თვითმფრინავში მეგობარ ჟურნალისტს გიორგი ცინცაძის თანდასწრებით ვუთხარი - შემდეგი ევრობასკეტისთვის ისე გავთვალოთ, რომ მესამე ეტაპზეც დავრჩეთ-მეთქი. ცინცაძემ ლაშა გამყრელიძეს ხუმრობით უთხრა - ხედავ, ჟურნალისტები მაინც უკმაყოფილოები არიან, მეოთხედფინალში გასვლას გვთხოვდნენო.
სხვისი არ ვიცი, მაგრამ ევრობასკეტზე საქართველოს
ჰოდა, ლოგიკურია, რომ ევრობასკეტიდან თბილისში დაბრუნებულ გუნდს აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა. როგორც ლიტვის დარბაზებს, გულშემატკივრებმა ქართული საყვირებით ჭერი აეროპორტსაც ახადეს. ისინი ესალმებოდნენ კალათბურთელებს, ავტოგრაფებს ართმევდნენ და სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ.
მომქანცველი მარათონიდან დაბრუნებულმა მოთამაშეებმა კიდევ ერთხელ იგრძნეს, რომ საქართველოსთვის დიდი საქმე გააკეთეს. ისინი გულშემატკივრებს მადლობას უხდიდნენ როგორც ლიტვაში ქომაგობისთვის ასევე დახვედრისთვის.
- რთული იყო ერთმენეთის მიყოლებით რვა მატჩის ჩატარება. ასეთი გრაფიკით ჯერ არ გვითამაშია, მაგრამ ევრობასკეტზე გამოვდიოდით და ადრე თუ გვიან ასეთი სისტემით თამაშიც უნდა გამოგვეცადა. რაც მთავარია, არც ერთი მეტოქისთვის მიგვიცია იოლად მოგების შანსი, პირიქით, წაგებული მატჩების უმეტესობა ბოლო წუთებზე დავთმეთ. დებიუტანტების კვალობაზე ურიგოდ არ გვითამაშია. მთავარია, რომ ახალგაზრდებმაც დაინახეს - ქართველებს ევროპაზე თამაში შეგვიძლია, რაც მათ სტიმულად უნდა გამოადგეთ, - აღნიშნა მანუჩარ მარკოიშვილმა.
გიორგი შერმადინი დაგვპირდა, რომ გუნდი ყველაფერს გააკეთებს ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად:
- ლიტვაში ძლიერ გუნდებს ვეთამაშეთ და დიდი გამოცდილება მივიღეთ. ბევრი რამ ვისწავლეთ, რაც მომავლისთვის აუცილებლად წაგვადგება. მომავალ წელს შესარჩევი ტურნირია, შემდეგ ევრობასკეტი, ყველა ღონეს ვიხმართ, რომ სლოვენიაში გასამართ ევროპის 2013 წლის ჩემპიონატს არ გამოვაკლდეთ.
აეროპორტიდან გამოსული კალათბურთელები მანქანებში დანაწილდნენ და შინისკენ გასწიეს. საქართველოში მხოლოდ მარკიზ ჰეინსი, ლაშა ფარღალავა და ვლადიმერ ბოისა არ ჩამოსულან. მარკიზმა ესპანური "გრან კანარიისკენ" გასწია, ბოისამ - სლოვენიისკენ, ხოლო ფარღალავა ბალტიისპირეთში დარჩა, სადაც მისი "სოხუმი" შეკრებას გადის.
საქართველოში ჩამოსული ნაკრების წევრები 3-4 დღეში აიღებენ გეზს დასავლეთისკენ და საკუთარ კლუბებს მიაშურებენ. რაც შეეხება გიორგი ცინცაძეს, იგი ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში 18 სექტემბერს გაფრინდება და 20-ში მუხლის ოპერაციას გაიკეთებს.
ვაჟა სიმონიშვილი ვილნიუსი-თბილისი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"