აქცია: ქართველებს არ გადავახდევინოთ

AutoSharing Option
ევრობასკეტის დაწყების პირველ დღეს კლაიპედას დარბაზიდან გვიან გამოვედით. ტაქსს დიდხანს ველოდეთ. მოლოდინმა გაამართლა და შორიდან მომავალ თეთრ შუქურიან ტრანსპორტს ხელი გავუქნიეთ. მოგვიახლოვდა და თეთრზე შავად ეწერა: ოლიციჯა. გასაკვირია, მაგრამ ქართულისგან განსხვავებით ლიტვის პოლიციის მანქანებს წითელ-ლურჯი ფერები არასოდეს უნთიათ.

იმ დღეს საინტერესო მძღოლი შეგვხვდა. რომ გაიგო, საქართველოდან ვიყავით, გადაირია:

- ქვეყანა ისაა, თქვენ სადაც ცხოვრობთ - ერთმანეთზე უკეთესი ღვინოები გაქვთ, აბა ესაა საქმე: ლიტვაში ვაშლისა და ფორთოხლისგან რაღაცას ხარშავენ და ღვინოს უწოდებენ. ეჰ, ნეტავ კიდევ როდის მოვხვდები საქართველოში...

მესამე დღეს ჟურნალისტებს
ექსკურსია მოგვიწყეს და ლიტვური ღვინო გაგვასინჯეს. ბოლი კი ასდიოდა, მაგრამ რას მოვიფიქრებდი, ისე ცხელი თუ იქნებოდა, პირს რომ დამწვავდა. მას მერე ერთ ლიტველს ვუხსენე ადგილობრივი ცხელი ღვინო და ისეთი სახე მიიღო, გეგონებოდათ ძმარი გაახსენდაო.

ასაკოვანი მძღოლები ლიტვაში არ სვამენ, ახალგაზრდები კი არ ერიდებიან: ვილნიუსში ჩამოსულებს ერთმა გვითხრა - გუშინ ღამით 6 ბოთლი ლუდი დავლიე და ამ დილას ჩიტივით წამოვხტიო. კარგი ბიჭი იყო, რომ გაიგო ქართველები ვიყავით, ჩვენებურად მოგვესალმა.

დაკვირვების შედეგს გაგანდობთ. კლაიპედაში თუ ვილნიუსში საქართველოს ნაკრების მაისურის ზემოდან მოსაცმელი მქონდა მოხურული. თუ გავიხსნიდი და გეორგია გამოჩნდებოდა, ყველა მიღიმოდა. თუ ეს წარწერა არ ჩანდა, ყურადღებას არავინ მაქცევდა.

თუმცა, სახის ფერით ბევრი ხვდებოდა საიდან ვარ. მარშრუტული ტაქსის ერთმა მძღოლმა მითხრა - კავკასიიდან ხარ, საქართველოდან ან აფხაზეთიდანო. იქვე შევუსწორე - აფხაზეთი საქაქრთველოა-მეთქი.

- რუსეთმა ვანია ჩააყენა და საქართველო აღარ არის, - მიპასუხა და დავა-მტკიცება მანამ გავაგრძელეთ, სანამ საკალათბურთო დარბაზს არ მივუახლოვდით. მძღოლმა ასე დაასრულა: - ახლა თქვენი ჩასვლის დროა. სამწუხაროა, რომ ხალხის ნაცვლად ყველაფერს პოლიტიკოსები წყვეტენო...

თემა აზერბაიჯანელმა ტაქსისტმა განაგრძო, რომელმაც ყველაფერი მის კარის მეზობელს (მიხვდებით ვისაც) დააბრალა.

- ლიტვიდან აზერბაიჯანში ძირითადად ოდესა-ფოთის გემით ვბრუნდები. ერთხელ ჩემი ძმა ამიტყდა, აფხაზეთზე წავიდეთო. მივადექით საზღვარს და რუსებმა გამოგვიცხადეს - მხოლოდ რუსებსა და აფხაზებს ვუშვებთო... გავბრაზდით, მაგრამ რას ვიზამდით, აზერბაიჯანში დაღესტანიდან შევედით.

აზერბაიჯანელმა ტაქსისტმა დაკარგული ტელეფონის ასაღებად წაგვიყვანა (დაკარგული ნივთების თემას ერთი პუბლიკაცია აუცილებლად დაეთმობა). ტელეფონი ავტობუსის მძღოლს ჰქონდა, რომელიც ეზოში გველოდა, საქართველოში მოკითხვა მოკითხვაზე დაგვაბარა.

ნამდვილად არ მეგონა, ლიტველებს ქართველები ასე თუ უყვარდათ. "მსოფლიო სპორტის" ჟურნალისტი საინტერესო ფაქტს შეესწრო: ტაქსის მძღოლმა ფული არ გამოართვა - დღეს აქცია მაქვს, ქართველებს ფულს არ ვართმევო. არადა, რამდენი ჩვენიანი იყო კლაიპედაში...

მას შემდეგ, რაც გაიგო, საქართველოდან ვიყავით, ერთ ასაკოვან მძღოლს ნოსტალგია მიეძალა:

- კარგი დრო იყო საქართველოში რომ ვმსახურობდი. გავიცანი ქართველი გოგონა, ძალიან ლამაზი. შემიყვარდა, მასაც მოვწონდი. თუმცა ლიტვაში რომ გამოვბრუნდი, ცოლად სხვა მოვიყვანე... ამ ნაბიჯს ახლაც ვნანობ.

ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან მაგარი სტატიაა...
rezi
14:09 10-09-2011
0
ვაა, რა ძალიან ვყვარებივართ კაცო, პირდაპირ გიჟდებიან თურმე ჩვენზე, ასე უთქვიათ: "არც ფული გადავახდევინოთ და ჩვენი ცოლებიც ქართველებს დავატ....... თო." თუ ჩემი არ გჯერათ, ჯიჯის ჰკითხეთ, ალფაიძეს!..
levani kaxeti
15:46 10-09-2011
0

სიახლეები პოპულარული