ათკაციანი საქართველო ევროთორმეტეულში

AutoSharing Option
12 სექტემბერი, ლიტვა, ვილნიუსი
საქართველო-საბერძნეთი 60:73
13:12, 22:20, 12:19, 13:22
1200 მაყურებელი

მსაჯები: ილია ბელოშევიჩი (სერბეთი), ადემირ ზურაპოვიჩი (ბოსნია), მარიუშ ჩიულინი (რუმინეთი)

ჩვენთვის ყოველი მატჩი ზედმეტად დიდხანს გრძელდება, - თქვა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ნაკრების თავკაცმა იგორ კოკოშკოვმა. ამ ფრაზით ბევრი რამაა გასაგები: საქართველოს ნაკრები დაიღალა, აღარ შერჩა ენერგია კარგად დაწყებული მატჩის ბოლომდე მისაყვანად. მეორე ეტაპზე ქართველებმა მხოლოდ პირველ მატჩში მოახერხეს მეოთხე პერიოდის მოგება - ფინეთთან და საბერძნეთთან ძალა აღარ ეყოთ.

არადა, რა კარგად დაიწყო ბერძნებთან შეხვედრა: ბოლომდე გაიხსნა გამთამაშებელი ლაშა გამყრელიძე, ჩატენვას
ალეი უპი მიაყოლეს ჰეინსმა, შერმადინმა, სანიკიძემ და პირველი ტაიმი ქართველთა სასარგებლოდ დასრულდა - 35:32. რაც მთავარია, ბერძნები ფარქვეშ აშკარად დავჯაბნეთ: საწყისი 20 წუთის შემდეგ მოხსნებში 23:9-ს ვუგებდით. როცა სამწამიან ზონაში არაფერი გამოდის, გუნდი პერიმეტრიდან ცდილობს უპირატესობის მოპოვებას, თუმცა ბერძნებს პერიმეტრიც კარგად გადავუკეტეთ და პირველ ტაიმში ქართველთა მსგავსად მხოლოდ 2 სამქულიანი ჩააგდეს.

ევრობასკეტზე ასეთი შინაარსის არაერთი მატჩი გაიმართა და თითქმის ყოველთვის, იგებს ის, ვისაც შეხვედრის მსვლელობისას ანგარიში მიჰყავს. სამწუხაროდ, მესამე პერიოდის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს ბოლო წუთების ასევე სტაბილურად ჩატარება გაუჭირდებოდა, რადგან ისევდაისევ დაღლილობის გამო სროლის სიზუსტემ იკლო. ამას დაერთო ბერძენთა მიერ რეალიზებული ერთი-ორი სამქულიანი და მესამე პერიოდის დასრულებამდე 3:41 წუთით ადრე კალათესის სამქულიანის შემდეგ ელინები წინ გავიდნენ (42:41).

როგორც გითხარით, მეოთხე რაუნდში...
- თამაშის გამარჯვებამდე მისაყვანად გუნდს არც სისხარტე შერჩა და არც ენერგია. თუმცა კალათბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს, რისთვისაც მათ მადლობა უნდა ვუთხრა, - ესეც იგორ კოკოშკოვის სიტყვებია.

ასევე ტაშითა და მადლობით გააცილეს კალათბურთელები გულშემატკივრებმა, რომლებმაც მოთამაშეებს დიდი სტიმული მისცეს და ევრობასკეტი აშკარად გაალამაზეს - მხოლოდ ლიტვას ჰყავდა ქართველებზე მეტი და ხმაურიანი ქომაგი. მიხვდებით რატომაც - ლიტვა ევრობასკეტის მასპინძელია.

ევროპის ჩემპიონატის მესამე დასკვნითი ეტაპი კაუნასში გაიმართება, რვა საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში ითამაშებს, საქართველო, ფინეთი, გერმანია და თურქეთი კი შინ ბრუნდებიან. ასე და ამგვარად, ქართველებმა ევრობასკეტზე დებიუტი თორმეტეულში მოხვედრით აღნიშნეს, რაც სადღეისოდ მაქსიმუმი იყო. კლასიფიკაციაში ჩვენს უკან აღმოჩნდა ხორვატია, ჩერნოგორია, ბრიტანეთი და კიდევ არაერთი ძლიერი გუნდი.

აქამდე არნახულმა რთულმა მარათონმა ბევრი რამ გვასწავლა ჟურნალისტებსაც, კალათბურთელებსაც, მწვრთნელებსაც და ფედერაციასაც. ახლა საჭიროა სწორი დასკვნების გამოტანა, რათა...

- ორი წლის შემდეგ სლოვენიაში გასამართ ევრობასკეტზე უკეთესად გამოვიდეთ, - ასე დაასრულა კომენტარი მანუჩარ მარკოიშვილმა, მანამდე კი აღნიშნა: - ლიტვაში რვიდან მხოლოდ ორი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ყველა თამაშში ბოლომდე ვიბრძოლეთ და თითოეულმა კალათბურთელმა მაქსიმუმი გააკეთა ქვეყნის სახელის კარგად წარმოსაჩენად. ახლა საკუთარ თავზე უნდა ვიმუშავოთ, მინუსები გამოვასწოროთ და ახლი ევრობასკეტისთვის მოვემზადოთ.

საინტერესო კომენტარი გააკეთა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა:
- ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები ამ შეჯიბრებაში ღირსეულად გამოვიდა. არც ერთ გუნდს ჩვენთვის დიდი სხვაობით არ მოუგია, ბოლომდე ვიბრძოლეთ რუსეთთან, სლოვენიასთან, მაკედონიასთან, საბერძნეთთან... დიდი გამოცდილება მივიღეთ და როგორც კალათბურთელები, უნდა გავიზარდოთ, ასევე მწვრთნელები. საერთოდ კი, ყველა აღიარებს, რომ საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა გიორგი შერმადინი იახლა.

გიორგი შერმადინი (საქართველოს ნაკრების მოთამაშე):
- პირველ რიგში, მინდა მივულოცო საბერძნეთის ნაკრებს. ეს იყო ძალიან კარგი მატჩი. ვიგებდით პირველი ტაიმის შემდეგ, თუმცა ბერძნებმა კარგად ითამაშეს დაცვაში და საბოლოოდ წარმატებასაც მიაღწიეს. საბერძნეთს წარმატებას ვუსურვებ მეოთხედფინალში.

კოსტანტინიოს პაპანიკოლაუ (საბერძნეთის ნაკრების მოთამაშე):
- პირველ ტაიმში დაცვაში ცუდად ვითამაშეთ, თუმცა გასახდელში მწვრთნელმა ყველაფერი კარგად აგვიხსნა და შესვენების შემდეგ მდგომარეობა გამოვასწორეთ. ვიცოდით, რომ კარგი დაცვის გარეშე ვერას გავხდებოდით. ამის გამო დავმარცხდით რუსეთთან და შეცდომის გამეორება არ გვინდოდა. ყოველი მატჩის მოსაგებად ვიბრძვით, მნიშვნელობა არა აქვს, გასულები ვართ ჯგუფიდან თუ არა. ახლა უკვე საფრანგეთთან შეხვედრაზე ვფიქრობთ.

იგორ კოკოშკოვი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
- საქართველოსთვის ყოველი მატჩი ჩვეულებრივზე დიდ ხანს გრძელდება, რადგან სათადარიგოთა სკამი მოკლე გვყავს. ყოველ მატჩში დიდი ბრძოლა გვქონდა. საბერძნეთთანაც ბევრი შეცდომა დავუშვით. მეტოქე მეორე ტაიმში თამაშს კარგად აკონტროლებდა და ყოველ სროლას გააზრებულად ასრულებდა. მოხარული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშით ჩვენმა ნაკრებმა დიდი გამოცდილება შეიძინა.

ილიას ზუროსი (საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
- ვულოცავ საქართველოს. მათ ითამაშეს ორგანიზებული და ლამაზი კალათბურთი. სწორი ფილოსოფია გააჩნიათ. საქართველოსთან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, რომელიც მომავალი მატჩისთვის მოსამზადებლად გამოვიყენეთ. კაუნასში მივდივართ, სადაც ევრობასკეტის საუკეთესო გუნდები მოხვდნენ.

ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


Sportall.Ge

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 1 /
უფრო კარგად შეეძლოთ ეთამა შად ბოლო თამაშები, მაგრამ არ მოინდომეს.სიჩქარე აკლიათ.ეს არის მათი მინუსი.
tamuna
09:54 14-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული