მივხვდი, რომ ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს არ გულისხმობდა, რადგან ეს შეჯიბრება მეორე ფაზაში გუშინ გადავიდა და ლიტვას ჩემპიონობამდე დიდი გზა აქვს გასავლელი. თავის მტვრევას კითხვა ვამჯობინე:
- სპორტის რომელ სახეობაში გაიმარჯვეთ?
- თევზჭერაში, ჩვენმა მებადურებმა გვასახელეს.
მატიასი მეთევზეა, სამუშაოდან თავისუფალ დღეებში ზღვაზე ან მდინარეზე გადის, როცა დრო აქვს მეგობრებთან ერთად სათევზაოდ ციმბირშიც
ასეთია კლაიპედელთა უმეტესობა, რაც გასაკვირი სულაც არ არის - ეს ქალაქი ხომ ზღვის პირასაა, გვერდით კი ლიტველივით წელში გამოყვანილი გრძელი კუნძული აქვს, სადაც ევროპაში ცნობილი საზღვაო მუზეუმი, სხვადასხვა ტიპის პლაჟები (თავად მიხვდით, რა ტიპისებზეა ლაპარაკი) და ლამაზი დასახლებებია. ცხადია, ნიდა, სმელტინე და სხვა სოფლები მებადურთა გაშენებულია. თითოეულში მთავარი ადგილი უჭირავს ბადის გასაშლელ ხის კონსტრუქციებს, რომელიც ტანმოვარჯიშის ოთახს მოგაგონებთ.
კუნძულის ბოლო კუთხე რუსეთს ეკუთვნის, კალინინგრადის ოლქია. ლიტველები რუსებზე თავშეკავებულად ლაპარაკობენ, რასაც ვერ ვიტყვით კარმარანებზე:
- 4-5 წლის წინათ ლიტვაში პირველად გამოჩნდნენ კარმარანები, მუქი ფერის ფრინველები, რომლებიც ჯგუფად დაფრინავენ და ცას აბნელებენ. თუ ბომბებიც გამოუშვეს, ცუდადაა საქმე - მანქანის შუშა თუ დროულად არ გაწმინდე, შავი ლაქა რჩება. ამ ტყეში გამხამრი ხეები რომაა, ერთ დროს კარმარანების საბუდარი იყო. ერთი ფრინველი დღეში კილონახევარ საკვებს იღებს, მებადურები ჩივიან, რომ ზღვაში თევზის შემცირება სწორედ კარმარანების ბრალია. ამიტომ მათზე ნადირობა დაშვებულია.
სამაგიეროდ, ტახის მოკვლაა აკრძალული. ასეთი ამბავიც მოვისმინე: რამდენიმე წლის წინათ კუნძულზე გარეული ღორები ჯგუფებად, თანაც გრაფიკით დადიოდნენ. ისინი გზაზე სწორედ მაშინ გამოდიოდნენ, როცა ავტობუსს უნდა გაევლო და გზას მანამ არ უხსნიდნენ, სანამ ხალხი კარგად არ გამოკვებავდა.
თავიდან გამიკვირდა, ხალხით დასახლებულ პატარა კუნძულზე როგორ შემორჩა გარეული ცხოველები (ირმებიც არიან), მაგრამ ჩვენ ხომ მეთევზეთა კუნძულთან გვაქვს საქმე. კლაიპედელების კვების რაციონში თევზს ისეთივე ადგილი უკავია, როგორიც ატმოსფეროში აზოტს - კატლეტსაც თევზისგან ამზადებენ, ქათმის ხორცსაც თევზის ფილეში ახვევენ...
ჰოდა, არ უნდა გაგვიკვირდეს, ქალაქში ერთი დიდი საავადმყოფო მებადურთა და მეზღვაურთათვის რომ აუშენებიათ.
- აი, ჩვენი უნივერსიტეტი, - მიგვითითა გიდმა აგურის შენობათა ლამაზ კრებულზე, - ეს თავიდან გერმანელებმა ყაზარმებად ააშენეს, შემდეგ რუსი სამხედროები ცხოვრობდნენ. ლიტველებმა სასწავლებლად გადავაკეთეთ. უნივერსიტეტში სხვა დარგებზე არანაკლებ პოპულარულია თევზჭერის ფაკულტეტი. მისთვის სპეციალურად ორი სასწავლი გემი მოქმედებს...
კომენტარისგან თავის შეკავება ძნელია: ბაკალავრი, ან მაგისტრანტი მეთევზე კიდევ გასაგებია, საინტერესოა, როგორ გამოიყურება აკადემიკოსი მებადური.
ანონსის სახით: ლიტვური შთაბეჭდილებების მენიუში შემდეგში ქომაგობის თემა გვექნება.
ვაჟა სიმონიშვილი გზად კლაიპედადან ვილნიუსისკენ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან