ზაზა ფაჩულია: მე და ცინცაძეს ტრავმა რომ არ მიგვეღო, პლეი ოფისთვის ვიბრძოლებდით

AutoSharing Option
ლიტვაში მიმდინარე ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე რუსი ჟურნალისტები შანსს არ უშვებდნენ ხელიდან, რომ მათთვის მეტ-ნაკლებად ცნობილ ქართველ კალათბურთელებს გასაუბრებოდნენ, რაც ჩვენთვის სასიამოვნოა. ამჯერად რუსულმა საიტმა "სპორტს.რუ"-მ იყოჩაღა და ჩვენი ნაკრების კაპიტანთან ზაზა ფაჩულიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

სპორტს.რუ: ფინეთის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის მეოთხედფინალში გასვლის შანსი დაკარგა. არადა, მეორე ჯგუფური რაუნდის თითოეული მატჩი განსაკუთრებით მტანჯველი ზაზა ფაჩულიასთვის იყო, რომელიც ფეხის ტრავმამ თავისი გუნდის გულშემატკივრად აქცია.

ქართველმა ცენტრმა ჩვენთან ინტერვიუში ტურნირზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფასა, მას ნათელი მომავალი უწინასწარმეტყველა და აღნიშნა, რომ
ჯერ კიდევ არ იცის, სად გაატარებს სეზონს.

- როგორ შეაფასებთ საქართველოს ნაკრების ლიტვაში ნაჩვენებ შედეგს?
- ჩვენთვის უდიდესი მიღწევა იყო ევრობასკეტზე თამაში. ჩვენ ამ დონის ტურნირში პირველად ვმონაწილეობდით და მეორე რაუნდში გავაღწიეთ, რითაც ახალი ისტორია დავწერეთ. ეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის და მთელი ქვეყნისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. რომ არა ტრავმები, შესაძლოა კიდევ წინაც წავსულიყავით... ასეა თუ ისე, მე ჩემი ქვეყნით ვამაყობ!

- ტრავმამ შენი გუნდის ქომაგად გაქცია.
- ეს საშინელებაა. განსაკუთრებით ცუდი ისაა, რომ ეს მოხდა მაშინ, როცა გუნდს ყველაზე მეტად ვჭირდებოდი. რას ვიზამთ - ტრავმაც თამაშის ნაწილია. კუნთი მაქვს გაწყვეტილი და მოცდა მომიწევს, თუმცა იმედი მაქვს, მალე გამოვკეთდები.

ეჰ, მე და ცინცაძეს ტრავმები რომ არ მიგვეღო, ვფიქრობ, თამამად შეგვეძლო პლეი ოფში გასასვლელად ბრძოლა.

- მეორე რაუნდი - საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებაა?
- რა თქმა უნდა. ჩვენ პირველი ნაკრები ვართ საქართველოში, რომელმაც სპორტის გუნდურ სახეობაში ევროპის ჩემპიონატზე გააღწია. ამიტომ ვფიქრობ, საქართველოში კალათბურთი ამიერიდან კიდევ უფრო პოპულარული გახდება.

- როგორ ხედავთ დღევანდელი თქვენი გუნდის მომავალს?
- ჩვენი ორი, ძალიან კარგი ახალგაზრდა მოთამაშე - შერმადინი და შენგელია გვყავს. მთლიანობაშიც, გუნდის საშუალო ასაკი არცთუ დიდია. ასე რომ, დიდი მომავალი გვაქვს.

ძალიან გამიკვირდება, თუკი შენგელია NBA-ში არ ითამაშებს - მას ხომ ამისთვის ყველაფერი აქვს. ყოველ ზაფხულს, როდესაც ის გუნდის შეკრებაზე მოდის, ვამჩნევ, რომ მისი თამაში სულ უფრო იხვეწება

- ლოკაუტის პერიოდში ევროპული წინადადებების განხილვას აპირებთ?
- არ ვიცი, ამაზე ჯერ არცკი მიფიქრია. აქამდე ყველა ჩემი ფიქრი ნაკრებს ეხებოდა. ევროპიდან შემოთავაზებები არის, მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ NBA-ს სეზონი შედგება. თუმცა, ნამდვილად არ ვიცი, რა სტადიაზეა ამ წუთში მოლაპარაკებები.

იცით, ძალიან უცნაური იქნება, თუკი სეზონი ჩავარდება. ამ წლების განმავლობაში ერთ რამეს ისე მივეჩვიე, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია - 1 ოქტომბერს საწვრთნელი ბანაკი დგება.

იმედი მაქვს, წელს ლიგაში გარჯის საშუალება გვექნება და გულშემატკივრებსაც მიეცემათ ამ ბრწყინვალე თამაშის ხილვის ბედნიერება.

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული