გიორგი ცინცაძე: ოპერაციის შემდგომი პერიოდი 6 თვემდე გასტანს

AutoSharing Option
მაკედონიასთან მატჩის მე-17 წუთზე გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე მეტოქის კალათისკენ დაიძრა, თუმცა იგი წესების დარღვევით შეაჩერეს და სერიოზული ტრავმაც მიიღო. გიორგი თანაგუნდელებმა ხელში აყვანილი გაიყვანეს. ექიმებმა კი დაუდგინეს, რომ ოპერაცია სჭირდება.

საქართველოს ნაკრები სერბეთი-თურქეთის მატჩს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს. სწორედ ამ დროს ჩავწერეთ გიორგი ცინცაძესთან ინტერვიუ. თავდაპირველად ტრავმის შესახებ ვკითხეთ.

- სერიოზული დაზიანებაა, მუხლის წინა ჯვარედინი მყესი არის გაწყვეტილი, რომლის აღდგენაც ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. ოპერაციის შემდგომი პერიოდისთვის კი 4-დან 6 თვემდეა საჭირო. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად ეფექტურად წარიმართება რეაბილიტაცია.

-
ტრავმა მაკედონელთან დაჯახების შედეგია, თუ მანამდეც იყო წინაპირობა?

- მანამდე მუხლზე პრობლემა არ მქონია. უბრალოდ მატჩისას იმდენად შემიბრუნდა, რომ მყესის გაწყვეტა გამოიწვია. ვერ ვიტყვი, მეტოქის ბრალი იყო-მეთქი, მუხლზე არ დამჯახებია.

- ოპერაციას ლიტვაში გეგმავ?
- კაუნასში 20 სექტემბერს ცნობილი სპეციალისტი გამიკეთებს ოპერაციას - კლეიზას, მაჩიულისის, კაუკენასისა და სხვა ცნობილი კალათბურთელების ექიმი. საკმაოდ კვალიფიცირებული სპეციალისტია, მირჩიეს და მეც გადავწყვიტე ოპერაცია ლიტვაში გავიკეთო. რეაბილიტაციის პერიოდსაც აქ გავივლი. აქვე შემთხვევით ვისარგებლებ და მადლობას მოვახსენებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, რომელიც ოპერაციისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო ყველა ხარჯს საკუთარ თავზე იღებს.

- ახლა საქართველოს ნაკრების ევრობასკეტზე გამოსვლას შევეხოთ.
- გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი ვარ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საქართველოს ნაკრები საუკეთესო 12 გუნდს შორის მოხვდა. ეს დებიუტანტისთვის დიდი მიღწევაა. ვერ ვიტყვი, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე შემთხვევით მოვხვდით და ეს სხვისი დამსახურება იყო. პირველ რიგში ეს ჩვენი დამსახურებაა, ორ მატჩში (უკრაინასთან და ბელგიასთან) ეფექტურად გავიმარჯვეთ. ფავორიტებთან, რუსეთთან და სლოვენიასთან ბოლო წამებამდე ვიომეთ და მეორმოცე წუთამდე ვერავინ იტყოდა, საქართველო წააგებდა თუ მოიგებდა. საერთო ჯამში სპეციალისტებიც ამბობენ, რომ ევრობასკეტზე კარგი კალათბურთი ვითამაშეთ.

- არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქმე დებიუტანტ გუნდთან გვაქვს.
- ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოვხვდით და შესაძლოა, ცოტას ვნერვიულობდით კიდეც. წლეულს დიდი გამოცდილება მივიღეთ და ვფიქრობ, თუ შემდეგშიც მოვხვდებით მსგავს ფორუმზე, გაცილებით უკეთესად და დამაჯერებლად ვითამაშებთ.

- განსაკუთრებით ეფექტურად უკრაინასთან გაისარჯე...
- იმ მატჩშიცა და საერთოდაც, გუნდური კალათბურთი ვუჩვენეთ და ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ მე გამოვირჩეოდი უკრაინასთან. უბრალოდ მეტი ქულა ჩავაგდე (14).

- თან, იმ მომენტში, როცა მატჩის ბედი წყდებოდა...
- სხვადასხვა დროს სხვადასხვა კალათბურთელს მოჰქონდა სარგებელი. ხან მანუჩარ მარკოიშვილი იყო საუკეთესო, ხან ზაზა ფაჩულია, ხან ვიქტორ სანიკიძე... სწორედ ესაა გუნდური თამაშის შედეგი. როგორც უკვე ვთქვი, დიდი გამოცდილება მივიღეთ, რაც სამომავლოდ ძალიან გამოგვადგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge

Sportall.Ge



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული