ კოკოშკოვი ბულგარეთთან გამარჯვების შემდეგაც გაწონასწორებული ლაპარაკობდა:

- აქ მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა წარმატებაში ბოლომდე დარწმუნებულები არ ვიყავით. ამიტომ ამ გამარჯვებით ძალიან გახარებული ვარ. ბულგარეთი ძლიერი გუნდია და ვიცოდით, რომ რთული ბრძოლა გველოდა. მასპინძლები დიდ პატივისცემას იმსახურებენ, მათ მართლაც ბოლომდე და ღირსეულად იბრძოლეს. ჩვენი წარმატება ტაქტიკურად გამართულმა თამაშმა მოიტანა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენს ნაკრებში გუნდური ატმოსფეროა და კალათბურთელები საბრძოლველად არიან შემართულნი. გადამწყვეტ მომენტში ბულგარელებმა ბურთი რამდენჯერმე დაკარგეს. სწორედ ამ დროს საჭირო ქულები მოვაგროვეთ. გვქონდა პრობლემებიც - ზაზა ფაჩულია ტრავმის გამო ბოლოს
სათანადოდ ვეღარ მოძრაობდა, თუმცა გუნდის გამარჯვებაში მაინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. სიმართლე გითხრათ, სატურნირო მდგომარეობა არ მაინტერესებს, თუმცა ისე არ გაიგოთ, რომ ჯგუფიდან გასვლა არ გვინდა. უბრალოდ, ამ ეტაპზე ცხრილს არ ვუყურებთ და წარმატებისკენ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. ახლა ჩვენი მთავარი სამიზნე პოლონეთში თამაშია და მხოლოდ ამ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. ჯგუფში ჯერ არაფერია გარკვეული. ბულგარეთს წარმატებას ვუსურვებ.

ზაზა ფაჩულიას იმედი აქვს, რომ პოლონეთთან მატჩისთვის მწყობრში იქნება:

- ამ გამარჯვებით გახარებულები ვართ. ვიცოდი, რომ ურთულესი ბრძოლა გველოდა და ამის საფუძველს ბულგარეთში ჩატარებული წინა ორი მატჩი მაძლევდა. პირველად, 9 წლის წინ ოფიციალური მატჩი ვითამაშე, დაახლოებით 3 წლის წინ კი, ბულგარეთს ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად ვსტუმრობდი. ჩემს თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ წარმატება იოლად არ მოვიდოდა. საქართველოს ნაკრები თამაშს ჩინებულად მომზადებული შეხვდა, თანაც ბულგარელთა თამაში კარგად გვქონდა შესწავლილი, რაც ძალიან დაგვეხმარა. კალათბურთელები მაქსიმალურად ვცდილობდით, შეგვესრულებინა ის დავალებები, რასაც მწვრთნელები და გუნდის ხელმძღვანელები გვაძლევდნენ. რა თქმა უნდა, მატჩის განმავლობაში გვქონდა ჩავარდნები, მაგრამ საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ვიყოჩაღეთ. ამ ჯგუფში ოთხი თანაბარი ძალის გუნდია და სამი მოგება არაფერს ნიშნავს. წინ კიდევ ოთხი მატჩია და სწორედ იმ თამაშებში გადაწყდება ბევრი რამ. ახლა პოლონეთთან მატჩისთვის ვემზადებით. ამ გუნდს თბილისში დიდი სხვაობით მოვუგეთ, თუმცა ძალიან აგრესიულად გვეთამაშა. ლოძში თამაში გაცილებით რთული იქნება.

ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი როსენ ბარჩევსკი ფარ-ხმალს არ ჰყრის:

- ძალიან ცუდი შედეგი დაფიქსირდა. საშინაო გამარჯვება გვჭირდებოდა, რათა ჯგუფიდან გასვლისთვის ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოვჩენილიყავით. ჩვენი დაცვა ისევ არ აღმოჩნდა იმ დონეზე, როგორც მოსამზადებელ პერიოდში იყო. ფაქტობრივად, შევაჩერეთ ფაჩულია, რომელიც საშუალოდ 21 ქულას აგდებს, ჩვენთან კი მხოლოდ 12 დააგროვა. შევაჩერეთ ქართველთა მოძალება სამწამიან ზონაში, მაგრამ პრობლემები სამქულიანის ხაზიდან შეგვექმნა. ქართველები ამ თამაშამდე სამქულიანებს მხოლოდ 27-პროცენტიანი სიზუსტით ისროდნენ, დღეს 20-დან 9 სამქულიანი (45 პროცენტი) ჩააგდეს. ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო. არ მინდა საკუთარი გუნდის გამართლება, მაგრამ წაგებაში გარკვეული როლი ტრავმებმაც ითამაშა - ფილიპ ვიდენოვი და ტყუპი ივანოვები მწყობრში ვერ იყვნენ, გუნდის რიტმში ბოლომდე ვერ ჩაჯდნენ. მეტს ველოდით ნატურალიზებულ ამერიკელ ერლ კალოუეისგან, მაგრამ მასაც ვერ დავადანაშაულებ, რადგან აშკარად გადაღლილი იყო. გასამარჯვებლად მოედანზე მყოფი ყველა კალათბურთელის აქტიურობაა საჭირო, ერთი-ორი კალათბურთელი შეხვედრას ვერ მოიგებს. მიუხედავად მარცხისა, ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ, წინ ოთხი მატჩია, არაფერი დაგვიკარგავს. პოლონეთსა და საქართველოში გამარჯვებებს შეუძლებლად სულაც არ მივიჩნევ.

ბოლოს ახალგაზრდა ბულგარელის ჩავდარ კოსტოვის მოსაზრებას გავეცნოთ:

- საქართველოს ნაკრების თამაში კარგად გვქონდა გაშიფრული. ამ მხრივ მწვრთნელებმა დიდი სამუშაო გასწიეს. ბულგარეთის ნაკრები რამდენჯერმე დაწინაურდა, მაგრამ ბავშვური შეცდომებისა და დაცვაში ცუდი თამაშის გამო ლიდერობის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ. ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ჩვენი საუკეთესო მატჩი რომ არ იყო, ესეც ფაქტია. ბოლოსკენ იღბალი გვჭირდებოდა, მაგრამ ბედმა ზურგი გვაქცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული